დის კორონავირუსით დაინფიცირებაში შერონ სტოუნი იმ ხალხს ადანაშაულებს, ვინც პირბადეს არ ატარებს

დის კორონავირუსით დაინფიცირებაში შერონ სტოუნი იმ ხალხს ადანაშაულებს, ვინც პირბადეს არ ატარებს

ამერიკელი მსახიობი, შერონ სტოუნი, თავისი უმცროსი დის კორონავირუსით დაინფიცირებაში იმ ხალხს სდებს ბრალს, ვინც პრინციპულად უარს აცხადებს პირბადის ტარებაზე.

62 წლის მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო განათავსა, სადაც მისი დის პალატა და თავდაცვით აღჭურვილობაში გამოწყობილი სამედიცინო პერსონალი ჩანს. ფოტოებს ერთვის წარწერაც: "ჩემს დას, კელის, რომელიც მგლურათია დაავადებული, ახლა კორონავირუსიც დაუდასტურდა. აი, მისი პალატა. ეს იმ ადამიანთაგან ერთ-ერთმა ჩაიდინა, ვინც პირბადეს არ ატარებს", — წერს სტოუნი.

"იმუნიტეტი არ აქვს. ერთადერთი ადგილი კი, სადაც გავიდა, აფთიაქი იყო.

"შეგიძლიათ, ამ ოთახის კედლებს მარტომ უყუროთ? ატარეთ პირბადე! საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. გთხოვთ", — დასძენს მსახიობი.

მოგვიანებით, ასევე საკუთარ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, სტოუნმა დის მდგომარეობაზე უფრო ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ კელის ქმარი, ბრიუს სინგერიც, "სიცოცხლისთვის იბრძვის" სპეციალურ განყოფილებაში.

მათი ოჯახი მონტანაში ცხოვრობს, სადაც ტესტირება მხოლოდ იმ ადამიანებს უტარდებათ, ვისაც გამოკვეთილი სიმპტომები აღენიშნება. სტოუნის თქმით, დედამისს, რომელმაც კარანტინის შემდეგ ორი ინფარქტი გადაიტანა, ხუთი სტენტი აქვს ჩადგმული და კარდიოსტიმულატორს ატარებს, თუმცა მისი ტესტირება ვერ მოხერხდა.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, იგი ამაოდ ცდილობდა მონტანას გუბერნატორთან და ჯანდაცვის განყოფილებასთან დაკავშირებას.

"ბებიაჩემი და ჩემი ნათლია კორონავირუსისგან დაიღუპნენ", — ამბობს სტოუნი, — "ჩემი და და მისი ქმარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ჩემი დის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიც კი არ არის".

ვიდეოს დასასრულს სტოუნმა მაყურებლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისისადმი საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა.

გასულ კვირას მსახიობმა საჯაროდ ისაუბრა სამ შემთხვევაზე, რომელიც თავად მას გადახდა და სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვარზე დააყენა. მათ შორისაა 2001 წელს გადატანილი ინსულტი, რომლის გამოც კარიერის ორი წლით შეჩერება მოუხდა. ამასთან, 14 წლის ასაკში სტოუნს სარეცხის მავთული "საუღლე ვენასთან 1,5 მილიმეტრის დაშორებით მოხვდა", ბავშვობაში კი ის მეხის დაცემის მსხვერპლიც აღმოჩნდა.