მაშინდელი თავდაცვის მინისტრი შაშკინი ვიწრო წრეში ტრაბახობდა იმით, რომ მაშინდელი ამერიკის ელჩი ჩააყენა საქმის კურსში და ელჩმა სააკაშვილზე ზეწოლით ამ წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხა. დღეს ტრაბახობენ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთო, ასე არ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არა ამერიკელების ჩარევა, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამას ამბობენ ჩვენი პარტნიორი ამერიკელები, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ იმ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინააღმდეგობა იგეგმებოდა, რისი მოთავეებიც ძმები ახალაიები იყვნენ. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი შაშკინი ვიწრო წრეში ტრაბახობდა იმით, რომ მაშინდელი ამერიკის ელჩი ჩააყენა საქმის კურსში და ელჩმა სააკაშვილზე ზეწოლით ამ წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხა. დღეს ტრაბახობენ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთო, ასე არ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არა ამერიკელების ჩარევა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინი, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების კონტექსტში, საქართველოზე ისაუბრა და მაგალითად 2012 წლის არჩევნები მოიყვანა. მან მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გაიხსენა და განმარტა, რომ არჩევნების მეორე დღეს ექსპრეზიდენტი დაარწმუნეს და ხელისუფლებაში დარჩენა გადააფიქრებინეს. ჯინ შაჰინი თქმით, ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პირზე, რომელიც ამომრჩეველმა აირჩია.