მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 24 საათი რჩება. დღევანდელი დღე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველ შეკრებამდე მოლაპარაკებისთვის ბოლო ვადა იყო, თუმცა, მეხუთე რაუნდი დღეს არ გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდის შემდეგ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მოლაპარაკების პროცესი დააზიანა.
მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისია, რომელსაც "ქართული ოცნება" დაამტკიცებს, არჩევნების დარღვევებს ობიექტურად არ გამოიძიებს.
"ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც გუშინ, პრაქტიკულად, მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა თავისი შანტაჟისა და მუქარით ოპოზიცის მიმართ, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა, დღეს რაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობა" მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც "ქართული ოცნება" პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი.
ეს არის სრული აბსურდი, საგამოძიებო კომისიის შექმნა. ვინ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, კობახიძემ და თალაკვაძემ?! ერთი თვე და ათი დღეა გასული არჩევნებიდან. თქვენ რა გგონიათ, რომ ის დალუქული ბიულეტენები ასეთ მდგომარეობაში დარჩებოდა?! იქ ხომ ყველაფერი გადასწორებული და ჩასწორებულია უკვე. მე არ გამოვრიცხავ, იმ საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს, რომ "ქართულ ოცნებას" გაცილებით მეტი ხმა აქვს აღებული, ვიდრე დღემდე ჰქონდა,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
იგივე აზრზეა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძეც, თუმცა აღნიშნავს, რომ სანამ მოლაპარაკებებისთვის მცირე რესურსი მაინც არსებობს, ოპოზიცია ამისთვის მზად არის.
"კობახიძისა და "ქართული ოცნების" გუშინდელი განცხადების შემდეგ, ნამდვილად გაჭირდება მოლაპარაკებების გაგრძელება. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მზადაა კვლავ გააგრძელოს მოლაპარაკება და უმცირესი რესურსი სანამ რჩება მოლაპარაკებისთვის, აუცილებლად მივალთ მოლაპარაკების რაუნდზე.
მოვიდეს ამ წინადადებით და განვიხილავთ. გარდა ამისა, პოლიტპატიმრების თემის გარეშე არანაირ მოლაპარაკებას, ანუ, ყველა კომპრომისულ პუნქტებზე უნდა იყოს მსჯელობა და არა რომელიმეზე ამოგლეჯილად. კომისიის შექმნა, რომელიც "ოცნების" უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს, ძალიან ბუნდოვანია და მარტო ეს არ არის საკმარისი,"- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გაასკეცდება, რადგან, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი უკვე დამტკიცდა.
"ერთი პოზიციის მქონე პარტიების გეგმა საჯაროდ ცნობილია, რომ სამართლებრივად გაფორმდეს ამ პარლამენტის სიყალბე და "ქართული ოცნება" მოექცეს სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში. ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდება და ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", გამომდინარე იქიდან, რომ შედგა საბჭოთა, კომუნისტური პარლამენტი, გაასკეცდება და სხვა გზა, უბრალოდ არ არსებობს,"-განაცხად გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გამართული, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ რამდენიმე ინიციატივა დააანონსა. მისი განცხადებით, ბოიკოტში მყოფ ოპოზიციონერებს მანდატებს შეუჩერებენ, ხოლო ამავე პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ, რისთვისაც კანონპროექტს დააინიცირებენ;
ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტში არჩევნების შედეგების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ან/და ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას შეუზღუდავს.