ყველა ახალდაკავებული ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებამდე PCR ტესტირებას გაივლის

ყველა ახალდაკავებული ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებამდე PCR ტესტირებას გაივლის

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა. კერძოდ, ის ახალდაკავებული პირები, რომლებიც სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან როგორც სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, ან/და დანარჩენ კონტიგენტთან შერევამდე, PCR ტესტირებას გაივლიან. მოცემული ცვლილება 12 ოქტომბერს ამოქმედდა და PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ 71 ბრალდებულს, რომელთა პასუხები იყო უარყოფითი.

პენიტენციურ სისტემაში დღემდე მოქმედი სამედიცინო პროტოკოლით, საეჭვო სიმპტომების, ან ეპიდანამნეზის მქონე ყველა ახალდაკავებული ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თავსდებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, ან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ასევე საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ხდებოდა მოცემული პირების სწრაფი ტესტით შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში (N8 - გლდანის, N5 - ქალთა და N2 ქუთაისის), სადაც ასევე სპეციალურ საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში თავსდებოდნენ.

12 ოქტომბრიდან კი როგორც სამოქალაქო კლინიკაში, ასევე მიმღები დაწესებულებების საკარანტინო სივრცეში განთავსებული პატიმრები 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტთან მათი შერევა.

მოცემული ცვლილება არის კიდევ ერთი პრევენციული ღონისძიება, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პენიტენციური სისტემის ვირუსისგან დასაცავად შეიმუშავა.