გიგა ბოკერია: მინდა, დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, აშშ-ში დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება

გიგა ბოკერია: მინდა, დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, აშშ-ში დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად მყარია იქ, რომ ლიბერალურ დემოკრატიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

გიგა ბოკერიამ ასევე დამშვიდებისაკენ მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც პუტინისა და შავრაზმულ პროპაგანდას არის აყოლილი.

ბოკერიას თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ყველა შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერი.

„მინდა გამოვეხმაურო ნებით თუ უნებლიედ, სიბრიყვით, ნიანგის ცრემლებით თუ გულწრფელი განცდების გამო აღელვებულ იმ ხალხს, ვინც ამ პუტინის პროპაგანდას და შავრაზმულ პროპაგანდას არის აყოლილი და დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, რომ შეერთებული შტატები არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია იქ, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება შეერთებულ შტატებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანა, რომ ის დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩება ყველა შემთხვევაში საქართველოს, ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.