ვან დერ ლოგი

ვან დერ ლოგი

ერთბაშად გააგრესიულებულმა სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბანდერლოგები უწოდა, ოღონდ ეს რაღაც ნიდერლანდურ კილოკავზე გამოუვიდა – „ვან დერ ლოგები“. რას იზამ, ცოლეურის გავლენა ადრეც ეტყობოდა, ახლა კი თვალსაჩინო გახდა, ან იქნებ საშა ჩიკვაიძის მიბაძვით ჰოლანდიური ენის შესწავლა დაიწყო?

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მისი ყოფილი გენერალური მდივანი, გიორგი არველაძე მოფერებით ბანდერლოგებს საკუთარ თავს და მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებდა, როცა 2003 წლის „ვარდების რევოლუციაზე“ წერდა – „ბანდერლოგებივით შევესიეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზსო“. ორში ერთია: ან მიშას არ აქვს წაკითხული „მაუგლი“, ან – გიორგი არველაძეს. თუმცა არველაძის ინტერპრეტაცია ზუსტად ასახავს „ნაცმოძრაობის“ ქცევის ხასიათს, ხოლო მიშასი აშკარად იმას გავს, რუსი რომ იტყვის – „სამ დურაკ“! „ვეფხისტყაოსნის“ არწამკითხავს „მაუგლი“ რომ არ წაეკითხა, ამაში გასაკვირი არაფერია, მით უფრო, მიშას დაბადების დღისადმი მიძღვნილ „ოჯახურ“ სატელევიზიო სიუჟეტს თუ გავიხსენებთ.

– მიშამო, რუსული ენა თვითონ ისწავლაო, – გაგვანდო „საქართველოს პირველმა დედამ“, – რუსული გაზეთები თვითონ უნდოდა, წაეკითხაო! რა სჯობდა მიშას ბავშვობაში „პრავდის“ და „იზვესტიის“ კითხვას?! აკი გამოადგა კიდევაც მაშინდელი პოლიტიკური სკოლა! ეგ არის ოღონდ, როცა „მაუგლი“ უნდა ეკითხა, ის „პრავდას“ კითხულობდა და შედეგიც, როგორც რუსული კალკი გვეუბნება – სახეზეა!

უცნაურია, მაგრამ სააკაშვილმა ზუსტად იგივე შეფასება გამოიყენა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა: ოპოზიციის წარმომადგენლებს მან შარშანდელი აქციების დროს სწორედ ბანდერლოგები უწოდა. ბლოგოსფერო ლამის აფეთქდა. აღშფოთებას არ ჰქონდა საზღვარი, თუ როგორ გაუბედა პუტინმა ქუჩაში გამოსულ ხალხს, კაასავით მიემართა! ხომ გახსოვთ პითონი კაა, რომელმაც მაუგლი გამოიხსნა ბანდერლოგების ტყვეობიდან: „ჩემსკენ, ბანდერლოგებო! მომიახლოვდით! ახლოს! უფრო ახლოს!“

ბანდერლოგები „მაუგლიში“ გაიძახოდნენ: „ჩვენ დიადები ვართ! ჩვენ აღტაცებას ვიმსახურებთ! ისეთ აღტაცებას, როგორც ჯუნგლების არცერთი ხალხი! ჩვენ ასე ვამბობთ, ესე იგი, ეს სიმართლეა!“

ხომ არ გეცნობათ? ჩვენებური ვან დერ ლოგი „ექსპო ჯორჯიაში“ იმეორებს: „რეალობა ის არის, რომ ჩვენ მოსახლეობამ გვითხრა, რომ დღეს მე მინდა სხვა ძალა და ვხედავდი შენში გარკვეულ პრობლემებს, შენიშვნები მქონდა შენთან მიმართებაში და მე მინდა, რომ ეს შენიშვნები შენ კარგად გაიაზრო და ამ შენიშვნების დაძლევის შემდეგ კიდევ დაბრუნდე ხელისუფლებაში. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ ამ შენიშვნას მივიღებთ და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში. ჩვენ დავბრუნდებით ხელისუფლებაში არა როგორც დაბოღმილი ძალა, არამედ კიდევ უფრო პროგრესზე ორიენტირებული. ჩვენ დავბრუნდებით ხელისუფლებაში სრულიად ახალი განახლებული სისხლით!“

