საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული ადამიანისათვის ცნობილია, რომ ნაცხელისუფლების თითქმის ათწლიანმა მმართველობამ სავალალო კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა ქართული ეკონომიკა, რომლის ინდიკატორიც ის შავი ციფრებია, რომლებიც ავი ბედისწერის მანიშნებელი ყვავებივით დასჩხავიან ქვეყანას. საგარეო ვაჭრობის მასშტაბური უარყოფითი სალდო, რომელიც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა ქვეყანაში არსებული რეალური ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც საქართველოში წარმოების - სოფლის მეურნეობისა და მრწველობის განუვითარებლობის და ეროვნულ პროდუქციის გასაღების ბაზრის უქონლობის შედეგია, ხოლო ეს ყველაფერი თავის მხრივ მასობრივი უმუშევრობით მოსახლეობის გაღატაკების გამომწვევი მიზეზია.
როგორც ვხედავთ, ვაჭრობის უარყოფითი სალდო ამჟამად 4 მილიარდ დოლარს უტოლდება, ანუ იმპორტი ექსპორტს სამჯერ აჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საჭიროებისათვის აუცილებელ პროდუქციასაც კი, უმცირესი რაოდენობით ვაწარმოებთ და სხვა ქვეყნებს ვუსაღებთ თავიანთ ჭარბ პროდუქციას, ანუ სხვებს ჩვენს ხარჯზე აქვთ შემოსავალი, ხოლო ჩვენ ამის გამო სიღატაკეში გვიწევს ცხოვრება. რა გასაკვირია, რომ ამგვარ გაუსაძლის ყოფას ბევრი ჩვენი თანამემამულე ცდილობს გაეცალოს და საშველი სხვა ქვეყნებში ეძებოს.
ვინც ვრჩებით, მოგვიწევს იმ საგარეო ვალების გასტუმრება, რომელიც ბოლო წლებში ასე უხვად დააკისრა ნაცრეჟიმმა საკუთარი ხალხს. მთლიანი საგარეო ვალი 2012 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით 12,0 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მაგრამ აქედან 3,9 მილიარდი აშშ დოლარი სამთავრობო სექტორის ვალია, ხოლო 706,0 მლნ აშშ დოლარი – ეროვნული ბანკის; ეს ნიშნავს, რომ სადღეისოდ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ახალშობილთა ჩათვლით – დაახლოებით 1200 დოლარის ექვივალენტი საგარეო ვალი გააჩნია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს მთავრობამ 2 მილიარდი დოლარი გრანტი მიიღო, რაც ფინანსების ის რაოდენობაა, რომელიც 30 ათასი სამაჩაბლოელი ლტოლვილისათვის, რაც დაახლოებით 7 000 ოჯახს უდრის, თითოეულისათვის 30 ათასი დოლარი კომპენსაცია რომ მიეცათ, სულ 210 მილიონი დოლარის გახარჯვა მოუწევდათ და კიდევ დარჩებოდათ მილიარდ რვაასი მილიონი დოლარი დანგრეულის აღსადგენად და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. ამას დავუმატოთ 2 მილიარდ ნახევარი დოლარი შეღავათიანი კრედიტის გადმოცემა და მიუხედავად ამისა, საოცარია, რომ ნაცხელისუფლება დამატებით კვლავ საზღვარგარეთული სესხების ძიება-აღებაში იყო, ხოლო ლტოლვილთა უმრავლესობა რეზერვაციის სტილის დასახლებებეში შეჰყარეს უმიწაწყლოდ და უმუშევრად. როგორც ჩანს, აქ შესაძლოა საუკუნის აფიორასთან გვქონდეს საქმე, რაც მართლაც დიდ გამოძიებას მოითხოვს, რომ საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდეს, თუ სად აორთქლდა ოთხი მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარი.
ამავე დროს, ინფლაციური პროცესები, რაც 2003 წელთან შედარებით ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის 200-300%-ით დაცემაში გამოიხატება, უშუალოდ კავშირშია საქონლის ფასების ანალოგიური ოდენობით ზრდასთან, რაც ასევე, ზემოთ აღნიშნული ეკონომიკური კრიზისის თანამდევია და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სიღატაკის მსხვერპლად აქცევს.
