საკვირველი მოვლინება „პატარა ბიძინასი“

საკვირველი მოვლინება „პატარა ბიძინასი“

ვაჰ, ეს რა ვნახე, კაცო! ვინც ეს იხილა, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით სამჯერ მაინც განმეორებით ნახა და ყოველ ჯერზე სახტად დარჩა. თვალსა და ყურს არ დაეჯერება! 

თავიდან იაფფასიანი ფალსიფიკაცია მეგონა,  მერე, „ვანოს შოუს“ დამწყები არტისტის უკბილო ხუმრობა, ბოლოს – ვინმე დაბოლილის „ღადავი“... მხოლოდ მესამედ ხილვის შემდეგმეწვია ზეშთაგონება და მივხვდი – თურმე, საკვირველ მოვლინებასთანა მქონდა საქმე.

კასპის ახლადგამომცხვარი  გამგებლისამ მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველ მონოლოგს თავიდან  ვერც ჩვეულებრივ გამოსვლად და ვერც უჩვეულო ქადაგებად ვერ აღიქვამ.ერთ რამეს კი იოლად მიხვდები – მისი  რაციონალურად გაგება სრულიად შეუძლებელია.აშკარად მოგეჩვენება, რომ „კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი“ (როგორც  კასპელმა ქალბატონმა ეს სუბიექტი დაახასიათა) მოჭიდავის „როშვა“, „ბოდვა“, „დაბრეხვება“ და არც ვიცი რა ვუწოდო, მოისმინე. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც ხშირად გვატყუებს, ამიტომ რაც მოისმინე, კარგად უნდა გაიგო, რომ არ ცდუნდე.

დიახ, ბრძენნი მუდამ გვასწავლიდნენ – მთავარი გაგებაა! ჰოდა, თუ გვსურს ამ გამოსვლის გაგება, წინასწარ რაიმე სამუშაო ჰიპოთეზა უნდა შევიმუშავოთ. ბევრი ვიმტვრიე თავი და ბოლოს და ბოლოს ასეთ ჰიპოთეზას მივაგენი: თავიდან ერთი წუთით წარმოვიდგინე –გაუთლელი ხეპრე კი არ გვმოძღვრავდა, არამედჩვენთვის დაფარული ჭეშმარიტება უჩვეულოდ გაცხადდა!.

ნამდვილად ვერ დავიჯერებდი, რომ ახალი ხელისუფლება რეგვენს გამგებლად დააწინაურებდა, ამიტომ, გამორიცხვის მეთოდით დავასკვენი: ამ დიდ გამოსვლასუთუოდ ფარული საკრალური მნიშვნელობა აქვს და მას ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც დიდი წინასწარმეტყველის გამოცხადებას–მეთქი! როგორც კი ეს დავუშვი, გულზეც იმწამსვე მომეშვა, რადგან, მართალია, გამგებლის გაგებას ვერ მივაღწიე, მაგრამ ერთბაშად შევიცან – როგორც იქნა, რაც ხდება, იმის გაგებაში მოვედი–მეთქი ...

ახალგაზრდობაში წამიკითხავს და გამახსენდა: წინასწარმეტყველურ, საკრალური მნიშვნელობის ტექსტს ჩვულებრივ მოკვდავთათვის, რომლებზეც საიდუმლო ინიციაციის მადლი არ გადმოსულა,  გასაგებად კომენტირება სჭირდება, სხვაგვარად იგი შლეგის ნაბოდვარად მოგვეჩვენება!

„ოცნებაში“ „განსწავლულ–განდობილთა“ ვიწრო წრეს არ განვეკუთვნები, ამიტომ მეც ველოდი, რომ კასპის სხივმოსილი გამგებლის ამ უჩვეულო გამოსვლას მისი მომავლინებლების თუ არა, ადგილობრივი „მადლმოსილი მოციქულების“ მხრიდან მაინც რაიმე კომენტარი მოჰყვებოდა, მაგრამ ამაოდ.

