პოპ–პორტრეტები – Rainbow: გაუმარჯოს როკ’ნ’როლს! (ნაწილი I)

პოპ–პორტრეტები – Rainbow: გაუმარჯოს როკ’ნ’როლს! (ნაწილი I)

გასული საუკუნის 70–იანი წლების შუახანს, როდესაც არაერთი როკ ჯგუფი დაიშალა, შემადგენლობა შეიცვალა ან სულაც ყველაფერთად ერთად, მუსიკალური მსოფლმხედველობა, მხოლოდ იშვიათმა გამონაკლისებმა მოახერხეს უმტკივნეულოდ ამ პროცესების გავლა და ამ მხრივ აღსანიშნავია რიჩი ბლეკმორის ფიგურა, რომელმაც ჩამოაყალიბა რა ჯგუფ Elf-ის ბაზაზე Deep Purple-ის მსგავსად ჰარდ როკ კოლექტივი, აბსოლუტურად შეცვალა მუსიკალური მიდგომები, ისე,რომ ძველი მსმენელიც არ დაუკარგავს, ახლებიც მიიმატა და, რაც მთავარია, მომღერალ  რონი ჯეიმს დიოს ვიწრო წრის Elf -ობიდან, მსოფლიო დონის მომღერლობისკენ გაუკვალა გზა, გააღრმავა რა მასში კომპოზიტორული ტალანტი და ევროპული ცივილიზაციისკენ სწრაფვა.

ალბომი Ritchie Blackmore’s Rainbow, 1975 წლისათვის მიამიტურობამდე ლამაზი გამოდგა. იმ დროისათვის ასე პრიმიტიულად უკვე აღარავინ უკრავდა. დიოსათვის მიცემული სიტყვა სიტყვა იყო და რიჩიმ სადებიუტო ალბომში Elf-ის შემადგენლობა შეინარჩუნა. სიმღერები უაღრესად ხალასი გამოვიდა და მომავალში უკვე გაცილებით დახვეწილი შემადგენლობების შესრულებით, მრავალგზის გადამღერებული კონცერტებზე. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ Man On The Silver Mountain, Sixteenth Century Greensleeves, Catch The Rainbow და The Yardbirds-ის მივიწყებული დიდი ხნის წინანდელი Still I’m Sad. საინტერესოა, რომ ალბომში შევიდა ასევე Quatermass-ის ერთადერთი ალბომიდან სიმღერა Black Sheep Of The Family.

თუკი სადებიუტო ალბომი მელოდიურობით, გამორჩეული სიმარტივით, „სიცარიელეების“ ფონზე რიჩის ფილიგრანული სოლოებითა და კომპოზიციური სიწრფელით გამოირჩეოდა, უკვე მეორე ალბომი Rising, აბსოლუტურად განსხვავებული გამოვიდა. დავიწყოთ იმით, რომ აქ დაუკრა ვირტუოზმა დრამერმა კოზი პაუელმა. მასთან ერთად ჯგუფში კლავიშებზე შემსრულებელი ვირტუოზი ტონი კეირი და მომავალში რონი ჯეიმს დიოს განუყრელი პარტნიორი - ბასისტი ჯიმი ბეინიც გამოჩნდნენ.

Rising-ს უკვე ვერანაირ მიამიტურობას ვეღარ დავწამებთ. იგი Rainbow–ს ისტორიაში შევა, როგორც ინსტრუმენტებით ყველაზე მეტად დატვირთული და მძიმე ალბომი. გამხსნელი Tarot Woman ტონი კეირის მბზინვარე ინტროთი იწყება და თითქოს მრავლისმომასწავებელია, მაგრამ ალბათ დანაპირები მეტია, ვიდრე განხორციელება. Starstruck ეფექტურია, მაგრამ მელოდიურ ხაზს სიმძიმე ბოჭავს, ალბომის მეორე გვერდი კი მიუხედავად იმისა, რომ ორად-ორი სიმღერისაგან შედგება, მის სიძლიერეს განაპირობებს, რადგან Stargazer-ში ჯგუფი ავლენს მელოდიურობას, აღმოსავლურ ტენდენციებს, რენესანსულ მიდგომებს, ვირტუოზობასა და ამ ფონზე როგორც იქნა აბალანსებს სიმძიმეს, რაც უჩვეულო მახასიათებელია ალბომისთვის, რომელმაც ამ თვალსაზრისით, თითქოს ორმაგად ამოიღო სადებიუტო ალბომის სიმსუბუქე. ამიტომაც  მცირე ქრონომეტრაჟის მიუხედავად, Rising ჯგუფის ყველაზე ძნელად მოსასმენ ალბომად ითვლება. ბოლო სიმღერაში A Light In The Black, კიდევ უფრო გამძაფრებულია Burn-ის ტენდენციები, გიტარისა და კლავიშების პასუხი ერთიმეორეზე ადევნებულ სოლო შეჯიბრში გადადის და ამგვარ კროსს ზედ ერთვის კოზი პაუელის ბას ბოჩკების ბაგაბუგი.