რომ არა ნაცრეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ივანიშვილის პოლიტიკური ძალის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლა, ამ ანტიეროვნულ ძალებს საქართველო აუქციონზე მთლიანად გასატანად ქონდათ გამზადებული, რაც ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს სრულ გაქრობასა და მხოლოდ უცხოელთა დერეფნად ქცევის პერსპექტივას უსახავდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული უდიდესი პრობლემებისა, რომელთა აღმოფხვრა ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მათ გადასაჭრე;ლად ივანიშვილის ხელისუფლებას კონკრეტული მილიარდიანი პროგრამები აქვს შემუშავებული, დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს სატკივარზე, რომელიც სიმსივნესავით მოედო ქართული საზოგადოების სხეულს და თუ ხელისუფლებამ მისი განკურნება დროულად არ დაიწყო, იგი ამავე საზოგადოებას უდიდეს საფრთხეს შეუქმნის.
საკითხი ეხება საბანკო და სხვა სასესხო კომპანიების, თუ კერძო პირების კრედიტებით დაზარალებულებს, რომელთა რაოდენობა მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე საქართველოსათვის კატასტროფულად მაღალია და უკვე ეროვნული მასშტაბის ტრაგედიის სახეს იძენს. სტატისტიკა მართლაც რომ შთამბეჭდავია. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (2008-2012წწ) საბანკო სექტორის პოლიტიკის შედეგად საცხოვრებლისა და პირადი ქონების გარეშე დარჩა 172 300 ოჯახი. ეს ნიშნავს, რომ რეალურად დაახლოებით სამ მილიონ ნახევრიან ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 20 % სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი, ან გაუარესებულ პირობებში ცხოვრობს ბევრად მცირე ფართში, ან ნაქირავებ ბინაში, ან ნათესავ-ახლობლებთან არის თავშეფარებული.
ამავე დროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ”მოვალეთა რეესტრში” 73 700 ოჯახი ირიცხება, რომლებიც ქონების დაკარგვასა და გამოსახლებას ელოდება. არსებული მონაცემებით თუ გადავანაწილებთ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახების რაოდენობას თითოეულ წელზე, მაშინ გამოდის, რომ საშუალოდ ყოველწლიურად საბანკო კრედიტებით 40 ათასი ოჯახი კარგავს სახლ-კარს, რაც ქალაქების გორისა და ბათუმის მოსახლეობაზე ბევრად მეტია.
ამავე დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, საბანკო სექტორმა 2011 წელს უპრეცედენტო მოგება ნახა - 323 მლნ ლარი, ხოლო 2012 წლის იანვარ-ოქტომბერი 101,808 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, ნოემბერ-დეკემბერი ჯერ წინ აქვთ მოგების ტრადიციულ ნიშნულამდე მისასვლელად, რადგან, სავარაუდოდ, არჩევნების წინ ერიდებოდნენ მასობრივად მოვალებისთვის ქონების ჩამორთმევას, მითუმეტეს, ამ ნაბიჯისკენ მათ პრეზიდენტმაც მოუწოდა, რაც მისი მორიგი ფარისევლური და ცინიკური განცხადება იყო, ხოლო ამ ეტაპზე, ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრ შემთხვევაში შეჩერებული აქვთ გამოსახლებების პროცესი და ახალი მთავრობის მიერ ამ საკითხის მიმართ გადაწყვეტილებებს ელოდებიან.
2008 წლის მესამე კვარტალში (აგვისტოს ომამდე) ამ ბანკების ბალანსზე 2,3 მილიონი ლარის დასაკუთრებული ქონება აღირიცხებოდა. 4 წლის შემდეგ, 2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კი – ჯამურად 82,3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჩამორთმეული ქონება აღირიცხება. ყველაზე შემცირებული გაანგარიშებით ბანკები ყოველწლიურად საკუთარი მოვალეეების დაახლოებით 300 მილიონი ლარის ქონებას ისაკუთრებენ. ისიც გავიხსენოთ, რომ ბანკები ამ ბინების უმრავლესობას, როგორც წესი, მათი საბაზრო ღირებულების მაქსიმუმი მესამედ ფასში იღებენ საკუთრებაში, მაშასადამე, რეალურად ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიარდი ლარის უძრავი ქონება უვარდებათ ბანკებს ხელში. ეს კი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ლარის ღირებულების ბინებს ნიშნავს.