მოლოდინმა არ გამიმართლა, არადა, გაგებას ვესწრაფვი, ამიტომ გავკადნიერდი და ვეცადე ჩემი უბადრუკი შესაძლებლობების ფარგლებში თავად მეტვირთა წინასწარმეტყველის კომენტატორის ერთობ საპასუხისმგებლო და რისკიანი მისია. თუ შევცოდე და რაიმე არასწორად გავიგე, იმედია „პატარა ბიძინაც“ მომიტევებს, „დიდი ბიძინაც“ და თქვენც, მკითხველო! რა ვქნა, მე ვცდილობ, თავს ვიმტვრევ და ვწვალობ, რომ ეგებ რამე გავიგო, ეგებ რამეს ჩავწვდე და თქვენც გაგიზიაროთ, ამიტომ ნუ დამძრახავთ!

მაშ ასე, გთავაზობთ: სათანადო მივაგოთ ამ გამოსვლას, მის გასაგებად გავიაზროთ იგი როგორც გამოცხადება, დაფარული ჭეშმარიტების გამჟღავნება, როგორც საკვირველი მოვლინება არა კასპის გამგებლისა, არა ადგილობრივი თვითმმართველობის დიდმოხელისა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ჩინოვნიკისა, არამედ ახალი წინასწარმეტყველისა!

მადლობა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომ შესაძლებლობა გვაქვს ასეთ სასწაულებრივ გამოცხადებებსაც კი ცოცხლად მივადევნოთ ხოლმე თვალი, თანაც რამდენჯერაც გაგვიხარდება და დავტკბეთ. მეც გირჩევთ, სანამ ჩემი ამ საცოდავი კომენტარების კითხვას შეუდგებით, ჯერ ეს გამოცხადება იხილოთ: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/24730-qme-var-patara-bidzina-raionshiq-kaspis-gamgebeli-oleg-iadze.html

... ნამდვილად მშურს მათი, ვისაც ბედნიერება ეწვევა და ამას პირველად უყურებს!

თუკი ეს სასწაული მოვლინება საკუთარი თვალით უკვე იხილეთ,არც მოსმენილის,რომელიც ჩემებრ უბადრუკმა თითქმის სიტყვა–სიტყვითქაღალდზე გადაიტანა,კასპელი იდუმალი წინასწარმეტყველის „წმინდა წერილად“ წაკითხვა აღარ გაგიჭირდებათ! მომიხსენიე, ჰოი. დიდო წინასწარმეტყველო, რადგან ჩემი მოკრძალებული გარჯით არ დაიკარგა, არამედ წარუშლელ წერილად იქცა ეს შენი საკვირველი გამოსვლა!

ტექსტი სამ ნაწილად დავყავი და ნაწილების მიხედვით დავაკომენტარე, თითოეული ნაწილის საკრალური არსის უკეთ გასააზრებლად. პირველ ნაწილში კასპელი წინასწარმეტყველი თავის გასაოცარ უნარს გვიმხელს და ჯერაც გაუგონარ, ზღაპრულ, საგმირო ამბავს გვიამბობს; შემდგომ, მეორე ნაწილში, უკვე მოსმენილი ამბით შემზადებულებს, უდიდეს საიდუმლოს გვაზიარებს და ბოლოს, თუკი ნაზიარებ ჭეშმარიტებას როგორმე ჩავწვდებით და გადავხარშავთ – ახალ ხსნის გზაზე შედგომასაც გვპირდება!

მივყვეთ თანმიმდევრობით:

1. აქა ამბავი ფრიად საკვირველი თათბირისა და რწმუნებულთა ამბორით გასტუმრებისა

კასპელი წინასწარმეტყველის გამოცხადების ჩემს მიერ შედგენილი ტექსტის პირველი ნაწილი ორიგინალში ასე ჟღერს: „რაც მე გუშინ გავაკეთე, ეს საქართველოს არც ერთ რაიონში ასე წყნარად არ მოხდებოდა: ცხრამეტივე სოფლის გამგებელს, ყველა რწუნებულს ჩავუტარე თათბირი, ხუთწუთიანი თათბირი და ისე გავათავისუფლე, ისე წაბრძანდნენ, რომ იტყვიან – სახლებში, რომ ერთმანეთი გადავკოცნეთ და მადლობლები დამრჩნენ...“

