„მიზნის მისაღწევად, მიშა, არათუ საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას დაარღევს და მორიგ დეკანოიძეს დააყენებს სადმე, არამედ დეკანოიძესაც კი დაუყენებს რომელიმე სალომე სამადაშვილს“
მე ვბრუნდები – უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ამ მიმართვას საქართველოში ზოგი არასერიოზულად, ზოგი ღიმილით, ხოლო ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ.
არაბუნებრივად მშვიდი ხმის ტემბრით ნათქვამი „მე ვბრუნდები“ პოლიტიკური შეფასებების თემად იქცა…
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების შიშით საქართველოში დაბრუნებას ვერც ამჯერად გაბედავს. ყოფილი პრეზიდენტის მიერ ნათქვამი „ბოდიში“ კი მმართველ გუნდში აღიარებით ჩვენებად შეაფასეს.
რას ემსახურებოდა რეალურად სააკაშვილის განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებ? ამ საკითხზე შეფასება ვთხოვეთ ლაშა ნაცვლიაშვილს, „ქართული ოცნების“ მრჩეველს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:
– არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ძებნილმა ექს-პრეზიდენტმა უკვე მერამდენედ შემოგვითვალა უკრაინიდან, რომ საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილის ყალბი სინანულით გაჯერებულ და უგემოვნო პათეთიკით სავსე ამ ვიდეო-პერფორმანსს წინ უძღვოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათთან მიტმასნილი, ყავლგასული პოლიტიკური დინოზავრების აქტიური პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ „მთავარი ოპოზიციური პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ყოველმიზეზგარეშე, მიშა უნდა იყოს. ეს ყველაფერი კი დაგვირგვინდა ნაციონალი ხატია დეკანოიძის ისნის მაჟორიტარულ ოლქში ნომინირებით, რითაც საბოლოოდ დაესვა წერილი ნათელაშვილის ფანჩატურში ტანჯვით შობილ შეთანხმებას დედაქალაქის მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციურ პარტიებს შორის გადანაწილების თაობაზე.
ამ სამმა მოვლენამ, ერთობლიობაში, ძლივს შეკოწიწებული ოპოზიციური ერთობა, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს, სრულიად მოარღვია და ბიძგი მისცა დისკუსიას იმის თაობაზე, თუ როგორ უშლის ხელს სააკაშვილის ეს ნაბიჯები „ნაი ნანატრი“ კოალიციური მმართველობის დამყარებას საქართველოში.
ვინ არ გამოთქვა თავისი „კომპეტენტური“ აზრი ამის თაობაზე – პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა, სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, ჟურნალისტებმა, ბოლოსდაბოლოს.
გვერდით გადადეთ, ერთი წუთით, მათი კომპეტენცია, მიუკერძოებლობა და სანდოობა – ჩემზე უარესს ვერც კი გაიფიქრებთ, არათუ იტყვით.
ამ ვნებათაღელვაში განსაკუთრებული ემოციური მუხტით სამშობლოს ბედზე გულდამწვარი, უბოროტო და, იმავდროულად, გულუბრყვილო საზოგადოებრივი სპიკერები, ეგრედ წოდებული, „ცნობადი სახეები“ გამოირჩეოდნენ, რომლებიც კალკულატორმომარჯვებულნი, ნაივური გულწრფელობით (ახლა მოდაშია ეს სიტყვა) ასაბუთებდნენ, რომ მიშამ გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლის სხივი – შემხვედრი მატარებლის პროჟექტორად გადააქცია. დაიზაფრნენ გოგლი-მოგლზე გაზრდილი ახლაგზრდა(?) ნარცისები, ჭამის მადა დაკარგა სრულიად სამოქალაქო საზოგადოებამ.
ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ უდავო ფაქტსაც, რომ ამ დისკუსიას, ოპოზიციის ელექტორალური პერსპექტივებიდან გამომდინარე, საზრისი საერთოდ არ გააჩნია, იგი, ფაქტიურად, არაფერზეა, რადგან შეუძლებელია, რაციონალური მსჯელობა იმაზე, რაც პრინციპულად მიუღწევადია.
