ინგრედიენტები
300 მლ. წყალი ან რძე
2 ს/კ საფუარი
900 გრამი ფქვილი
50 გრამი ზეთი
1 ჩ/კ შაქარი
1 ჩ/კ მარილი
700 გრამი იმერული ყველი
4 ცალი მოხარშული კვერცხი
1 ცალი კვერცხი
1 ს/კ წყალი/რძე
მომზადება
შეათბეთ წყალი/რძე 35ჩ გრადუსამდე, შეურიეთ მარილი და გახსენით საფუარი.
ჩაყარეთ 600 გრამი ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაუმატეთ საფუარიანი წყალი/რძე და ზეთი. ღვეზელისთვის ოქროსფერი შეფერილობის მისაღებად, ჩაუმატეთ შაქარიც. მოზელილი რბილი ცომისგან გააკეთეთ ბურთი, შეფუთეთ და 2 საათით დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად.
შემდეგ ჩაუმატეთ ცომს 150-200 გრამი ფქვილი და ერთხელაც მოზილეთ. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გაყავით მიღებული ცომი ოთხ თანაბარ ნაწილად. შეფუთეთ(გადააფარეთ კულინარილი ცელოფანი) და დატოვეთ თბილ ადგილას 10 წუთით.
დაფშხვენით ყველი. 4 ცალი მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე. ხელით გააბრტყელეთ ცომის ბურთები 4-5 მილიმეტრის სისქეზე. თითოეულის ცალ მხარეს გადაანაწილეთ ყველი და განათავსეთ კვერცხის ორი ნაჭერი. ზევიდან გადმოაკეცეთ ცომის მეორე ნახევარწრე და კიდეებზე თითების დაჭერით შეუკარით პირი.
განაცალკევეთ ერთი კვერცხის გული ცილისგან. ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი/რძე და კარგად გათქვიფეთ.
მოაყარეთ ფქვილი საცხობ ლანგარს, განათავსეთ მასზე ნახევარმთვარისებური გურული ღვეზელები და მოაცხეთ ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული. შედგით ღუმელში და აცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე, 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია!