სოლომონის ტესტი

სოლომონის ტესტი

პრემიერ– მინისტრის, როგორც „გენიალური“  კონსტიტუციონალისტის და მის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო შესწორების შეფასებას იდუმალმა სოლომონ–ბრძენმა ორი სტატია უძღვნა. მას, საერთოდ, დიდი სათაურები უყვარს, მე შევამოკლებ და პირველ სტატიას „მეფურ გამბიტად“ (იხ.http://www.for.ge/view.php?for_id=20014&f_cat=2&a_title=mefuri+gambiti+(fiqrebi+ivaniSvilis+winadadebaze),  ხოლო მეორეს „ტესტად“ (იხ.http://www.for.ge/view.php?for_id=20023&f_cat=12&a_title=pasuxi+qalbaton+Makaterina+Katerina-s+sakonstitucio+kiTxvaze) მოვიხსენიებ.

პირველ სტატიაში სოლომონი აღფრთოვანებულია და მისი დასკვნა ამ საკონსტიტუციო შესწორებების თაობაზე  ვივა–ვავას ძახილია:  Viva Cohabitation! (იგულისხმება ვივა ბიძინაო!) და Vava Misha..–ს კი, თარგმნა, ცხადია, არ სჭირდება.

აი, მეორე სტატიაში კი სოლომონი საკუთარ თავს კონსტიტუციონალისტის ტესტს უსვამს, ოღონდ ვინმე მაკატერინა კატერინას იხმობს ფანტაზიიდან ამ ჩამჭრელი სატეტსო შეკითხვის ავტორად. ეს შეკითხვა ასე გამოიყურება:

„პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილების (რომ პრეზიდენტმა არჩევნებიდან 3 თვეში შეძლოს პარლამენტის დათხოვნა) შეტანა თუ შეუძლია, ანუ ხმათა 2/3–ს მიღება შესაძლებელია, რატომ ის ცვლილება არ შეაქვთ, რომ ახალი კონსტიტუცია 5 იანვრიდან შევიდეს ძალაში? ამით ხომ ყველაფერი მოგვარდება და პოლიტიკურ კრიზისსაც ავცდებით?! გაქვთ სავარაუდო პასუხი?!“

პასუხს კი აქ აღარ მოვიყვან, მკითხველს თავადაც შეუძლია გაეცნოს.

მოდით, ეს შეკითხვა სოლომონის ტესტად ვაქციოთ და პარლამეტის იმ 78–ივე წევრს დავუსვათ, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებას ხელი მოაწერა.  სოლომონის ტესტი მარტივია: ჭეშმარიტება მეტია თუ, კონსტიტუციური ცვლილების ავტორის ავტორიტეტი?

სოლომონს, ისევე როგორც იმ 78 დეპუტატს, გონია, რომ კონსტიტუციონალისტის ტესტი წარმატებით ჩააბარა. მეც მაქვს ეჭვი, რომ დიდი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, თუ იგი გაპრეზიდენტდა, მას, ისევე როგორც ნებისმიერს, ვინც სოლომონის ტესტს ავტორიტეტულად  ჩააბარებს,  მართლაც საკონსტიტუციო სასამართლოს ანდობს.

სოლომონის ტესტი ზემოთ დასმულ შეკითხვაზე უარყოფით პასუხთან ერთად „მეფური გამბიტის“ შედევრად აღიარებასაც გულისხმობს. ახლა საზოგადოება სწორედ სატესტო რეჟიმშია, ამიტომ მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას და სოლომონის ტესტის მიმართ დამოკიდებულებას გავამჟღავნებ.

ეჰ, ბატონო სოლომონ, სოლომონ,

პირდაპირ ვიტყვი, ეს ელემენტარული ტესტი ვერ გაიარეთ ვერც თქვენ და ვერც ამ ახალი საკონსტიტუციო აბარაკადაბრას ინიციატორებმა;
 ვერ გაიარეთ და აი რატომ:

1. კონსტიტუცია კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტზე კი არ უნდა იყოს გათვლილი, არამედ პოლიტიკურ სისტემას უნდა ადგენდეს; ეს ცვლილება კი, რომელიც მიღების შემთხვევაში სულ რაღაც 10 თვიანი პერიოდისათვის იმოქმედებს, სწორედ ad hog, მხოლოდ "ამ შემთხვევისათვის" ანუ მიშას პრეზიდენტობის ვითომ გასანეიტრალებლად მიიღება. ცვლილებები იგეგემება კონსტიტუციის იმ ნორმებში, რომლებიც ისედაც კარგავენ ძალას ახალი სისტემის ამოქმედებისას, ანუ არსებული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.

სად არის გარანტია, რომ სამომავლოდ, რაღაც კონკრეტული პოლიტიკური მომენტის დადგომისას სარგებლის მისარებად ან მოსალოდნელი პრობლემის დასაძლევად „ავტორიტეტული“ პოლიტიკოსები იგივეს არ ჩაიდენენ?

სწორედ ამას ჰქვია კონსტიტუციის გაბახება, როცა ცდილობ კონკრეტულ სიტუაციას მოარგო საკონსტიტუციო ნორმა და არა პირიქით - ე.ი. კონკრეტული სიტუაცია არ გაგექცეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. პრობლემა აქ ის კი არ არის, საჭიროა თუ არა სააკაშვილის განეიტრალება, არამედ ის, რომ კონსტიტუცია, რომელიც ისედაც გაუპატიურებულია და ქუჩის მეძავს გავს, კიდევ ერთხელ გაბახდება. ნაც-ხროვის მიერ 2004 წლიდან დაწყებული სამართალ-მწვალებლობა ესტაფეტით გრძელდება. საკითხავია, როდემდე?

2. კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატორები, ისევე, როგორც თქვენ, ვერ ხედავთ (ან ხედავთ და არაფერს აკეთებთ!) მთავარ სისტემურ პრობლემას - ახალი არჩევნებით ფაქტიურად სწორედაც სისტემა შეიცვალა: ხალხის მანდატი, რომელიც აქვს პარლამენტსა და, გამომდინარე - მთავრობას, ეჭვს ქვეშ აყენებს მოქმედი პრეზიდენტის მანდატს. ეს, ანუ, სააკაშვილისა და მისი დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკური მარცხი, იყო ამ არჩევნების მთავარი შედეგი.

თუმცა, გაბახებული კონსტიტუცია ამ შედეგის სამართლებრივი რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა, რადგან სისტემური ცვლილებები კონსტიტუციაში მხოლოდ მას მერე ამოქმედდება, რაც ახალი პრზიდენტი აირჩევა. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, ე.ი.ახალი სისტემის ამოქმედების დაკავშირება პრეზიდენტის მანდატან, არსებული და შესაძლოა კრიტიკულამდე მისული კრიზისის მთავარი წყარო.

3. საკითხისადმი სისტემური ანუ კონსტიტუციური დამოკიდებულება მხოლოდ ერთ გამოსავალს ტოვებს: დალოცვილებო, თუ პარლამენტში შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება, მაშ ცვლილებები მთავრობის დათხოვნის წესს კი არა, მთლიანად მახინჯი სისტემის გაუქმებას უნდა ემსახურებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით არა ახალი პრზიდენტის არჩევის შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ძალაში ახალი სისტემა - ის სისტემა, სადაც მთავრობა აღარ არის პრეზიდენტის, არამედ მას პარლამენტი ნიშნავს, ცხადია, ეს ზუსტადაც არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასაც ადექვატურად ასახავს. ეს არ გულისხმობს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. იკითხავენ – კი, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტის მანდატი რომ იზღუდებაო? დიახ, ბატონო, იზღუდება, მაგრამ ეს ხდება კონსტიტუციის ძალით და იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის მანდატი 5-წლიანია; 20 იანვარს ეს 5 წელი გადის და ამის მერე იყოს ოქტომბრამდე იგივე პრეზიდენტი, რახან თურმე არჩევნების თარიღად ოქტომბერი ჯობია, მაგრამ მისი მანდატი კი უნდა შეიზღუდოს.

4. რაც მთავარია – ეს ინიციირებული ცვლილებები სიტუაციას არ განმუხტავს;  პრეზიდენტს, გარდა იმისა, რომ მოქმედი კონსტიტუციით ჰქონდა საკუთარი მთავრობის პარლამენტის ნების გარეშე დანიშვნის უფლება, (რაც მხოლოდ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში შეიძლება ხდებოდეს და არა ნახევრად საპრეზიდენტოში) სხვა პრეროგატივებიც გააჩნდა და უნარჩუნდება კიდეც. ეს ხაზგასმით განაცხადა უსუფაშვილმა. მაგალითად - მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება გააუქმოს, ე.ი. მთავრობა პრაქტიკულად ქმედუუნარო გახადოს. ეს ცვლილებები მთავრობის დათხოვნის უფლებას პარლამენტის ნების გარეშე მას ართმევს (თუმცა, სააკაშვილს შეუძლია ეს უფლება ცვლილებების მიღებამდეც გამოიყენოს!), მაგრამ მთავრობის აქტების გაუქმების უფლებას - ვერა. აღარაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, რომ ცვლილებებ არ შეეხება იმ საკონსტიტუციო ნორმას, რომლის ძალითაც მთავრობა პრზიდენტის წინაშეა ანგარიშვალდებული!

სისტემური კრიზისის დაძლევა ამ ცვლილებებით ვერ მოხდება. მაშ, რას ემსახურება იგი? ეჭვი მაქვს, რომ - არაფერს, მხოლოდ ერთი კაცის ხუშტურს, რომელმაც წარმოიდგინა, რომ გენიოსი კონსტიტუციონალისტია და თავისი ავტორიტეტის ძალით მთელი გუნდი აიყოლია. ხოლო ზოგიერთი მინისტრი (საბედნიეროდ, ყველა არა) და თქვენც, ბატონო სოლომონ, მას დათვურ სამსახურს უწევთ და მის მცდარ ნაბიჯს დითირამბებს უძღვნით. 

იგივეს თქმა შეიძლება იმ ხალზეც, ვინც თქვენსავით ჩააბარა სოლომონის ტესტი. ამ ხალხისათვის  მთავარია ავტორიტეტს გავუფრთხილდეთ, ხოლო ჭეშმარიტება, სიმართლე ვითომც არც არსებობს.

ვინც ავტორიტეტის გამო სიმართლეს დაივიწყებს, მას არ ჭირდება და არც არასდროს ექნება კონსტიტუცია!

უნდა ვაღიაროთ: ჩვენ კონსტიტუცია არა გვაქვს, სამაგიეროდ გვყვანან ავტორიტეტები. და ერთ–ერთი, თქვენი ღრმადანალიტიკოსობა –  ჟურნალისტიკის მეტრი სოლომონიც არის!
ასე რომ, თქვენ არა მხოლოდ კონსტიტუციონალისტის ტესტი ვერ გაიარეთ, არამედ, კრიტიკული ობიექტურობის ტესტშიც, მე მგონი, პრობლემები შეგექმნათ.

ძალიან ვწუხვარ!