თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჟენევაში დღეს საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები იკრიბებიან.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია ქართულ მხარეს ფორმატის ფარგლებში ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.
მათი შეფასებით, ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი, სადაც საქართველო რუსეთს საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით ესაუბრება, რაც რუსულ მხარეს დისკომფორტს უქმნის.
"ჯერჯერობით, არანაირ გარღვევას ამ მიმართულებით არ ველოდები. ჩვენ რომ ვნახოთ კონკრეტული შედეგი, მთავარი არის რა პოზიცია ექნება ქართულ მხარეს შეხვედრებზე, რამდენად ძლიერად იქნება ის წარმოდგენილი. ჩვენ ახლა რასაც ვუყურებთ ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად არცერთი ნაბიჯი არ გადამდგარა იქითკენ, რომ კონკრეტული შედეგი მიგვეღო მოლაპარაკების პროცესში. თუმცა ეს ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით ვისაუბროთ და ეს ფორმატი აუცილებლად გასაგრძელებელია," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუამაშვილმა.
"ჟენევაში საქართველოს რუსეთს ესაუბრება ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების თანდასწრებით. რა თქმა უნდა ეს არ არის კომფორტული რუსეთისთვის. რუსეთისთვის არის კომფორტული აბაშიძე-კარასინის ფორმატი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ სრული ჰარმონია და თანხვედრა ჰქონიათ საქართველოს და რუსეთს გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით. მთავარი არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაღალი დონის საერთაშორისო დღის წესრიგიდან ჩვენი ოკუპაციის საკითხი მოხსნა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
51-ე რაუნდზე ქართული მხარე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე აპირებს საუბარს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე და კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას.
ქართული დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ გათავისუფლებას მოითხოვს. მათ შორისაა ირაკლი ბებუა, რომელსაც 9 წლიანი უკანონო პატიმრობა სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორისა და სპიკერის მარი ნარჩემაშვილის თქმით, დისკუსიების ფორმატში აუცილებლად დადგება საკითხი ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჯგუფის შეხვედრების აღდგენისა და მათი შეუფერხებელი ფუნქციების აუცილებლობის შესახებ.