აღაპყარით თვალნი ზეცისკენ, მოკვდავნო! განა გსმენიათ ოდესმე მსგავსი სასწაული  ურჯუკ რწმუნებულთა, რომელნიც რყვნიდნენ და სასტიკად განაგებდნენ სოფელსა მას, უეცარი მორჯულებისა? მათ უბადრუკთა იხილეს ძალა და დიდება სხივმოსილისა, სულ ხუთიდე წუთი მიაპყრეს ყურნი მის მჭერმეტყველებას და ჰოი, საკვირველებავ –  განიცადეს გასაოცარი ფერისცვალება: ერთბაშად განიწმინდნენ ბოროტისაგან, უსიტყვოდ აღიარეს წინასწამეტყველის  მადლი და ახალი ხელისუფლებაც;

ისინი მადლობდნენ მოვლენილს, რათა არ განრისხდა იგი, ადგილზე არ დაფერფლა ღვთიური ცეცხლით გლახაკნი, ინება და სახლშიაც მშვიდობით განუტევა; როგორ გაბედავდნენ, არც უხსენებიათ, საერთოდ აღარც გახსენებიათ მათ კანონი, რომელიც საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნის წესს ადგენს; აღარც გახსენებით, არც გაახსენდებოდათ და საერთოდ რა სახსენებელია აქ რაიმე უბადრუკი კანონი? უმორჭმულესმა უზენაესი სამართალი აღასრულა, თანაც გაიღო მათზე გაუგონარი მოწყალება და სამართლის ქმნასთან ერთად, ნიშნად  მიტევებისა, ამბორ–ჰყო კიდევაც ცოდვილნი; ამ საარაკო, კეთილი საქმით განადიდა მისი მომავლინებელი; ამაღლდა თავადაც და განუზომლად უფრო დიდი პატივისცემა დაიმსახურა, ვიდრე „წინა“ ცხოვრებაში, ინკარნაციამდე ჰქონდა მოპოვებული;

აი, შეხედეთ, შემდგომ ტექსტში როგორ უბრალოდ გვამცნობს კასპელი წინასწარმეტყველი თავის მოკლე ბიოგრაფიას, ანუ CV-ს: „ჩემს პიროვნებას იცნობენ, პატივსა მცემს სუყველა. სოფელი არ არის კასპის რაიონში რომ ევროპის ჩემპიონი ან მსოფლიოს ჩემპიონი გაზრდილი არ მყავდეს,აქედან გამომდინარე მე მაქვს ცნობადობა და მაფასებს ეს ხალხი...“

მაგრამ რა მოსატანია აქ მისი მოკრძალებული ღვაწლი „წინა“ ცხოვრებაში, როცა იგი სამბოს საყოველთაოდ  ცნობილი და დაფასებული, მაგრამ მაინც, ერთი ჩვეულებრივი მწვრთნელი იყო? ან განა ოდენ გამგებელია ამჟამად იგი?!

აქ განემზადეთ მოკვდავნო, რამეთუ თქვენ გეუწყებათ კასპის მასშტაბით უდიდესი საიდუმლო საიდუმლოთა შორის:

2. აქა ამბავი „პატარა ბიძინად“ ამაღლებისა

საგმირო ამბის და საკუთარი მოკლე ბიოგრაფიის თხრობის შემდგომ მოვლინების წმინდა საიდუმლოსთან საზიარებლად, ინიციაციისათვის განგვამზადა სხივმოსილმა;

ჰოდა, მის ბაგეთა მიერ შეიძრა კიდეც და გასპეტაკდა კასპის ცემენტის მტვრით გაჟღენთილი ჰაერი, და აჰა,  გაცხადდა  კიდეც აქამდე დაფარული ჭეშმარიტება! ვისაც ყურნი გასხიათ სასმენლად, ისმინეთ:

„მე ბატონ ბიძინას მომხრე ვარ და იმის კურსის გამგრძელებელი პოლიტიკაში,

მე  ვარ პატარა ბიძინა კასპის რაიონში!“

ეს საკრალური სიტყვები აღმოჰხდა თუ არა, წამსვე ნათელით შეიმოსა და ერთობ ამჩატებული, ვითარცა უწონო რამ სხეული, ამაღლდა! არა, ცად კი არ ამაღლებულა, ამას ბრმაც დაინახავდა, არამედ სკამზე ამაღლდა!