არსებულ ვითარებაში მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვერ უძლებენ ასეთ სტრესს და გამოსავალს მხოლოდ სიცოცხლის თვითმკველელობით დასრულებაში ხედავენ. 2009 წლის 7 მაისი: წნორში მცხოვრებმა 40 წლის რობერტ ხოხონიშვილმა ტყეში ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ახლობლების განცხადებით, ხოხონიშვილს ბანკის კრედიტი – 3 ათასი ლარი ჰქონდა დასაფარი და ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზიც.
2011 წლის 31 მარტი - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი მტკვარში გადახტა, თუმცა ის მაშველებმა წყლიდან დროულად ამოიყვანეს. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ბანკში ჩადებული ბინის დაკარგვა გახდა.
2011 წლის 31 მარტი - ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში 23 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით თავი მოიკლა. გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელსაც ვერ იხდიდა.
2012 წლის 20 ივნისი - "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისის წინ, მოქალაქე გია ხამაშურიძემ თვითმკვლელობის მიზნით ვენების გადაჭრა სცადა, თუმცა თანმხლებმა ადამიანებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. გია ხამაშურიძე, რომელსაც "საქართველოს ბანკის" ვალი აქვს, მისგან სესხის რესტრუქტურიზებას ითხოვს, რაზეც რამდენჯერმე უარი მიიღო. გია ხამაშურიძეს ბანკისგან მილიონ სამასი ათასი ლარი სესხი ჰქონდა აღებული. მილიონ ორასი ათასი მან უკვე გადაიხადა.
2012 წლის 23 ივლისი - 50 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა სამგორის მეტრო სადგურში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფრიდონ ჯანჯღავა დაძრულ მატარებელს შეუვარდა. ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი იპოთეკური სესხი გახდა.
ანალოგიური მოტივით სუიციდის ფაქტი მოხდა ესპანეთში, რამაც ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ესპანეთის ბანკები იძულებული გახდნენ ორი წლით შეეჩერებინათ იპოთეკური დავალიანებების გამო მსესხებლებისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევა.
ჩვენი, სამამულო ბანკები კი მოსახლეობის ამგვარ ტრაგიკულ ბედზე უმრავლეს შემთხვევაში ყურსაც კი არ იპარტყუნებენ. სამაგიეროდ ცნობილი ხდება ერთ-ერთი ქართველი ბანკირის, ”საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორის – ირაკლი გილაურის კოლოსალური შემოსავლის შესახებ ინფორმაცია. 2008 წელს ირაკლი გილაურს ბანკიდან 2 ტიპის შემოსავალი ჰქონდა - 2008 წლის ხელფასი და 2007 წლის ბონუსი: 2008 წლის ხელფასმა 823,650 ლარი შეადგინა, ხოლო 2007 წლის ბონუსმა - 1,371,044 ლარი, სულ 2008 წელს ირაკლი გილაურმა 2,194,694 ლარი მიიღო. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ენუქიძემ კი 2,141,623 ლარი. გამოდის, რომ 2008 წელს გილაურის ყოველთვიური შემოსავალი (ხელფასი და ბონუსი ერთად) თვეში საშუალოდ 182 ათას ლარს შეადგენდა, რაც დღეში 6 000 ლარზე მეტია. 2012 წელს ირაკლი გილაურის 1 დღის სავარაუდო შემოსავალი 13 410 ლარია.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური ფორმაციის ეპოქაში სხვის ჯიბეში ფულის თვლა და მის შესახებ უარყოფითი განწყობით მსჯელობა არ არის მიღებული, მაგრამ, როცა საქმე ეხება ათი ათასობით გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი თანამემამულის ხარჯზე უსაზღვრო გამდიდრებას, ამაზე ლაპარაკიც საჭიროა და გამოსავლის ძიებაც.
