ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ლონდონელი სტუდენტის სწავლისთვის 23 ათასი გირვანქა სტერლინგი გაიღო. სტუდენტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ვორიქის უნივერსიტეტში მათემატიკის შესასწავლად საჭირო თანხა შეეგროვებინა.
ვიტორია მარიოს თანხის შეგროვების ონლაინ პლატფორმაზე დეტალურადაა აღწერილი, როგორ გადავიდა ოთხი წლის წინ იგი პორტუგალიიდან გაერთიანებულ სამეფოში საცხოვრებლად.
თუმცა, სწორედ ამის გამო, მას უფლება არ აქვს, სესხის ან გრანტის მიღების.
"ფულზე ძალიან ვღელავდი და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა — უნდა მეშოვა სამსახური თუ არა. ამდენად, იგი ჩემი ოცნების ასრულებაში დამეხმარა", — ამბობს ვიტორია.
30 წლის მომღერალმა, რომელსაც მსოფლიოში 50 მილიონი ალბომი და 150 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, ვიტორიას თანხის შეგროვების პლატფორმაზე თავად მისწერა წერილი.
ამ დროისთვის ვიტორიას მიზნის მისაღწევად საჭირო 40 ათასი გირვანქა სტერლინგის თითქმის ნახევარი ჰქონდა შეგროვებული. სვიფტმა კი მისწერა: "ვიტორია, შენს ამბავს ინტერნეტში გადავაწყდი. შენი მიზანდასახულობა და თავდადადება, რომ შენი ოცნებები რეალობად აქციო, ნამდვილად შთამაგონებელია ჩემთვის.
"მინდა, საჩუქრად გადმოგცე დარჩენილი თანხა. წარმატებას გისურვებ ყველაფერში. სიყვარულით, ტეილორი".
როცა ვიტორია მარიო ოთხი წლის წინ გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, ინგლისურად საუბარიც არ შეეძლო.
ვიტორიას თქმით, მის ოჯახს სწავლის დასაფინანსებელი სახსრები არ ჰქონდა, ამიტომ მას დაფინანსება სჭირდებოდა საცხოვრებლით, კომპიუტერით, სახელმძღვანელოებით და ზოგადი ხარჯების დაფარვით უზრუნველსაყოფად. სვიფტის დახმარება კი მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
18 წლის სტუდენტი საკუთარ გვერდზე წერს: "თუმცაღა ჩემი ამბავი გამორჩეული სულაც არაა, ჩემი ოცნება, გავხდე მათემატიკოსი, არა მხოლოდ სოციალური მობილობის საშუალებაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, არამედ შესაძლებლობა, იმედი მივცე იმ ადამიანებს, ვინც ჩემ მსგავსად ცდილობს და ისწრაფვის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნისთვის".
ვიტორია დასძენს, რომ იგი ყოველთვის "ბეჯითი" იყო, თუმცა, როცა 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, ინგლისურად საუბარიც არ შეეძლო.
არახელსაყრელი წინაპირობების მიუხედავად, მან სკოლა უმაღლესი ქულებით დაამთავრა.
გაერთიანებულ სამეფოში ჩამოსვლამდე ვიტორიას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა — დაეტოვებინა პორტუგალია, სადაც დედამისი კვლავ ცხოვრობს.
"მისი დატოვება ძალიან რთული იყო, თუმცა, ჩემი ოჯახის აზრით, ამ მსხვერპლის გაღება ღირდა", — ამბობს ვიტორია.
მისი გათვლით, 24 ათასი გირვანქა სტერლინგი საცხოვრებლისთვის დასჭირდება, 3 ათასი — სხვადასხვაგვარი სასწავლო რესურსისთვის, 13 ათასი კი ზოგადი ხარჯებისთვის, როგორიც საკვები, ტრანსპორტი და კომუნალური გადასახადებია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სვიფტმა საკუთარ ფანებს სიურპრიზი გაუკეთა. გასულ წლებში მან რამდენიმე ადამიანს გადაურიცხა თანხა, რომელთა ისტორიებსაც მომღერალი ინტერნეტით გაეცნო. მათ შორის იყო ნიუიორკელი ფოტოგრაფი, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას Tumblr-ზე ითხოვდა.