პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების რესურსი ამოწურული არ არის.
მისი თქმით, პარტია "მოქალაქეების" ამოცანაა, მოლაპარაკებების გაგრძელებას ხელი შეუწყოს.
"არ მგონია, რომ მოლაპარაკებებზე რომელიმე ოპოზიციური პარტია არ წამოვიდეს, ასეთი რამე, მგონი, არ მოხდება. ყველანი მივალთ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა გვაქვს ამოცანა, ეს მოლაპარაკებები გადავარჩინოთ.
ასე ცალსახად არავინ არაფერს არ დათანხმდება. ჩვენ ვხედავთ რესურსს, რომ ამ მოლაპარაკებებიდან, საბოლოო ჯამში, გამოვიტანოთ ძალიან დიდი შედეგი და პრაქტიკულად, ყველა პუნქტზე მივაღწიოთ შეთანხმებას. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, ჩვენ არაფერს ხელს არ მოვაწერთ. როცა მოლაპარაკებები დასრულდება, მერე ავტომატურად არც მანდატი გექნება და არც არაფერი, რადგან არ შეხვალ პარლამენტში,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.