კითხვა:
Makaterina Katerina:
სოლომონ, როგორც ეჭვმიტანილ კონსტიტუციონალისტს და ანალიტიკოსს, გეკითხებით:–
პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილების (რომ პრეზიდენტმა არჩევნებიდან 3 თვეში შეძლოს პარლამენტის დათხოვნა) შეტანა თუ შეუძლია, ანუ ხმათა 2/3 –ს მიღება შესაძლებელია, რატომ ის ცვლილება არ შეაქვთ,რომ ახალი კონსტიტუცია 5 იანვრიდან შევიდეს ძალაში? ამით ხომ ყველაფერი მოგვარდება და პოლიტიკურ კრიზისსაც ავცდებით?! გაქვთ სავარაუდო პასუხი?!
პასუხი:
Solomon Ternaleli:
ქალბატონო მაკატერინა – არ ვიცი, ეს შეკითხვა ჩასაჭრელია (“ნა ზასიპკუა”) თუ მეგობრულ-საბაასო, მაგრამ შევეცდები, გიპასუხოთ.
ზუსტი პასუხი არ მაქვს. გიპასუხებთ, მე რა მგონია.
1) პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივაში მთავარი ის კი არაა, რომ მიშას შეეძლოს 3 თვეში პარლამენტის დათხოვა, ნაცვლად 6 თვისა, არამედ ის, რომ მიშას არ შეეძლოს თავის ჭკუაზე როგორც მინისტრთა კაბინეტის, ასევე ერთდროულად პარლამენტის დათხოვაც. ახალი საკონსტიტუციო შესწორება გულისხმობს, რომ მიშას შეუძლია აირჩიოს:
ა) ან დაითხოვოს მინისტრთა კაბინეტი და დატოვოს პარლამენტი და თხოვოს ამ პარლამენტს ახალი კაბინეტის დამტკიცება,
ბ) ან დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მაშინ უნდა დატოვოს ის მთავრობა, რაც ახლა არის!
ანუ ამ ორიდან ერთი უნდა აირჩიოს და არა – ორივე! და ეს ძალიან სამართლიანი პირობაა, რადგან სხვანაირად გამოდის, რომ ერთი კაცი ცვლის მთელი ერის ნებას გაურკვეველი დროით!
2) მართლაც, როგორც ეს ცვლილება, ასევე – საკონსტიტუციო რეფორმის ნაადრევი ამოქმედება, მოითხოვს საპარლამენტო ხმათა 2/3-ს (ამჟამად – 98 ხმას) და მართლაც, ჩემი აზრითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების ნაადრევი ამოქმედება აგვაცილებდა პოლიტიკურ კრიზისს და სააკაშვილს უკვე 2013 წ. 20 იანვრიდან (როცა პრეზიდენტობს 5 წლიანი ვადა ეწურება!) აქცევდა მას საქორწილო გენერლად!
3) ჩემი ლოგიკური პასუხი ასეთია: თუ საკონსტიტუციო რეფორმას ნაადრევად ავამოქმედებდით, მაშინ უნდა დაგვენიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ვერ იქნებოდა ოქტომბერში და დაირღვეოდა 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც ალბათ, აჯობებს დარჩეს – არჩევნებისთვის ოქტომბერი ძალიან კარგი თვეა (რატომ, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ). გარდა ამისა, უცხოეთში ძალიან ბევრი მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეუკვეცა სააკაშვილს მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები მთელი 9 თვით! ის, რომ ჩვენ ამ დროს ვიცავთ კონსტიტუციის იმ პარაგრაფს, რომლითაც საპრეზიდენტო მაქსიმალური ვადა 5 წელია, არაა მაინცდამაინც მყარი არგუმენტი, რადგან, თუ კონსტიტუციაში ორი წინააღმდეგობრივი პარაგრაფი აღმოჩნდა (წესით, ეს დაუშვებელია, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, როცა ჭკუის კოლოფებმა პრაქტიკულად ყველანაირი სახალხო განხილვა აიცილეს), მაშინ (დაუწერელი წესით) უპირატესობა უნდა მიეცეს უფრო გვიან მიღებული პარაგრაფის დაცვას – უფრო ადრე მიღებულის დარღვევის ხარჯზე. გარდა ამისა, საკონსტიტუციო რეფორმების თარიღის წინ გადმოწევა (რაც აშკარად „ქართული ოცნების“ ინტერესებშია) ზუსტად ისევე ჰგავს კონსტიტუციის საკუთარ მხრებზე მორგებას, როგორც ამას მიშა აკეთებდა 9 წელი! ამიტომ უფრო რბილი და ნაკლებად საკრიტიკო ვარიანტია ის, რომ დავუტოვოთ მიხეილ სააკაშვილს მისი ყველა უფლებამოსილება ოქტომბრამდე. და არამცთუ დავუტოვოთ, არამედ პირიქით, – მნიშვნელოვნად გავუზარდოთ კიდეც ზოგიერთი სერიოზული უფლებამოსილების მოქმედების ინტერვალი! ოღონდ იმ უპირველესი შესწორების პირობით – მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს იუპიტერული უფლება, რომ რამდენიმე თვით სრულად ჩაანაცვლოს ქართველი ხალხის ნება: დაშალოს პარლამენტიც და თავად ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა.
P.S. გავიარე ტესტი?
თუ ასეა, ვახტანგ ხმალაძეს მაინც პრეზიდენტობას უპირებენ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ადგილზე რომ გავაგზავნო CV, ხომ დამიჭერთ მხარს?