კატეგორიულად მიუღებელია ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის მიმართ უკანონო ქმედება და ეს არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პანდემიის პირობებშიც კი ხორციელდებოდა.
ამის შესახებ საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა დავით ზალკალიანმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოსთვის ძალიან ფასეული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და მისი როლი პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ცნობილია.
„სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე იყო მიტანილი შეტევა და ეს იყო გამიზნული შეტევა, რათა მოეხდინათ პარალიზება ამ ინსტიტუტის, რადგანაც პანდემიასთან ეფექტიანად გამკლავების თვალსაზრისით, ჩვენი საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებული ფაქტორია ლუგარის ლაბორატორია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ეს დეზინფორმაციული კამპანია ისევ გრძელდება და ყველაზე შემაშფოთებელია, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა.
„ჩვენი სამართალდამცველები ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში არიან ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ გავუზიარებთ ინფორმაციას, არ მოგვერიდება სახელების დარქმევა - საიდან განხორციელდა და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება.
ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გამოვლინდნენ ამ უკანონო ქმედების ავტორები და მათ ჰქონდეთ შესაბამისი, მკაცრი შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს.