„გრეის ანატომიის“ ახალ სეზონში კორონავირუსის პანდემიის თემას შეეხებიან

„გრეის ანატომიის“ ახალ სეზონში კორონავირუსის პანდემიის თემას შეეხებიან

პოპულარული სამედიცინო დრამის „გრეის ანატომია“ ახალ სეზონში კორონავირუსის პანდემიის საკითხს შეეხებიან. ამის შესახებ ვიდეოკონფერენციის დროს სერიალის პროდიუსერმა კრისტა ვერნოფმა განაცხადა.

მისი თქმით, უცნაური იქნებოდა თუ ამერიკული ტელევიზიის ყველაზე პოპულარული დრამა ამ მნიშვნელოვან თემას გვერდს აუვლიდა. სცენარს საფუძვლად ნამდვილი ექიმების მოგონებები დაედება.

„ყოველ წელს ჩვენთან ექიმები მოდიან და თავის ისტორიებს გვიყვებიან. ჩვეულებრივ ისინი რამე სასაცილოს ან წარმოუდგენელს ჰყვებიან, მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალა. ეს საუბრები უფრო თერაპიას დაემსგავსა. ექიმები გადატანილ ემოციებს იხსენებენ, კანკალებენ და ცდილობენ არ ატირდნენ. კორონავირუსზე ისე საუბრობენ, როგორც ომზე, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ“, - ამბობს ვერნოფი.

„გრეის ანატომია“ ABC-ს ეთერში უკვე 15 წელია გადის. სერიალის მე-17 სეზონის გადაღებები კარანტინის გამო ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, სეზონის პრემიერა ჩვეულებრივზე გვიან გაიმართება.