2008 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაურესების შემდეგ პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი კალიფორნიის შტატის სასამართლო დადგენილების მიხედვით კანონიერი მეურვეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა, როგორც ჩანს, თავად მომღერალს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილის გადახედვა სურს.
ბრიტნი სპირსის მეურვე 2019 წლამდე მამამისი, ჯემი სპირსი იყო, რომელმაც გასულ წელს ამ პასუხისმგებლობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით უარი თქვა და ბრიტნის მეურვედ დროებით მასთან დაახლოებული პირი, ჯოდი მონტგომერი დაინიშნა.
სასამართლომ უახლოეს მომავალში ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ საკითხზე: ბრიტნის დედა და მამა დამოუკიდებლად ითხოვენ, რომ მომღერლის მეურვეები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განკარგავენ შვილის ფინანსებს, კარიერულ ნაბიჯებს და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხს.
სულ ცოტა ხნის წინ, 17 აგვისტოს სასამართლო პროცესი გაიმართა და როგორც The New York Times წერს, ბრიტნი სპირსის ადვოკატმა მომღერლის სახელით განაცხადა, რომ მას სურს, ჯოდი მონტგომერს სამუდამოდ გაუხანგრძლივდეს მეურვეობა და მის ნაცვლად სხვა შესაძლო კანდიდატების წინააღმდეგია.
ბრიტნი სპირსზე მეურვეობა 2008 წელს მამამისმა, ჯემი სპირსმა და ადვოკატმა, ენდრიუ უოლეტმა აიღეს, რის შედეგედაც უკვე 12 წელია მომღერალს უფლება არ აქვს, თავის ფინანსებთან თუ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. მსგავს ზომებს სასამართლო იმ პირებთან მიმართებაში ატარებს, რომელთაც არ აქვთ უნარი, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ: მაგალითად, დემენციის ან სხვა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ.
2019 წელს როგორც ადვოკატმა, ისე მამამ მეურვეობაზე უარი თქვეს და ეს პასუხისმგებლობა დროებით ჯოდი მონტგომერის გადაეცა. ამ წლის ივლისში სასამართლოს ხელახლა, შესაძლოა, სამუდამოდ უნდა დაენიშნა ბრიტნი სპირსისთვის ახალი მეურვე, თუმცა ფანებისა და სხვა საჯარო პირების ონლაინ მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) სასამართლოსგან მეტ გამჭირვალობასა და კრიტიკულობას მოითხოვს: ბევრი მიიჩნევს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მომღერლის თავისუფლება უსაფუძვლოდ იყო შეზღუდული.
მეტიც — ფანების ნაწილს მიაჩნია, რომ სპირსის მამა პოპვარსკვლავის მდგომარეობას თავის სასიკეთოდ იყენებს: Variety-ის ცნობით, სასამართლო დადგენილებით, როგორც მეურვე, ჯემი სპირსი ყოველწლიურად $130 000-ს იღებს.
ბრიტნის მეურვეობის საკითხის გადახედვას ითხოვს მისი ძმაც:
"რაღაც პერიოდის განმავლობაში ის მეურვეობის ქვეშ იყო. ცხადია, თავდაპირველად ამის აუცილებლობა არსებობდა. აპირებენ, რომ ამ მხრივ რაღაც ცვლილებები შეიტანონ და ვიმედოვნებთ, ყველაფერი ბრიტნის სასიკეთოდ გადაწყდება", — განაცხადა ბრაინ სპირსმა ინტერვიუში.
უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.