იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით იხილება, „ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება გვაკვირდება. პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი საზოგადოების წინაშე ვართ პასუხისმგებელნი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება, მათი დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა და დახვეწა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიმდინარეობს და ყველა არჩევნები, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, მეტი დემოკრატიულობით, დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტით, მაღალი ხარისხით ჩატარდა და ეს ყველაფერი არაერთგზის იქნა აღნიშნული თუნდაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ის ცვლილებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა, მართალია ოცნების მიერ არის დაინიცირებული, მაგრამ მას პარტიული კუთვნილება არ აქვს, რადგანაც ის ეხება აბსოლიტურად ყველა პარტიას, ის ეხება მთელ პოლიტიკურ სპექტრს და პირველ რიგში ჩვენი მეგობრების მიერ ეს პრინციპები და სულისკვეთება, რომელიც ამ კანონპროექტშია ასახული, მოწონებული იქნა როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩის და სხვა პარტნიორების მიერ.
კანონპროექტის პრინციპები ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას, რადგან ეს ნორმები გათვალისწინებულია სწორედ არჩევნების დროს ნებისმიერი სახის ძალადობის პრევენციულად აღკვეთისკენ. ის სპეციალური ნორმები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება დემოკრატიულობის და დაცულობის კიდევ უფრო მეტ ხარისხს შეძენს 2020 წლის არჩევნებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.