თანამედროვე სამყაროში ზედმეტად ბევრი საკვების მიღება ერთობ აქტუალური პრობლემაა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ საკითხის შესახებ ბევრი ისეთი კვლევა ჩატარებულა, რომელთა მიზანიც ჯანმრთელობაზე გადამეტებული კვების გავლენის შესწავლაა. ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ეგუება ჩვენი სხეული გადამეტებულ კვებას და როგორ აისახება ეს ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.
ადამიანს გადამეტებული რაოდენობის საკვების მიღების ატანა ხანგრძლივი პერიოდით შეუძლია, თუმცა ეს აუცილებლად კარგი რამ ნამდვილად არ არის. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში გადამეტებულად ჭამამ, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედოს — მათ შორის, სისხლში შაქრის კონცენტრაცია გაზარდოს.
ახლახან ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, თუ რამდენის ჭამა შეეძლოთ ადამიანებს და რა ეფექტი ექნებოდა ამას სხეულზე. ამისთვის გუნდმა ექსპერიმენტი ჩაატარა. მასში 14 ჯანმრთელი, 22-37 წლის ადამიანი მონაწილეობდა. პირველ ცდაზე მათ სთხოვეს, რომ იქამდე ეჭამათ პიცა, სანამ არ დანაყრდებოდნენ. მათ, საშუალოდ, დაახლოებით 1 500 კალორია მიიღეს.
შემდეგ ცდაზე კი მათ სთხოვეს, რომ იქამდე ეჭამათ, სადამდეც შეძლებდნენ. ამ შემთხვევაში მათ საშუალოდ 3 ათასი კალორია მიიღეს — წინა შემთხვევაზე ორჯერ მეტი. ამ შედეგის მიხედვით იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ როდესაც თავს დანაყრებულად ვგრძნობთ, სინამდვილეში ორგანიზმს დამატებით იმდენივე საკვების მიღება შეუძლია, რამდენიც უკვე მივიღეთ.
ექსპერიმენტის დაწყებიდან ყოველი ოთხ საათში ერთხელ მკვლევრები სისხლის ნიმუშებს იღებდნენ, რათა ენახათ, როგორ უმკლავდებოდა სხეული პროცესს. როგორც აღმოჩნდა, ორჯერ მეტის ჭამის შემთხვევაში ცხიმისა და შაქრის რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი. ამ ორი მაჩვენებლის სტაბილურად შენარჩუნება განსაზღვრავს, რამდენად ჯანსაღია ადამიანის მეტაბოლიზმი.
ფიზიკურად აქტიურ და ჯანმრთელ ადამიანებში სხეულს საკვების დიდი ოდენობის მიღების შემდეგ შაქრისა და ცხიმის დონის კონტროლი შეუძლია. მკვლევრებმა ნახეს, რომ ნაწლავისგან და პანკრეასიდან გამომუშავებული ჰორმონები სხეულს შაქრის დონის რეგულირებაში ეხმარებოდნენ. ასევე გახშირებული იყო გულის ცემაც, რაც ნიშნავს, რომ სხეული უფრო მეტად მუშაობდა, რათა ყველაფერი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო.
კვლევის შედეგების მიხედვით, ერთჯერადი გადამეტებული კვება ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ ეს დიდხანს და მუდმივად გრძელდება, მას ორგანიზმზე ნეგატიური ეფექტი აუცილებლად აქვს.
თუკი მკვლერები შეძლებენ ზუსტად გაიგონ, როგორ უმკლავდება კალორიების ექსტრემალურ რაოდენობას ჩვენი სხეული ასე მარტივად, იმის გაგებაც შესაძლებელი იქნება, თუ რა პრობლემები იქმნება ხანგრძლივი დროის შემდეგ. ჩვენს სხეულს უნარი აქვს, რომ რთულ პერიოდში უფრო მეტად იმუშაოს, რათა კონტროლი შეინარჩუნოს. როდესაც ჩვენ ძალიან ბევრს და ზედიზედ, განმეორებით ვჭამთ, მეტაბოლურ სინდრომთან გვაქვს საქმე და სხეული სიტუაციას ვეღარ უმკლავდება.
მკვლევრებისთვის შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მათ ეგონათ, რომ სხეულს ზედმეტად ბევრი საკვების მიღების ატანა გაუჭირდებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენი სხეული მსგავს სიტუაციას წარმატებით უმკლავდება.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებზე იყო ფოკუსირებული. ახლა კი მნიშვნელოვანია, რომ კვლევა იმ ადამიანებზეც ჩატარდეს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს ან რაიმე დაავდების რისკის ქვეშაა.