საბოლოოდ, რიჩიმ თითქოს სიჩუმის ყოველგვარი ნიშა და აქედან გამომდინარე იმპროვიზაციის გასაქანი მოუსპო რეპერტუარს, რომელიც აწი პრაქტიკულად გამოუსადეგარი უნდა გამხდარიყო საკონცერტო შესრულებისათვის. ამიტომაც

საკონცერტო ალბომისთვის, რიჩი პრაქტიკულად ერთნახევარი (!) ალბომის მასალით წარსდგა მსმენელის წინაშე, რასაც Deep Purple–ს რეპერტუარიდან ერთი სიმღერა და რიჩის ცნობილი ბლიუზური იმპროვიზაცია ავსებდა. 

ამასთან ერთად, უკვე Rainbow–ს არსებობის პერიოდში, სამყაროს  Deep Purple–ს კიდევ ერთი ლაივ ალბომი Made In Europe მოევლინა, რომელმაც საკმაოდ შეცვალა დამოკიდებულება რიჩი ბლეკმორის მიმართ, რადგან მსმენელი განსაკუთრებით აღაფრთოვანა დიდი მუსიკოსის მიკვლეულმა საოცარმა ნატიფმა ბგერამ, რომელიც მარცხენა დინამიკს ავსებდა...

მაშინ, როდესაც არ არსებობდა ვიდეოები და მსმენელიც (არა მარტო ჩვენში) მუსიკალური ინფორმაციის საკმაო დეფიციტს განიცდიდა, ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა რიჩი ბლეკმორის მორიგი საკონცერტო ნამუშევარი. როგორი უნდა ყოფილიყო იგი ახალ მომღერალთან ერთად? იან გილანთან და დევიდ კოვერდეილთან შედარებით, რონი ჯეიმს დიოს ხომ ბევრი მსმენელი მეორეხარისხოვან მომღერლად მიიჩნევდა, თუმც სტუდიური ნამუშევრებიდან გაგონილი მისი ხმა, სისუსტეს ნამდვილად არ უჩიოდა...

სინამდვილეში კი რონი ჯეიმს დიოს უაღრესად ორიგინალურმა ხმის ტემბრმა, რომლის ცნობისთვისაც ნამდვილად არაა საჭირო, რომ მსმენელი აბსოლუტური სმენით იყოს დაჯილდოვებული, რიჩი ბლეკმორის კომპოზიტორულ ტალანტს ახალი არეალი გაუხსნა რომანტიკულ–აღმოსავლური ხაზით, იმავდროულად მომართა რა შუა საუკუნეობრივი ევროპული მუსიკის მიმართულებით.

Rainbow On Stage, სავარაუდოდ ერთი დისკისგან შემდგარი ლაივ ალბომი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამასთან დაკავშირებით თურმე სულ სხვანაირად ფიქრობდა რიჩი ბლეკმორი, რომელმაც ვინილის დისკის თითო გვერდი თითო–თითო სიმღერას დაუთმო...

ასეთ ხერხს ჯგუფები და პროდიუსერები 70–იანების დასაწყისშიც კი გაურბოდნენ ხოლმე, მით უმეტეს, რომ Rainbow–ს უფრო ჰარდ როკის მოყვარული მსმენელი ჰყავდა, ვიდრე ექსპერიმენტული პროგრესივ როკისა.