აქ უკვე აღნიშნული საკითხის მორალურ - ზნეობრივ ასპექტში განხილვის წინაშეც ვდგებით. ჩვენი ზნეობა კი ძირითადად ქრისტიანულ ნორმებს ეფუძნება. წმიდა წერილში, კერძოდ, გამოსვლათა წიგნის 22-ე თავის 24-ე მუხლში წერია: “თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დააწესებ”.
იესო ქრისტე ამბობს: “გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ” (ლუკა 6. 35).
გიორგი ბრწყინვალის სამართლის 46-ე კანონში წერია: “სარგებელი არც ქართველთ სჯულთა შიგან ძეს წესად, რომე აღიღონ, და არც სხუათა სჯულთა უწერია. და სარგებელი არის უწესო. და თუ რადმე მიმცემი კაცი ასრე ავი იყოს, რომე სარგებელი აღიღოს, რა გინდა რა ხანი გამოსულიყოს, ათსა თეთრს ზედა ორი თეთრი მიეცეს, – რაზომი დიდი ხანი დაეყოს, ამის მეტს ნურას მისცემს და არც სამართალია მისაცემლად. და თუ დია რათმე ავი კაცი არ არის, არც ამისი აღება მართებს. სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა”.
სარგებლიან სესხთან მიმართებაში ეკლესიის დამოკიდებულება თანდათან უფრო შერბილდა. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის 125-ე კანონის მიხედვით: “თეთრი რომ გასცეს კაცმან, თუ ძალი ქნა და სული სძულს, თუმანი – თვეში ხუთ შაურად; თუ სული ცოტად უყვარს – აბაზად; თუ უკეთ უყვარს – სამ შაურად; და თუ მართლა უყვარს – ორ შაურად. სულ უკეთესი ის არის, რომ სარგებელი სულ არ აიღოს”.
როგორც ვხედავთ, ქრისტიანული სარწმუნოება და ქართული ისტორიული სამართალი მევახშეობას უარყოფითად აფასებს, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს საერთოდ კრძალავს, ხოლო გაჭირვებული ადამიანებისათვის სარგებლის გამორთმევა უზნეო საქციელად მიაჩნია.
თავისთავად, ჩვენს ეპოქაში საბანკო საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების აუცილებელი სექტორია და შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ერის უდიდესი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე სწორედ ქართული ბანკის გახსნის ინიციატორი იყო საქართველოში, რადგან საბანკო სააქმიანობას ის ეროვნული საქმეების კეთების იარაღად მიიჩნევდა. მართლაც ილიასეული ქართული საადგილმამულო ბანკის დახმარებით ფუნქციონირებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქართული თეატრი და ეროვნული წარმოების განვითარებისა და ქართველებისათვის მიწების შენარჩუნების საკითხშიც თავის სიტყვას ამბობდა.
ამ ეტაპზე საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე 24.2 პროცენტია, უფრო მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს 200 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანაშია.
აქამდე არასოდეს ყოფილა მთელს მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთები ასეთ დაბალ დონეზე. განაკვეთის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება ევროპელ რეგულატორთა არსენალში ერთ-ერთი საშუალება იყო, რითაც ღრმა კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტიმულირებაა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, 2008 წლის საკრედიტო კრიზისის გამწვავებისთანავე ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 0,25 პროცენტის დიაპაზონამდე დასწია. ევროპელები კი განაკვეთს ბევრად ნელა ამცირებდნენ. საბოლოოდ, 2009 წელს ევროპის ცენრტალურმა ბანკმა იგი 1 პროცენტამდე დაიყვანა, ხოლო გასულ თვეს 0.75%-მდე. როგორც ცნობილია, მთელი 90-იანი და 2000-ნი წლების განმავლობაში იაპონიაში პრაქტიკულად ნულოვანი განაკვეთი იყო, როცა ამ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდიდა.
არადა, “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მიხედვით საბანკო სფეროს კომპონენტში ქართულ ბანკებს ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. საქართველო სესხის აღების სიმარტივით 142 ქვეყანას შორის 79–ე, ხოლო საბანკო სისტემის სიჯანსაღით 104–ე ადგილზეა.
„ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის” გენერალური დირექტორის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, „მეწარმე სუბიექტებისთვის კრედიტი არის ძვირი და ხელს უშლის ბაზრის მოთამაშეების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. იმისთვის, რომ საქართველოში ბიზნესი იყოს კონკურენტუნარიანი, მას იაფი ფინანსური რესურსი ჭირდება“.
ეკონომიკის დოქტორს სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაკროეკონომიკური კუთხით შორს არის მოწინავე პოზიციებისაგან: „საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე მაღალია. მოზიდულ და გაცემულ აქტივებს შორის არის დიდი სხვაობა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება საშუალო ევროპულს 2,5 ჯერ.“
მოსახლეობა ბანკში, ძირითადად, სამომხმარებლო სესხით სარგებლობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია და საბანკო სექტორის სიჯანსაღე - დაბალია.
საქართველოს საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30 პროცენტამდეა მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ამავე კატეგორიის სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 6,75 პროცენტს შეადგენს.
საკრედიტო ბარათებზე განაკვეთი წლიური 36 პროცენტია. იპოთეკურ სესხებზე კი - 12-დან 16 პროცენტამდე. იპოთეკურ სესხებზე ყველაზე დაბალი პროცენტი დიდ ბრიტანეთშია და ის 5 პროცენტს შეადგენს. 2012 წელს აშშ-ში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 5,22 პროცენტია.
„საკრედიტო რესურსს აძვირებს ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ცენტრალური ბანკი არ ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რადგან ინფლაციის ეშინია. კომერციულ ბანკებს კრედიტის საპროცენტო განაკვეთში მოგების მაღალი მარჟა და რისკის მაღალი პროცენტი აქვთ ჩადებული“, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ ლია ელიავას მიაჩნია, რომ ბანკები კრედიტებს მაღალი შემოსავლის სწრაფად მიღების სურვილით აძვირებენ. მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკი პროცესებში არ ჩაერევა, საპროცენტო განაკვეთი არ დაიკლებს.
ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 11-დან 17პროცენტამდეა. ხოლო უცხოურ ვალუტაში 4 -5 %-ით ნაკლებია. ძვირი დეპოზიტები მოსახლეობას ბიზნესის წარმოებისა და რისკის გაწევის სურვილს უკარგავს. რატომ უნდა დააბანდოს მოქალაქემ საკუთარი ფული ბიზნესის საწარმოებლად, როცა შეუძლია, რომ ეს ფული კომერციულ ბანკში დეპოზიტზე შეიტანოს და წელიწადში გარანტირებული საშუალოდ 12 -15%-იანი მოგება მიიღოს?
ამ საკითხზე „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს შემდეგი მოსაზრება გააჩნია: „როცა საბანკო სექტორი მონოპოლიზებულია, ბაზარზე სხვანაირი საპროცენტო განაკვეთები ვერ იქნება. როცა ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტია, ეს იმას ნიშნავს, რომ სესხზე განაკვეთი მინიმუმ 24–25 პროცენტი უნდა იყოს,ხოლო ეროვნული ბანკის მოთხოვნით, დეპოზიტებზე განთავსებული თანხის 30 პროცენტი უნდა დარეზერვდეს“.
თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანაში შემცირდება იმათი რიცხვი, ვინც პოტენციურად საბანკო კრედიტის ამღები იქნება. სამაგიეროდ საბანკო კრედიტების მომხმარებელნი გახდებიან უმეტესად უცხოელი ინვესტორები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან
შემოიტანენ იაფ საკრედიტო რესურსს. ამ უპირატესობით ისარგებლებენ და მათ ხელში აღმოჩნდება მთელი სამრეწველო სექტორი საქართველოში და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართების დიდი ოდენობაც. ხოლო ქართველი ხალხი თავის მშობლიურ ქვეყანაში მესაკუთრე ერის ფუნქციას მნიშვნელოვანწილად დაკარგავს და იქცევა მხოლოდ მოსამსახურე ერად თავისი უარყოფითი პოლიტიკურ-სოციალური შედეგებით. სამწუხაროდ, ეს პროცესი ნაცრეჟიმის 9 წლიანი ანტიეროვნული პოლიტიკის წყალობით საკმაოდ ინტენსიურად არის დაწყებული.