ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე: ,,სადახლო-საავტომობილო" და ,,სარფი", სამართალდარღვევები გამოვლინდა.
კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მართავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის ფ.ა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე აღნიშნულ ტრანზიტულ ტვირთს წითელი დერეფანი განესაზღვრა და შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა.
შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა 3728 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 288 893 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო", ავტომანქანას, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე გ.გ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 11928 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩნდა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, 11928 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.