2020 წლის 10 იანვარს დისნეიმ ახალი ანიმაციური სერიალი The Owl House გამოუშვა, რომელიც გიგანტი კომპანიის ისტორიული პროექტი გახდა: ეს დისნეის პირველი ანიმაციური სერიალია, რომლის მთავარი გმირიც ბისექსუალია.
სერიალის პროტაგონისტი 14 წლის ლუს ნოსედაა, რომელიც სხვა სამყაროში მოგზაურობას გადაწყვეტს, რათა ალქაჯი გახდეს. სერიალის დასაწყის სერიებში ჩანს, რომ მას ბიჭები იზიდავს, თუმცა ბოლო ორ ეპიზოდში, რომლებიც 8 და 15 აგვისტოს გამოვიდა, ლუსს მჭიდრო კავშირი ჩამოუყალიბდა გოგო პერსონაჟთან, რომელსაც ემიტი ჰქვია: ემიტიმ ლუსს სთხოვა, რომ გამოსამშვიდობებელი საღამოს შესაფერისი წყვილის ცეკვა შეესრულებინათ.
სერიალის შემქმნელმა, დენა ტერასმა ტვიტერის პირად ანგარიშზე ფანების თეორიები დაადასტურა, რომ ეს სცენა ქვიარ ურთიერთობების გამოხატულებაა. თუმცა, როგორც ჩანს, დისნეის მესვეურები თავიდანვე სულაც არ იყვნენ თანახმა, რომ ანიმაციაში მსგავსი საკითხები ყოფილიყო წამოჭრილი.
"პროექტზე მუშაობისას ღიად გამოვხატავდი ჩემს სურვილს, რომ პერსონაჟებს შორის ქვიარ ბავშვებიც ყოფილიყვნენ. თავდაპირველად მითხრეს, რომ არ შემეძლო ბისექსუალი ან გეი ურთიერთობების წარმოჩენა დისნეიზე", — წერს შოუს შემოქმედი.
თუმცა საბოლოოდ ყველაფერი შეიცვალა:
"ბისექსუალი ვარ და მინდა, ბისექსუალი გმირი შევქმნა. საბედნიეროდ, ჩემმა სიჯიუტემ შედეგი გამოიღო და ამჟამად დისნეის ხელმძღვანელობა ბოლომდე მხარს მიჭერს".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დისნეის პროექტებში ღიად LGBTQ პერსონაჟი გამოჩნდა, თუმცა აქამდე ისინი ძირითადად მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს გამოსულ ასევე დისნეის ახალ ანიმაციაში Onward ლესბოსელი პერსონაჟი ვიხილეთ, რომელიც რუსეთში ცენზურის მსხვერპლი გახდა. მანამდე კი Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია Out გამოუშვა, რომლის მთავარი გმირიც გეი პერსონაჟია.