მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი", თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჰ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - ,,თბილისი", უფლებამოსილი მებაჟე ოფიცრის მიერ, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საყოფაცხოვრებო საქონელი და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64,088.99 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.