თუ კარგად დააკვირდებით, სკამზე არც თუ მყარად მჯდომარე გამგებელი, პატარა ბიძინად თვითკურთხევისთანავე სკამზე ნეტარად, ე.ი. ნარნარად მოფარფატედ იქცა! თუ არ გჯერათ, კიდევ ერთხელ იხილეთ და დატკბით!

3. პატარა ბიძინას მოკლე მრწამსი – ახალი გზა ხსნისა

პატარა ბიძინამ თავის ერთობ ტევადი გამოსვლის დასკვნით ნაწილში მოკლე მრწამსი ჩააქსოვა.

აი, რა ბრძანა ბიძინა უმრწმესმა (პატარა ბიძინა ხანდახან შეიძლება ასეც მოვიხსენიოთ, შეიძლება „ბიძინა ნარინიც“ ვუწოდოთ, ანდა „ბიძინა მცირე“ – გააჩნია, ვის როგორ გაგვიხარდება):

„მე მტკივა ყველასი, სააკაშვილივით კი არ მოვიქცევით, რომ თავისიანი ვინც იყო, იმისთვის იქნებოდა სამსახურიცა და ყველაფერიც... ვინც არა, მტრები ვიყავით ყველანი. რაიონში ჩემი სატკივარია პოზიციაცია და ოპოზიციაც...“

გაიგონეთ? მოველ მოფენად მშვიდობისაო, ბრძანა... ყველანი ჩემები ხართ, სატკივრები ხართ ყველანი – პოზიციაც და ოპოზიციაცაცაო; მოკლედ – მძიმე ხვედრია გასხივოსნება, ყველა პარტია მე მეკუთვნისო, ყველას უნდა მოგხედოთ განურჩევლად, მამობა გაგიწიოთ, სამსახური და ყველაფერი მე უნდა მოგცეთ და  მტრები კი აღარ ვიქნებთ, მაგრამ მე ვიცი, ვისაც დავნიშნავ სოფლის რწმუნებულებადაო:

„ამ გამგებლებს მე ვუთხარი – რომ დაინიშნება ერთ კვირაში ყველა სოფელში ახალი გამგებელი, რა თქმა უნდა, არც ერთი ნაციონალი არ იქნება, იქნება ჩვენი აქტივისტი, ყველა უნდა იყოს ჩვენი მხარდამჭერი, შერჩევის პრინციპით დაინიშნება – უნდა იყოს და იქნება კიდეც იმ გამგებელზე უკეთესი, ხოლო იმ ძველ გამგებლებს, თუკი შესძლებენ უკეთ წარმოაჩინონ თავი, მათი მოადგილეობა შეეთავაზებათ“

ესეც გზა ხსნისა: ბიძინა მცირეს ვინც შეუდგება, არ წააგებს! ნეტარია აქტივისტი, ე.ი. მოციქული პატარა ბიძინასი; მას თავი იმთავითვე ქუდში აქვს – ხსნა დაიმსახურა და უნდა ერგოს კიდეც ადგილი აღთქმულ ქვეყანაში; არც მას გაუჭირდება, ვინც გამოცხადების მადლს თუნდაც არჩევნების შემდეგ, პატარა ბიძინას მოვლინებით ეზიარა და   გახდა მხარდამჭერი;  მოწყალეა პატარა ბიძინა – ამბორით გასტუმრებულ ნაციონალებსაც, თუმც არ იმსახურებენ, არ გარიყავს, არ დასჯის, არ მოიკვეთავს. მათ მონანიების, გამოსწორებისა და თავის წარმოჩინების შანსი მიეცემათ, ოღონდ ერთი პირობით, პატარა ბიძინას მრწამსი უნდა აღიარონ!

