ყველა ძალას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, რომ ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა. ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, და არა ქუჩა უნდა იყოს ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგად ესმის პოლიტიკურ სპექტრს და ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, სწორად გაიგოს საქართველოს მოქალაქის ეს გზავნილი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მთავრობის სხდომა უნდა დავიწყოთ არსებული პოლიტიკური სიტუაციის შეფასებით. ჩვენი მოსახლეობის პირდაპირი დავალებაა, რომ ამ სიტუაციიდან სწრაფი გამოსავალი ვიპოვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამას მოქალაქეების მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ეს მანდატი იყო და არის ქვეყანასა და მის მომავალზე პასუხისმგებლობის მანდატი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ - როდესაც რეგიონში მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი, გლობალური პანდემია სულ უფრო იკრეფს ძალას, ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო მძიმდება. ეს იყო პირდაპირი გზავნილი თითოეული პოლიტიკური ძალისთვის - ერთად მოუარეთ ქვეყანას და იპოვეთ გამოსავალი კრიზისებიდან ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში. სწორედ ეს არის ძირითადი პასუხისმგებლობა, რომლითაც საქართველოს მოქალაქემ აღჭურვა 9 პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ახლა ყველაზე მეტად მდგრადი პოლიტიკური პროცესი გვჭირდება, რათა საქართველოს ამბიციური ევროპული გეგმის შესრულება გავაგრძელოთ.
„არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც უნდა იყოს კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების. ყველა ძალას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, რომ ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა. ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, და არა ქუჩა უნდა იყოს ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგად ესმის პოლიტიკურ სპექტრს და ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, სწორად გაიგოს საქართველოს მოქალაქის ეს გზავნილი“, - განაცხადა გახარიამ.