„ქართული ოცნების" წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს, თუმცა ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდეც აცხადებდა, რომ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენის შემთხვევაში მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა იქნებოდა გიორგი გახარია.
„დღეს, უკვე მისი კანდიდატურა უმრავლესობის მერ ოფიციალურად დასახელდა. ამის შემდეგ გიორგი გახარია მთავრობის წევრთა შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად, თუმცა ვიდრე ამ შემადგენლობის წარდგენა მოხდება, უმრავლეობასთან კონსულტაციები იქნება. ეს ამ კვირაშივე, უახლოეს დღეებში იქნება. ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუმცა მინისტრების დასახელების პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული მინისტრები, ცხადია, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ძალიან მალე გახდება ცნობილი ეს საზოგადოებისთვის.
თუმცა, პრემიერ - მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს უმრავლესობის შეკრება. პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ორ კვირას, ეს არის ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს მთავრობის დაკომპლექტება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.