CHANEL Connects-ის პოდკასტების სერიაში, კირა ნაითლიმ სექსის სცენებში მონაწილეობაზე საკუთარი დამოკიდებულება გააჟღერა და აღნიშნა, რომ კაცი რეჟისორის ფილმში ინტიმურ სცენებს აღარ ითამაშებს.
კირა ნაითლიმ თავისი კარიერით დაამტკიცა, რომ თანაბარი წარმატებით შეუძლია ცნობილი ნაწარმოებების ეკრანიზაციებში მთავარი როლების მორგება, ისტორიულ პიროვნებათა განსახიერება თუ რომანტიკული კომედიებისთვის საჭირო სიმსუბუქის მიღწევა. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა შიშველ სცენებშიც, თუმცა, როგორც ჩანს, მისი დამოკიდებულება შეიცვალა: მისი თქმით, სექსის სცენებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, მაგრამ ეს კაცის თვალთახედვით არ უნდა იყოს გადაღებული.
"სექსის სცენებზე აბსოლუტური აკრძალვა არ მაქვს, მაგრამ თუ კაც რეჟისორებზე მიდგა საქმე, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურიც კია. ეს უბრალოდ არაფრის მომცემია და თან მხოლოდ კაცის მიერ ქალის სხეულის სექსუალიზებას ახდენს. თუ ამბავი დედობის გამოცდილებაზე და სხეულის მიღებაზე უნდა მოვყვე, მირჩევნია, ეს ქალ რეჟისორთან ერთად გავაკეთო. კაცის ხედვისთვის ხორცის შესხმა დიდი დისკომფორტია", — აღნიშნა მსახიობმა და დაამატა — "აღარ მინდა მონაწილეობა მივიღო სექსის ამაზრზენ სცენებში, სადაც ოფლში გაწურული ხარ და ყველა ხვნეშის. უბრალოდ ეს არ მაინტერესებს".
ნაითლის ბოლო ფილმი, Misbehavior 2020 წელს გამოვიდა, კომედიისა და დრამის ჟანრის ფილმი, 1970-იანი წლების, ლონდონის ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობის ამბავს გვიყვება, მომდევნო პროექტი კი ქალი რეჟისორის კომედიური ფილმი Silent Night იქნება.