რასაკვირველია, ამ დისკუსიის სულისჩამდგმელი, დირიჟორი და მთავარი სოლისტი – ინტელექტუალური უპირატესობის კომპლექსით ნატანჯი გიგა ბოკერიაა, რომელიც ცდილობს, საკუთარი ინტერესებისა და მწირი შესაძლებლობების არშინს მოარგოს და დაიმორჩილოს რეალობა, ისტორია, ლოგიკა და ლეგიტიმურად გამოაცხადოს პრეტენზია – საერთო ყულაბაში ნახევარი კონა ქინძი (უკაცრავად, ქინძი სხვას მიაქვს), ნახევარი კონა ტარხუნა მიიტანო და მთელი ქვაბი ჩაქაფული გერგოს წილად.
მითუმეტეს, როცა ამ ქვაბს ძირი საერთოდ არა აქვს და საცერივით გახვრეტილია.
ასე იყო თუ ისე, გამოქვეყნდა კოალიციური მმართველობის მოსურნე საზოგადოების ერთობლივი აუდიტორული დასკვნა (თანდართული ბუღალტრული ანალიზით), რომელიც არითმეტიკულად ასაბუთებს, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რბილად რომ ვთქვათ, კონტრპროდუქტიულია და ივანიშვილის ინტერესს უფრო ემსახურება, ვიდრე ოპოზიციის.
მოკლედ, კონსენსუსი შედგა!
მაგრამ არსებობს ერთი კაცი, რომელსაც თავისი ბუღალტერია აქვს და დანარჩენი ოპოზიციის რთული ინტეგრალები თუ ამომრჩევლის განწყობებიდან ამოყვანილი კვადრატული ფესვი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია.
ეს კაცი – მიხეილ სააკაშვილია.
იგი ივანიშვილის მომხრე უმრავლესობაში არ თევზაობს, მისი არეალი – საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი უმცირესობაა.
მიშას გიჟივით უნდა ძალაუფლება და თან ზუსტად იცის, რომ არჩევნების გზით, ვერც მარტო და ვერც დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, ივანიშვილს ვერ ამარცხებს. ამიტომ, რჩება ერთდადერთი გზა – რევოლუცია.
შესაბამისად, მიშა გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება რევოლუციას და აინუნში არ ჩააგდებს „უსაფრთხო პროტესტის“ იდეოლოგებისა და აპოლოგეტების კრუსუნს.
პირველი წინაპირობა, რაც მიშას რევოლუციისთვის სჭირდება, არის უპირობო დომინაცია ოპოზიციურ ფლანგზე. არა უბრალოდ მყარი მეორე ადგილი – ეს მისთვის საკმარისი არ არის – მიშას პროგრამა-მინიმუმია, აიღოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ჯამურად აიღებს დანარჩენი ოპოზიცია, რასაც მათი სამომავლო, უსიტყვო მორჩილების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიშნევს.
ამ მიზნის მისაღწევად, მიშა, არათუ საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას დაარღევს და მორიგ დეკანოიძეს დააყენებს სადმე, არამედ დეკანოიძესაც კი დაუყენებს რომელიმე სალომე სამადაშვილს, რამდენიმე ხმით მეტის აღების შანსს თუ დაინახავს.
მეორე წინაპირობა – არჩვენების გაყალბების, წინასარევოლუციო ისტერიის და ხელისუფლების იოლად ჩამოშლის ილუზიის შექმნაა.
ამისთვისაც მიშა ყველაფერს გააკეთებს, განსაკუთრებით, რეგიონებში – იქნება უხეში პროვოკაციები, ძალადობის ინსპირირება, სამხარეო თუ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან და „ოცნების“ საარჩევნო შტაბებთან მივარდნები. თუ გაუმართლა – შევარდნებიც.
ეს ხომ სიგიჟეა, იტყვით თქვენ და რაციონალური ლოგიკიდან გამომდინარე, მართალიც იქნებით!
მაგრამ მიშას მიაჩნია, რომ სწორედ თქვენ ხართ გიჟები, ვინც ასე არ ფიქრობთ!
მისი აზროვნების და, რაც მთავარია, მოქმედების ტიპი, პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი ფორმულა – გეომეტრიული პროგრესიით აღმავალი ესკალაციაა. ის ყველა შემთხვევაში წავა გამწვავებაზე. სხვა მეთოდს ის, უბრალოდ, არც ცნობს და არც იცნობს.
ისტერიული ესკალაციაა მისი ე.წ. „მოდუს ოპერანტი“ და ამ მეთოდს არც 2020-ის შემოდგომაზე უღალატებს – არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე, მიშა იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და მოუწოდებს თავის მომხრეებს რევოლუციისკენ.
არც ეგზიტპოლი შეაკავებს, არც ცესკო და არც ეუთო და ოდირი. მას საკუთარი სცენარი აქვს და არავის დაგიდევთ.
– გაყვება მას დანარჩენი ოპოზიცია?
– აბა, გაბედოს ვინმემ ოპოზიციაში და არ დაემორჩილოს მის ბრძანებას. იგი ყველას ყველაფერს გაუხსენებს:
ბოკერიას გაუხსენებს, რომ ივანიშვილის სცენარით დაუშალა პარტია;
ხაზარაძეს შეახსენებს, რომ მევახშეა;
გირჩს და ვაშაძეს წამოაძახებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკურად განადგურების სპეცოპერაციაში მონაწილეობა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს;
მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ… მაჭუტაძეა;
ზოგს წამოაძახებს, რომ შევარდნაძის დროინდელია, ზოგს ზვიადისტს დაუძახებს, ზოგს კი – პუტჩისტს.
ხო, მართლა, უგულავას შეახსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ მას „დედა აგინა“.
თუმცა, არა! უგულავას არაფრის შეხსენება არ დასჭირდება. უგულავა ისედაც მასთან იქნება, ისევე როგორც გულისამრევი ოქრუაშვილი, ჭკნობამორეული მეძავი ლეიბორისტი და მიტოვებული ქალებისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული უმრწმესი ბერძენიშვილი და უქარქაშო გუბოზ სანიკიძე.
– და გამოვა რევოლუცია? რატომ არ არსებობს ამის რესურსი?
– საქმეც მაგაშია, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არ იქნება მთავარი, არ იქნება რევოლუცია. იმისდა მიუხედავად, დაემორჩილება თუ არა მიშას დანარჩენი ოპოზიცია. მრავალი მიზეზის გამო არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის დაცული ყველა დროის ყველაზე წარმატებული რევოლუციონერის მიერ ჩამოყალიბებული ქრესტომატიული წინაპირობა იმის თაობაზე, რომ რევოლუციური სიტუაციისთვის აუცილებელია, ხალხს აღარ სურდეს ძველებურად ცხოვრება, ხოლო ხელისუფლება აღარ შეეძლოს ძველებურად მართვა. ჩვენთან ყველაფერი პირიქით არის – ხალხის უმრავლესობა ხელისუფლებათან დგას და ხელისუფლებაც მყარია.
მაგრამ არის კიდევ ერთი, რევოლუციისთვის არცთუ უმნიშვნელო წინაპირობა – რევოლუცია დისტანციურად არ კეთდება!
რევოლუციის მიზანი – ძალაუფლებაა. ძალაუფლება კი სასურველ, მაგრამ ჭირვეულ ქალს ჰგავს, რომელსაც პირადად, უშუალოდ, ფიზიკურად უნდა დაეუფლო. უნდა მიხვიდე და აიღო. ვერავინ ჩაგანაცვლებს. ძალაუფლების აღების ნახევრად მისტიური აქტი დუბლიორს და კასკადიორს არ ითვალისწინებს.
ვერც მელიას და კირკიტაძის გატორპედოვება, ვერც ბასიშვილის ზონდერბრიგადები საქმეს ვერ უშველის, თუ რევოლუციური ვულკანის კრატერში არ ჩავიდა ბელადი.
ბელადი კი მარტო კლიპებში „ბრუნდება“ და ისევ სხვისი ხელით უნდა ნარის გლეჯა.
ამიტომაც არ გამოვა.
არადა, ძალიან უნდა – ესიზმრება, ოცნებობს, შეჰხარის, ერთი სული აქვს, დაიპყროს, მაგრამ რადგან ეშინია ამ ფარჩაკს, ამიტომ მხოლოდ წარმოსახვაში ეუფლება და… მასტურბირებს.
დიახ, სააკაშვილის ყველა ძველი, ყველა არშემდგარი და ყველა მომდევნო, წარუმატებელი მცდელობა, არის მასტურბაცია ძალაუფლებაზე.
მისი ახლანდელი ფაცი-ფუციც – პოლიტიკური მასტურბაციის ნაირსახეობაა და სხვა არაფერი.
რამეს ურჩევდა კაცი ონანის ცოდვის მძევლად მყოფ დანარჩენ ოპოზიციას, მაგრამ არ ღირს, – მანდვე დარჩეთ, ჯობია!
P.S. ისე, მიშა, hamodi, იქნებ გამოვიდეს?!