ალბათ სწორედ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გვმართებს ყურადღების გამახვილება, რადგან ორდისკიანმა და არცთუ ვრცელი ქრონომეტრაჟის ალბომმა On Stage, გააერთიანა პრაქტიკულად ყოველი ჟანრი, რითაც მდიდარი იყო მანამდე არსებული როკ–მუსიკა. მძლავრი გამხსნელი Kill The King, რომლის სტუდიური ვერსიაც ერთი წლის შემდგომ ჩაწერილ Long Live Rock’n’Roll–ში გამოჩნდა, ტიპიურია რიჩი ბლეკმორის ხელწერისათვის; მას მოსდევს სტუდიურ ვერსიასთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი ტემპის მქონე ჭეშმარიტად როკული Man On The silver Mountain. სიმღერა სახეცვლილებას განიცდის და ჯერ რიჩის ჯერ კიდევ Deep Purple–ს პერიოდიდან მოყოლებულ ბლიუზურ იმპროვიზაციაში, შემდეგ Starstruck-ის ნაწყვეტში, ხოლო საბოლოდ კი კვლავ ძირითად მოტივზე გადადის.

საკმაოდ დატვირთული ალბომის პირველ გვერდს, Catch The Rainbow–ს რენესანსულ ნოტებზე გადავყავართ. ექვსწუთიანი საოცარი სტუდიური რომანტიკა, რომელშიც რიჩი ბლეკმორი შუა საუკუნეების ევროპულ მუსიკას უმარტივესი ფორმით, ჯიმი ჰენდრიქსის ბლიუზურ ხელწერასთან აკავშირებს, აქ ვინილის დისკის მთლიან გვერდს ავსებს. სიმღერა აღსანიშნავია რიჩი ბლეკმორის ორი ხანგრძლივი სოლოთი, რომელთა მსგავსის მოძიება ხელწერის მიუხედავად, კოვერდეილის პერიოდის Deep Purple–ს საკონცერტო რეპერტუარში გაგვიჭირდება, რადგან აქ სოლოც კი დიოს რომანტიკულ ვოკალზეა მორგებული.

ამ მხრივ კი ძალზედ საინტერესოა უკვე მომდევნო სიმღერა, რომელიც  Catch The Rainbow–ს მსგავსად, ვინილის მთელ გვერდს ავსებს. ნამდვილად არაა ადვილი კოვერდეილის ნამღერის შემდეგ, Mistreated–ში აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ვოკალისტის მოსმენა, მაგრამ რონი ჯეიმს დიო მხოლოდ ქების სიტყვებს იმსახურებს ამ მელანქოლიური სიმღერის რაინდულ–მისტიკური ხედვისთვის, რაც განუყრელია მომღერლის ხელწერასთან.

ალბომის მეოთხე გვერდი კი კვლავ რენესანსული ნოტებით იხსნება და მძლავრ Sixteenth Century Greeensleeves-ში გადადის. საკონცერტო ალბომის დამაბოლოვებელი Still I’m Sad, Yardbirds–ის ერთი მოსაწყენი და მოძველებული სიმღერაა, რომელიც რიჩიმ Ritchie Blackmore’s Rainbow–ში ულამაზეს კომპოზიციად აქცია. საკონცერტო On Stage–ში ტანდემმა სიმღერას შესანიშნავი ვოკალ პარტიაც დაურთო და გიტარისა და ჰამონდ სოლოების თანხლებით, იმ პერიოდის Rainbow –ს საკონცერტო ჰიტად აქცია.

მომდევნო სტუდიური ალბომი Long Live Rock’n’Roll დიოს პერიოდის Rainbow-ს გედის ულამაზესი სიმღერა აღმოჩნდა, ამავე სახელწოდების მგზნებარე როკ’ნ’როლით დაწყებული, რომლის ვოკალის პარტია, როკ–ვოკალ ქრესტომატიაშია შესატანი, ჯიმი ჰენდრიქსის აკორდებით აღვსილი ულამაზესი შუასაუკუნეობრივი  Rainbow Eyes-ით დამთავრებული. Kill The King, Rising-ის  A Light In Black-ის მსგავსად, Burn-ის ტენდენციებს განავრცობს, მაგრამ აქ უკვე ყველაფერი ზომიერად დახვეწილია და სიმღერაც იმპროვიზაციას ექვემდებარება.

სხვა მხრივ? ყველაფერს თავისი დრო აქვს და როგორც ჩანს Rainbow-თვის სრულიად საკმარისი იყო დიოსთან ერთად ჩაწერილი სამი სტუდიური და ერთიც საკონცერტო ალბომი. ხოლო თუ რა მოხდა შემდგომში, მომავალ კვირას მოგახსენებთ...