შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში. იღებს ისეთ უფლებებს, რომელიც შეუძლებელია, რომ ნეგატიურად არ აისახოს ამ ბაზარზე. იღებს უფლებას, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე შევიდეს კომპანიაში და შეიყვანოს დროებითი მმართველი, - ამის შესახებ სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორი სტანდარტი იქნებოდა, რომ კომუნიკაციის კომისია წასულიყო სასამართლოში და მისი გადაწყვეტილებით მომხდარიყო კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანა. ამ კანონის მიღებით, დარგი სერიოზული პრობლემენის წინაშე დადგება. „ამ კანონის მიღების შემდეგ მიიღებთ ორ შედეგს: ამ სფეროში ინვესტორები არ შემოვლენ და მეორე გექნებათ უამრავი დისპუტი საერთაშორისო არბიტრაჟებში რომელსაც წააგებთ. თქვენ კი ჩაიგდებთ ხელში ბერკეტებს, რომ ის კომპანიები, რომლებიც ტელეკომუნიკაციების სფეროში არიან დამორჩილებული გეყოლებათ“, - აღნიშნა სერგი კაპანაძე.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ წარადგინა და საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ემატება 46-ე პრიმა მუხლი. ამ მუხლის თანახმად, შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს. დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ თვითონ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.