2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში „ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.“სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოვლენების ამგვარი აღწერა არ შეესაბამება რეალობას. რეალური ფაქტები მდგომარეობს შემდეგში: 31 ოქტომბერს 11:25 სთ-ზე ქსნის N15 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების დელეგაცია ხუთი პირის შემადგენლობით. ომბუდსმენის წარმომადგენლები დაწესებულებაში მოწყობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ და უბანზე მსჯავრდებულების შესვლის პროცესს აკვირდებოდნენ. ამ დროს მათ მიუახლოვდა 4-5 მსჯავრდებული და უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და N15 დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს.
ამ ნიადაგზე მსჯავრდებულებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკამათება, რისი განმუხტვის მცდელობაც ჰქონდათ იქვე მყოფ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგელებმა დაწესებულების დირექტორისგან მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების ურთიერთობაში არ ჩარეულიყო და ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, დაწესებულების ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ახლოს იდგნენ და საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტში ჩარევისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულების გარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით დღეს ასევე იმყოფებოდნენ N8 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში.