ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „გენერალური პროკურორი“ ურუზმაგ ჯაგაევი აცხადებს, რომ მზადაა, თანამდებობა დატოვოს, თუკი ის ე.წ. „დეპუტატები“, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიან და საუბრობენ და რომლებზეც ე.წ. „გენერალურ პროკურატურას“ სხვადასხვა მასალა აქვს, უარს იტყვიან ე.წ. „საპარლამენტო იმუნიტეტზე“, „მანდატებზე“ და ე.წ. „სასამართლოს“ წინაშე წარდგებიან.
„პარლამენტარები, რომლების პასუხისგებაში მისაცემად ყველა საფუძველი არსებობს და პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შედეგებით დაინტერესებულები არიან, ინალ ჯაბიევის ტრაგიკულ სიკვდილს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ,“- განაცხადა ჯაგაევმა.
მან დაასახელა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შესაძლოა აღიძრას ე.წ. „დეპუტატების“: ალექსანდრე პლიევის, ჯამბულატ მედოევის, დავით სანაკოევისა და პარტია Ныхас-ის ლიდერის, ალან გაგლოევის, ძმის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოჰყვა, რომელიც მისი ახლობლების მტკიცებით, წამებითაა მოკლული.
აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა და ბიბილოვმა „მთავრობა“ დაითხოვა.