ხუდონჰესის მშენებლობა 1988 წელს შეჩერდა, (მაგრამ არ დაკონსერვებულა) მაშინ, როცა მთლიანად დასრულებული იყო მიწისქვეშა სამანქანო ნაწილის მშენებლობა და კაშხლის აგების პროცესის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული იყო. შესრულებული სამუშაოების ღირებულება ასეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.
მშენებლობის შეჩერებამდე და მის შემდგომ თითქმის 25 წელიწადზე მეტი გავიდა და საზოგადოება, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივი დებატების რეჟიმშია: გვინდა თუ არა ხუდონჰესის მშენებლობის გაგრძელება, უნდა ავაშენოთ თუ არა წყალსაცავიანი ჰიდროსადგური, რომელი ენერგეტიკული რესურსის განვითარებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, არის თუ არა საქართველოში განახლებადი წყაროების ათვისების პოლიტიკა, და საერთოდ, როგორ უნდა განვითარდეს ენერგეტიკა განახლებადი ენერგიის ხარჯზე.
აქვე რამდენიმე რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ - უნდა გამოიყენოს თუ არა საქართველომ საკუთარი ჰიდრორესურსი? გვაქვს თუ არა სხვა რაიმე ალტერნატიული ენერგიის წყარო?ტარდება თუ არა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ასათვისებლად რაიმე სახის პროტექციონისტური პოლიტიკა? რა სიმძლავრის ჰესი შეიძლება მივაკუთნოთ განახლებად ენერგიის წყაროს?
ყველაფერს ამ ქვეყანაზე თავისი ფასი აქვს, ელექტროენერგიასაც და მისი გამომუშავებისათვის გამოყენებულ წყაროებს. სანამ ზემოთ დასმულ კითხვებს გავცემდე პასუხს, მინდა, რომ მკითხველმა იცოდეს დაახლოებით თუ რა ფასი ეღირება სხვადასხვა ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ენერგია 2020 წლისათვის. (გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება-2020 წლისთვის წიაღისეულზე, ატომურზე და განახლებად ენერგიაზე, წყარო: ევროკომისია, სტრატეგიული ენერგეტიკული ტექნოლოგიების საინფორმაციო სისტემა)
ბუნებრივ გაზზე (გაზოტურბინა, კომბინირებული ციკლი. ) - 75-95 ევრო/მგვტსთ
ნახშირზე - 70-80 ევრო/მგვტსთ
ატომური - 60 ევრო/მგვტსთ
ბიოგაზი - 55 ევრო/მგვტ
ქარი - 60-80ევრო/მგვტსთ
ჰიდრო (დიდი) - 45 ევრო/მგვტსთ
ჰიდრო(მცირე) - 70 ევრო/მგვტსთ
მზის (ფოტოვოლტაიკი) - 320 ევრო/მგვტსთ
მოყვანილ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ნათელია რომ ყველაზე იაფიანი ელექტროენერგია იწარმოება ბუნებრივი გაზით, (სამწუხაროდ ამ ენერგეტიკული წყაროს სამრეწველო რესურსები საქართველოს არ გააჩნია) ატომურით, ნახშირით, ხოლო განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ჰიდრო და ქარის ენერგია კონკურენციის გარეშე არიან ზემოთ მოყვანილი პარამეტრების მიხედვით. ატომურს რაც შეეხება, „ფუკუსიმას“ რეაქტორზე მომხდარმა ავარიამ აიძულა უამრავი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა რეაქტორების უსაფრთხოება და საერთოდ ატომური ენერგეტიკის განვითარება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.
იაფი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან საქართველოს ნამდვილად აქვს შანსი უახლოეს პერიოდში დაიწყოს ქარის ენერგეტიკის ათვისება, რომლის პოტენციალი ჩვენში ნამდვილად არის, და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია. კერძოდ, შედგენილია ქარის ატლასი, რომელიც შესაძლებელია პროექტირების ადრეულ სტადიაზე გამოდგეს კონკრეტული პროექტების წინასწარი შეფასებებისათვის. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს გარკვეული პროტექციონისტური პოლიტიკა ქარის ენერგიის ათვისების საქმეში. ამ მიმართულებით უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს ქარის ენერგეტიკის განვითარებას და მას პრიორიტეტულს გახდის.
