პროფესიით მყვინთავმა, ჯორჯ კურიმ 1987 წელს S.S Politician-ს მიაგნო. ეს ხომალდი შოტლანდიის სანაპიროსთან 1941 წელს ჩაიძირა და, როგორც ჩანს, მისით საკმაოდ დიდი როდენობის (28 ათასი შეკვრა) ვისკი გადაჰქონდათ.
კურიმ გემის აღმოჩენის შემდეგ ერთი ბოთლი ვისკი თავისთვის დაიტოვა და მას ერთგვარ ანტიკვარად ინახავდა, რომლის შესახებაც ოჯახს და მეგობრებს სიამაყით უყვებოდა ხოლმე. თუმცა ამჯერად კურიმ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე ვისკის მყვინთავის ჩაფხუტი და ჩაძირულ ხომალდზე ნაპოვნი აგურიც მოყვება. Forbes-ის რეპორტაჟის მიხედვით ნავარაუდებია, რომ ვისკი, ზემოხსენებულ ნივთებთან ერთად 20 ათას დოლარად გაიყიდება.
საინტერესო ისაა, რომ ხომალდის ჩაძირვის შემდეგ ბევრმა შოტლანდიელმა ათასობით ჩაძირული ვისკის მოპოვება გადაწყვიტა. მყვინთავებს ჩაძირული გემიდან ალკოჰოლის შეკვრები მიჰქონდათ, რაც მთავრობის იმდროინდელი გადაწყვეტილებით არალეგალური იყო.
ამის გამო ადგილობრივმა მთავრობამ გემის ნაწილის დეტონაციის ბრძანება გასცა, რის შედეგაც ხომალდი კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირა და უბრალო მცურავებისთვის მიუწვდომელი გახდა. აფეთქებაში მოყვა ალკოჰოლის საწყობიც, ამიტომ კურის ძალიან გაუკვირდა, რომ ხელუხლებელ შეკვრას მიაგნო.
ვისკის ენთუზიასტებისთვის სამწუხაროდ, გემიდან მოპოვებული ალკოჰოლი დასალევად უკვე გამოუსადეგარია.