სრულიად ახალი განახლებული სისხლი რომ ძველ ტიკებში არ ჩაისხმება, ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა. და ამ კრიტიკულ მომენტში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება. აღელდენენ ექსპერტები: ესაო, საშიშიაო, თალიბების დაზვერვას ეს ამბავი როგორ გააგებინესო, სისხლი შეიძლება დაიღვაროსო!.. აკი თქვა ვან დერ ლოგმა, „ჩვენ დავბრუნდებით ხელისუფლებაში სრულიად ახალი განახლებული სისხლითო!“ სისხლი თუ არ დაიღვარა, როგორ განახლდება? თუ ახლა სააკაშვილს თალიბები გაუსწორდებიან (ამას წინათ ხომ სწორედ „თალიბანიზაციაზე“ ილაპარაკა), ჭურჭელიც განახლდება და სისხლიც! მოწამეობრივად დაღუპული პრეზიდენტი კი სწორედ იმ დროშად იქცევა, რომლითაც ხელისუფლებაში დაბრუნებაზე შეიძლება ფიქრი!

მიხეილ ლომგული ერთი კვირით ადრე გვამცნობს, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში აპირებს ჩასვლას. მისი მხედართმთავრული ბიოგრაფიის ნებისმიერი მცოდნე ამ ვერსიას რომ ხელაღებით ვერ მიიღებს, ცხადია. იგი არც ისე ლომგულია და არც ისე შლეგი, რომ სიკვდილზე აწეული მუზარადით წავიდეს, ისევ ორში ერთია: ან მას გარემოცვა უბიძგებს დასაღუპად, ან იგი თვითონ ცდილობს, ჰელმანდში „დაიკარგოს“. რეინკარნაცია კი არასოდეს არის გვიან. თუ დღევანდელი ოპოზიცია იყოჩაღებს, თეთრ რაშზე ამხედრებული ლომგული ბედკრულ სამშობლოს დაუბრუნდება.

არ გეგონოთ, შეთქმულების თეორიები მომწონდეს, მაგრამ სულ ახლახანს თავად მიშამ განაცხადა: „დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ჯადოქრები ვართ და ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდებაო!“ რა სისულელეაო – იტყვიან ინტელექტუალი ექსპერტები. გეთანხმებით, მაგრამ განა 2003 წლიდან ამაზე ნაკლები სისულელეების შემსწრენი ვიყავით?

მაშინ, მოდით, სერიოზულად ვიმსჯელოთ: რის იმედზე შეიძლება იყოს ყოფილი მმართველი პარტია, როცა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობს, თან „იმაზე მალე, ვიდრე გგონიათ“? იმის, რომ აპრილში სააკაშვილი პარლამენტს დაითხოვს? და რა უნდა მიიღოს ამით? 40 პროცენტს რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს, ეს ნათელია. ამიტომაც უპასუხა პრემიერმა ივანიშვილმა – დაითხოვოსო! 40 – არა, და 5–პროცენტიანი ბარიერის დაძლევაც რომ პრობლემად ექცევათ, ეს ცხადია. რაც უფრო აბსურდული იქნება დაბრუნების სცენარი, მით უფრო მეტი შანსია, რომ იგი განხორციელდეს.

რაც მეტს საუბრობს სააკაშვილი სტაბილურობაზე, მით უფრო დიდია შესაძლებლობა, რომ იგი სწორედ დესტაბილიზაციის გზით დააპირებს ძალაუფლების დაბრუნებას. როგორ ჰოლანდიურადაც არ უნდა დაარქვა „ვან დერ ლოგი“, ბანდერლოგი მაინც ბანდერლოგია და სწორედ ბანდერლოგურად მოიქცევა. სხვათა შორის, სამხედრო ჟარგონზე ბანდერლოგებს ГРУ–ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებს უწოდებენ, რომლებიც უცხო ენებს გაღრმავებულად შეისწავლიან და აკრობატულ ილეთებს ფლობენ.

ვისაც არ გჯერათ, რომ ძალაუფლების დასაბრუნებლად სააკაშვილი რუსებსაც შეეკვრება და თალიბებსაც, თეა თუთბერიძის ფანებში ჩაეწერეთ!

P.S. ოდესღაც „დემოკრატიის შუქურად“ ნამუშევარმა სააკაშვილმა დღეს უკვე „ბეჭედი დაუსვა“ საქართველოს უახლეს ისტორიას: „პროვინციული ფაშიზმიდან“ – „პროვინციულ დიქტატურამდე“ (მის მიერ მოფიქრებული ტერმინია!). ფაშიზმი და დიქტატურა იქით იყოს, მაგრამ ეს პროვინციალიზმი მაინც როგორ ვერ მოვიშალეთ?