გამჭვირვალე ტუალეტების ხსენებისას, ალბათ, ყველას პირველი ყველაზე საშინელი კოშმარი წარმოუდგება თვალწინ, თუმცა ტოკიოში განხორციელებული ერთ-ერთი ამბიციური პროექტის ავტორებს მთლად ასე არ წარმოუდგენიათ ყველაფერი.
რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტოკიოში, შიბუას რაიონში ფერადი, გამჭვირვალე შუშის საჯარო ტუალეტები გამოჩნდა. ოღონდ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენგან განსხვავებით იაპონიის დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას მსგავსი უჩვეულო საპირფარეშოები იზიდავს.
ახალი ტუალეტების იდეა პრიცკერის არქიტექტურული პრემიის მფლობელ არქიტექტორ შიგერუ ბანს ეკუთვნის: მან თავისი წვლილი შეიტანა ტოკიოს ტუალეტების პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქში ამჟამად არსებული ტუალეტების სუფთა და უსაფრთხო სივრცეებით ჩანაცვლებას.
შიგერუ ბანის დიზაინით შექმნილი ტუალეტები ნათელი და ფერადია. ჰო, და რაც მთავარია, ისინი გამჭვირვალეა.
ამ უჩვეულო დიზაინის მქონე ტუალეტების მთავარი დანიშნულებაა, რომ მასში შესვლის წინ ნებისმიერ მსურველს წინასწარ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ტუალეტში დაცულ ჰიგიენასა და უსაფრთხოებაში დარწმუნდეს.
ახალი ტუალეტების განთავსებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია Nippon Foundation-მა იზრუნა. The Guardian-ის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ პროექტით მათ ორი რამის მიღწევა სურდათ: "პირველ რიგში, მარტივად რომ გავიგოთ, არის თუ ის სუფთა, მეორე მხრივ კი დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ იქ ჩუმად არავინ გველოდება".
მართალია, ახალი ტუალეტები გარედან ფერადი და გამჭვირვალეა, თუმცა შიგნით შესვლისას და ტუალეტით სარგებლობისას ადამიანებს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა აქვთ, დაცული პირადი სივრცით ისარგებლო და გარედან უცხო თვალისთვის უხილავები გახდნენ.
ამ შედეგს იდეის ავტორებმა ეგრეთ წოდებული "ჭკვიანი შუშის" საშუალებით მიაღწიეს: როცა ტუალეტში შედიხარ და კარს კეტავ, შუშები გარედან გაუმჭვირვალე ხდება. ერთადერთი დაძაბულობა იმან შეიძლება გამოიწვიოს, რომ შიგნით ყოფნისას ამას თავად ვერ შეამჩნევ, ამიტომ უნდა დარწმუნდე, რომ კარი ნამდვილად ჩაკეტილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღამით ტუალეტები ანათებს: მათი ნახვისას, ალბათ, არც კი იფიქრებთ, რომ ტუალეტია.
იდეას ავტორები განცხადებით, მსგავსი დიზაინის შექმნა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ იაპონური ტუალეტების ჰიგიენასთან დაკავშირებული არც ისე საამაყო რეპუტაცია გამოესწორებინათ: ტოკიოში არსებულ საჯარო ტუალეტებს მოსახლეობის უმეტესობა ხშირად "ბნელ, ბინძურ, სუნიან და საშიშ" სივრცეებად მოიხსენიებს.
როგორც The New Yorks Times თიმეს წერს, ამ ახალმა საჯარო საპირფარეშოებმა ადგილობრივ მოსახლეობაში ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა: ადამიანების ნაწილის აზრით, მათ მსგავს ტუალეტებთან შეგუება გაუჭირდებათ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პირიქით, პირველად ისარგებლებენ საჯარო ტუალეტით შიშის გარეშე.