და რაში მდგომარეობს ეს მრწამსი? განა აქამდე ვერ მიხვდით, მცირედ მორწმუნენო? ვეცდები გაგაგებინოთ: ხომ გაგიგონიათ მუჰამედის მიმდევართა, მაჰმადიანთა მოკლე მრწამსი: „არა არს  ალაჰი (ღმერთი) ალაჰის გარდა და მუჰამედი წინასწარმეტყველი მისი“? ჰოდა, პატარა ბიძინას მრწამსიც, თუ მისი სასწაულებრივი მოვლინების არსს ჩასწვდით და საბოლოოდ არ დაგეხშოთ გონება, ანალოგიურია:

„არა არას ბიძინა დიდი ბიძინას გარდა და კასპში – პატარა ბიძინა(ა უზენაესი)!“

აი,  ასეთია, ჩემს მიერ დანახული და ქაღალდზე გადატანილი ისტორია პატარა ბიძინას საკვირველი მოვლინებისა. ცხადია, ამ ჩემს ნაცოდვილარს კანონიკურ ტექსტად ვერ მივიჩნევთ, რადგან სულიწმინდას კარნახით როდი დაიწერა იგი, არამედ ვიდეოს ყურებით. ეგეც არ იყოს, გამოცხადების ამ ტექსტს მთავარი აკლია – პატარა ბიძინას ინიციაციის გზა კარგად არ არის ნაჩვენები. უნდა ითქვას, ეს მართლაც სუსტი წერტილია, რადგან კი გამოაცხადა სხივმოსილმა და სკამზე ამაღლებულმა – „პატარა ბიძინა ვარო!“, მაგრამ რა ვიცით, იქნება ცრუობს და თვითმარქვია ბიძინაა იგი?! ესეც გაგების ამბავია, ოღონ აქ უკვე რწმენის ვარიანტში გაგებისა!

... ამ გამოცხადების შემდგომ, როგორც ჩანს, კასპელი ამომრჩეველი და არა მარტო, ორ დიდ ჯგუფად დაიყოფა:

1) მორწმუნენი, ე.ი. ისინი, ვინაც ჭეშმარიტად მიიღო პატარა ბიძინას საკვირველი მოვლინება;

2) ერეტიკოსნი, ურწმუნონი, შეჩვენებულნი, ე.ი.  ისინი, ვინც ვერ ჩასწვდა, ვერ ეზიარა ამ საკვირველი მოვლინების არსს და ფუი ეშმაკს, პატარა ბიძინა ისევ „კუნთმაგარ და გონებაჩლუნგ“ მწვრთნელად, ხოლო კასპი – „სამბოს ტატამად“ ეჩვენება.

მორწმუნეთ რა უჭირთ –  ზეცა და ასპარეზი მათთვის ხსნილია და შეუდგნენ კიდეც ხსნის გზას, პატარა ბიძინას მიერ ნაკურთხსა და ნაჩვენებს!

აი, ურწმუნონი კითხულობენ: განა საკვირველ მოვლინებას მომავლინებლის ნიშანი „ზემოდან“ არ უნდოდაო? არც დიდი ბიძინას ხმა არ გაგვიგია ზეციდან და არც მტრედი დაგვინახავს, პატარა ბიძინას ზედ თუ არ დააჯდებოდა, დაესკლინტა მაინცაო!

ზოგიერთი ურწმუნო იმასაც კითხულობს – ეგ არის ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგის აშენებას აპირებთ, ერთმა მოვლინებულმა ეს ხალხის არჩეული საკრებულო ხან წაღმა, ხან უკუღმა ატაროსო? კი, ეს ძველი საკრებულო შერცხვენილია და გასარეკიც არის, მაგრამ, დალოცვილებო, თუკი პატარა ბიძინა მოგვივლინეთ უკვე, სამომავლოდ რაღა გვექნება ასარჩევიო? თუ აქამდე მიშა და ეხლა დიდ–პატარა ბიძინაა ჩვენი ხვედრი, ე არჩევნები რაღა თავში სახლელად გვინდაო?!

ეგეც არ იყოს, ეს ძველი გამგებელი მომავლინებლის სახელს მაინც არა ჩემულობდა, არავისგან გვსმენია– „პატარა მიშა ვარო!“; არ ვიცით, მეტი  ხათრი და გაგება ჰქონდათ ჩვენი იმ ძველ გამგებლებს, თუ ჭკუა „ზემოთ“ დაარიგეს – ემანდ ფრთხილად იყავით, ეგეთი სიბრიყვე არსად წამოგცდეთო!

... ეჰ, რას იზამ: მორწმუნეთა და ურწმნოთა ჭიდილი ყოფილა ეს  წუთისოფელი. საკითხავი კი ისევ ეს არის: „გვეშველება რამე?!