ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან კონტაქტი, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.
„ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს. ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქში ყოფნისა და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს ასახავს.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში, აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
პროკურატურის ინფორმაციით, „ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ, ლეტალურ ოდენობას“.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.