U.S.News&World Report-ის 2021 წლის დარგობრივი რანჟირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 61 პოზიციით დაწინაურდა და 195-ე ადგილს იკავებს.
U.S.News&World Report-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Best Global University Ranking) თსუ 398-ე ადგილზეა და კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც 1500 საუკეთესოთა შორისაა. 2021 წლის რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის 1500 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა.
თსუ-მ რეიტინგით გაუსწრო ევროპის ქვეყნების და აშშ-ის ცნობილ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებს, მათ შორის გისენის (გერმანია), კობეს (იაპონია), ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ჯორჯიის და სან-დიეგოს სახელმწიფო (აშშ) უნივერსიტეტებს, შტუტგარტის (გერმანია), ესექსის (ბრიტანეთი), მასარიკის (ჩეხეთი), კოიმბრას (პორტუგალია), ქვინსის (აშშ), ლონდონის ბიზნესის სკოლას (დიდი ბრიტანეთი), ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტს, სალამანკას (ესპანეთი) უნივერსიტეტს, სოფიას (ბულგარეთი) და იენას ფრიდრიხ შილერის სახელობის (გერმანია) უნივერსიტეტებს.
U.S.News&World Report უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რომელიც უნივერსიტეტების აკადემიურ, კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები, ასევე ითვალისწინებენ უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას, ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს - 266 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზე კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტია. ლიდერ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი 203 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი - 87, იაპონია - 85, საფრანგეთი 81, გერმანია 71 უნივერსიტეტით და იტალია - 60 უნივერსიტეტით.
U.S.News&World Report მიიჩნევს, რომ გლობალური რანჟირება საუკეთესო მაჩვენებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლით არიან დაინტერესებულნი და მეტ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო რეპუტაციას.