ევროკავშირში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ევროკავშირის ელჩი მიესალმა და განმარტა, რომ ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებიც იყვნენ ჩართულნი.
კარლ ჰარცელის თქმით, ცვლილებების ძირითადი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მომავალშიც პრობლემების გარეშე, შეუფერხებლად იმოგზაურონ.
„ჩვენ ამ კანონს მივესალმებით, უფრო მეტიც - ეს კანონი ჩვენი თხოვნით შემუშავდა, რადგან იმ დიდ მიღწევას, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს, საფრთხე არ დაემუქროს.
ვიცი, რომ არის გარკვეული შეშფოთება გამოთქმული, ჩვენ ეს საკითხი ძალიან ფრთხილად შევისწავლეთ, ჩართული იყვნენ ექსპერტები, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ კანონის შესწავლა, მაგრამ ნამდვილად იმედი გვაქვს, კანონი მომავალში ძალიან ეფექტიანად განხორციელდება, რადგან ნახევარმა მილიონმა ქართველმა, რომელსაც შენგენის ზონაში მოგზაურობის საშუალება მიეცა, კვლავ ისარგებლოს ამ კარგი შესაძლებლობით და თავისუფალ მიმოსვლას ხელი არ შეეშალოს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
საქართველოდან მგზავრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესაზღვრეების ნაცვლად ქართველი მესაზღვრეები გააკონტროლებენ.