გიორგი ბარამიძე გრიგოლ ვაშაძეზე: თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური საქმიანობა რა არის?

გიორგი ბარამიძე გრიგოლ ვაშაძეზე: თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური საქმიანობა რა არის?

პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბარამიძემ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს ასეთი საქციელი არ მართებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასობით ათასი ადამიანის პარტია, მხარდამჭერები გვყავს და წევრები გვყავს, უამრავი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, ვისაც მე არ მოვწონვარ, ან ვინც მე არ მომწონს, მერე რა? პარტიის თავმჯდომარეა, არ მოგწონს? გაატარე - შენ შენი ავტორიტეტი უნდა გქონდეს პარტიაში, რომ თუ ვინმე ოდიოზური გამოჩნდა და თვლი, რომ ვნებს პარტიას ეს ოდიოზური პიროვნება, ის დარჩეს უმცირესობაში და მისმა აზრმა არ გაიმარჯვოს. პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის? ვიღაც არ მომეწონა პარტიაში, ამის გამო დავიხურო ქუდი და სადღაც გავიქცე, არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს. ჩვენ ბრძოლაში ვართ მთელი ეს წლებია, რაც ეს პარტია არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ოპოზიციაში, მერე ხელისუფლებაში და მაშინაც ვიბრძოდით და ახლა მითუმეტეს, ვიბრძვით არამარტო იმ პრობლემებზე რაც საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის პრობლემაა, პარალელურად ჩვენ გვებრძვის ხელისუფლება. არ მოეწონა? შეიძლება მეც არ მომწონს იგივე ადამიანები და ერთად უნდა გვებრძოლა, რა პრობლემაა? მაგრამ კონკრეტულად ვის გულისხმობს, ეს მან უნდა თქვას“, - განაცხადა ბარამიძემ.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.