კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მწერალი მაკკენზი სკოტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, Amazon-ის აქციების ფასის ზრდის შედეგად მისი ქონება 68 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
მანამდე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი LʼOreal-ის მფლობელი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი იყო, რომლის ქონებაც 66,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მაკკენზი სკოტი და ჯეფ ბეზოსი 2019 წლის აპრილში, 25-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მაკკენზი სკოტს დაშორების შემდეგ Amazon-ის აქციების 4% ერგო, რაც მაშინ 38,3 მილიარდ დოლარად ფასდებოდა.
ბეზოსთან დაშორების შემდეგ მაკკენზი სკოტი ქველმოქმედებით იყო დაკავებული. 2020 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მან სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას 1,7 მილიარდი დოლარი გადაურიცხა.
ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მისი ქონება 207 მილიარდ დოლარს შეადგენს.