იაფი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან საქართველოში ჰიდრორესურსების საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს და ასევე საკმაოდ დიდია გამოცდილება მისი ათვისების საქმეში. საქართველოს შეუძლია წლიურად გამოიმუშავოს 32000გვს ჰიდროენერგია, რაც დაახლოვებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს ენერგოსისტემა დღეს გამოიმუშავებს.
შედარებისათვის, შვეიცარიაში რომლის ტერიტორია 41284 კმ2 შეადგენს (საქართველოს ტერიტორია 69700კმ2) დღეისათვის ფუნქციონირებს 556 ჰიდროელექტროსადგური (საქართველოში მხოლოდ 60-მდე ჰესია!!!) და მათი ჯამური გამომუშავება დაახლოებით 35800 გვსთ, მათ შორის 49% წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურია.
შვეიცარიაში წარმოებული ჰიდროენერგიის ორი მესამედი გენერირებულია ისეთ კანტონებში, როგორიცაა: ური, გრისონსი, ტიჩინო და ვალლისი. (ვინც შვეიცარიაშია ნამყოფი კარგად იცის თუ რა დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია ამ „წყალსაცავებიან“ კანტონებს და როგორ კარგად იყენებენ ამას შვეიცარიაში).
ანალოგიური სიტუაციაა ავსტრიაში (ტერიტორია 83855 კმ2) სადაც ჯამური გენერაციაა 64000 გვსთ, ხოლო ამ ციფრის ორ მესამედს გამოიმუშავებენ სწორედ ჰიდროსადგურები. ხოლო წყალსაცავიანი ჰესების გამომუშავება შეადგენს დაახლოებით 10250გვსთ.
ამ ქვეყნებში ჰიდროსადგურების მშენებლობის ბუმი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარზე მოდის. მაგალითად, შვეიცარიაში 9 კაშხალია, რომელთა სიმაღლე 150 მეტრზე მეტია, ხოლო 4 კაშხალი 200 მეტრზე მეტი და მათ შორის უდიდესი გრანდ-დიკსენსი 285 მეტრია (ინფორმაციისთვის ენგურის კაშხლის სიმაღლე 271,5 მ-ს შეადგენს). ბოლო რამდენიმე სხვა და სხვა სიმაღლის კაშხლი შვეიცარიაში აშენდა 2000 წელს.
ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდ პლუსია დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები, რაც გრძელვადიან ჭრილში მას ყველაზე იაფიანი ენერგიის წყაროდ აქცევს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ქვეყანას, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია უნდა მიიღოს მყარი და მტკიცე გადაწყვეტილება ამ სიმდიდრის ასათვისებლად, ეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და მისი მომავალი განვითარების მდგრადობის უზრენველყოფისათვის ნამდვილად აუცილებელია.
ნათელია, რომ მსოფლიოში უხსოვარი დროიდან კაშხლები (უძველესი და ალბათ პირველი კაშხალი აშენდა ქალაქ მემფისთან ახლოს ეგვიპტეში მე-2 ათასწლეულს ჩვენ წელთაღრიცხვამდე) და წყალსაცავები თამაშაობდნენ მნიშვნელოვან როლს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ იყენებდნენ ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა ელექტროენერგიის წარმოება, წყალდიდობებთან ბრძოლა და ირიგიაცია. მაგრამ, ამავდროულად დიდი კაშხლები და წყალსაცავები მუდმივი საერთაშორისო დებატებისა და წინააღმდეგობების გამოწვევის მიზეზიც იყვნენ. ფაქტობრივად, ამ დავებმა და მეტად პოლარიზებულმა დისკუსიებმა მრავალ ქვეყანაში გახლიჩეს საზოგადოების ჯგუფები კაშხლების მშენებლობის და წყალსაცავების შექმნის მომხრეებად და მოწინააღმდეგად. ბუნებრივია, რომ საზოგადოების ნაწილში არის შიში, რომ დიდი კაშხლების და წყალსაცავების პროექტების განხორციელება იწვევენ გარემოზე ზემოქმედების შეუქცევად ცვლილებებს, ხშირ შემთხვევაში, ადამიანთა გარკვეული რაოდენობის გადასახლებას, რაც ნამდვილად არ არის უმტკივნეულო პროცესი.
კაშხლების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ამდაგვარი მშენებლობების სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები უფრო შორს მიმავალია, ვიდრე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმის გამო, რომ ეს მოქმედებები დროში უფრო ხანგრძლივია და ეს ზემოქმედება ხდება როგორც ეკოსისტემაზე ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სტრუქტურებზე.
კაშხლის მშენებლობის მომხრეები კი მიუთითებენ, რომ თანამედროვე მშენებლობის სტანდარტები და გარემოს დაცვის ახალი რეგულაციები აშკარად იძლევიან შანს არა მარტო მინიმუმამდე დაიყვანონ კაშხლების მშენებლობის შედეგად გარემოზე მავნე ზემოქმედება, არამედ პროექტირების, დაგეგმვის და ახალი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ფაქტიურად ნულამდე დაიყვანონ ნეგატიური ფაქტორები.
მსოფლიოში მიღებული ახალი რეგულაციები მოითხოვენ საზოგადოების ჩართულობას პროექტირების ადრეულ ეტაპზეც, რაც ნამდვილად იძლევა იმის გარანტიას, რომ შესრულებული იყოს გარემოსდაცვითი ყველა აუცილებელი მოთხოვნა და ეს მოხდეს არამარტო პროექტირების ეტაპზე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შესრულებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას“ (მსოფლიოში ნამდვილად არიან კომპანიები, რომლებიც ამ სამუშაოებს მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებენ) არამედ განხორციელდეს სრული მონიტორინგი, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე.
რაც შეხება ასეთი პროექტების განხორციელების შემთხვევაში (მსოფლიო პრაქტიკით) იძულებით გადადგილებულ პირებს: მათი განსახლება ხდება შესაბამისი კომპენსაციებით და სოციალური დახმარებით, რითაც უმეტეს შემთხვევაში, ამ ჯგუფებში მოხვედრილ ადამიანებს ნამდვილად ეძლევათ შანსი გაზარდონ თავიანთი შემოსავალი და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.
ყველა ქვეყანაში კაშხლების მშენებლობა და წყალსაცავების შექმნის საკითხი განიხილება ქვეყნისათვის საკუთარი ჰიდრორესურსების გონივრული გამოყენების მიზნით და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად. სწორედ ასეთი მიდგომები იყო იმ ქვეყნებში, რომლებმაც შეძლეს, რომ აეთვისებინათ თავიანთი ჰიდრორესურსების 90%-ზე მეტი. ასეთი ქვეყნების რიგშია: შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და უმეტესი განვითარებული ქვეყნები, საქართველო კი სადღეისოდ, სამწუხაროდ, ისეთი ქვეყნების რიგებშია ამ პარამეტრით, როგორიცაა ტაჯიკეთი, რომელიც ასევე უმდიდრესია ჰიდრორესურსებით, თუმცა მისი ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა და ჰიდროსადგურებიც ნაკლებად გააჩნია, სულ 10 სადგური აქვს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ტაჯიკეთს, მაგრამ მე ნამდვილად მინდა, რომ საქართველო შვეიცარიის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთის და ამდაგვარი ქვეყნების გვერდზე ვიხილო თავისი ჰიდრორესურსების ათვისებისა და ეკონომიკური განვითარების დონით და არა ტაჯიკეთის გვერდით!