ბილ ჩეისი. Chase–Ennea–Pure Music

ბილ ჩეისი. Chase–Ennea–Pure Music

ალბათ ულამაზოა, როდესაც როკ მუსიკის მსმენელები ისეთ მუსიკოსებს ივიწყებენ, რომელნიც მაგალითს აძლევდნენ გასული საუკუნის  70-იანი წლების პოპ სცენის მრავალ მუსიკოსს იდეური, ტექნიკური თუ იმპროვიზაციული თვალსაზრისით. მუსიკოსები, რომლებიც ასაკით Beatles-ზე უფროსები იყვნენ და უკეთ უკრავდნენ...

ბილ ჩეისი სწორედ იმ მუსიკოსთა რიცხვს განეკუთვნება, რომლის ინსტრუმენტზე  დაკვრის ტექნიკის დონე მართლაც რომ იშვიათია. პოპ სცენაზე ყოფნის პერიოდში, იგი თუნდაც ამ თვისებიდან გამომდინარე, ღრმააზროვანი და იმპროვიზაციული მუსიკის მოყვარულს, გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებდა, მაგრამ ჩეისი 1974 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ჩასაბერ ინსტრუმენტ - საყვირის მიმართ, ზოგადად პოპ მუსიკის მსმენელის ყურადღებამ მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენში იკლო და 1971-1974 წლებში ბილ ჩეისის ორკესტრის მიერ ჩაწერილი სამი სტუდიური ალბომიც არქაიზმად შეირაცხა.

ბილ ჩეისი 1934 წელს დაიბადა.  მუსიკა მას გენეტიკურად მოჰყვა. მამამისი საყვირზე უკრავდა ჯაზ ორკესტრში, დედა და პაპა პიანისტები ჰყავდა, ხოლო პაპამისის ძმა კი ნიუ იორკის ფილარმონიისა და მეტროპოლიტენ ოპერის პირველი ტრომბონისტი გახლდათ. ადამიანი, რომელსაც აკომპანემენტი თვით ენრიკო კარუზოსთვის გაუწევია...

ასეთ ოჯახში ბუნებრივია, რომ პატარა ბილი ბავშვობაშივე გატაცებული იქნებოდა მუსიკით. ბევრი ჯაზ თუ როკ მუსიკოსისაგან, განსხვავებით, მშობლები მას არ უკრძალავდნენ და არ უმალავდნენ ინსტრუმენტზე დაკვრას, არამედ პირიქით ხელს უწყობდნენ შვილის მუსიკოსად ჩამოყალიბებას.

მოხდა ისე, რომ  ბილ ჩეისი მაინც მამის ხელობას გაჰყვა და არჩევანი საყვირზე გააკეთა. იგი მოიხიბლა მეინარდ ფერგიუსონისა და სტენ კენტონის დაკვრით, ხოლო ვუდი ჰერმანმა კი საბოლოოდ გადააწყვეტინა, რომ პიანინო, დრამი და კიდევ არაერთი სხვა მუსიკალური ინსტრუმენტი, საყვირით ჩაენაცვლებინა.

ბილ ჩეისმა ბოსტონის ბერკლის სკოლაში ჩინებული კლასიკური განათლება მიიღო და სწავლა New England Conservatory-ში განაგრძო. მალე იგი სცენაზე თვით სტენ კენტონ ერთად გამოჩნდა. ეს 1952 წელს მოხდა. ჩეისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ კენტონის ბენდში მეინარდ ფერგიუსონიც უკრავდა. „ყურებს არ დავუჯერე, როდესაც გავიგე, რომ მოწვევა მქონდა ჩემი უსაყვარლესი მუსიკოსებისგან“ - აღიშნავდა 1971 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე სახელოვანი მუსიკოსი, რომელსაც იქამდე თვით ვუდი ჰერმანთანაც არაერთხელ ჰქონია დაკრული და საკუთარი ჯაზ-როკ ბენდიც ჰქონდა შექმნილი.

ალბომი Chase 1971 წლის აპრილში გამოვიდა და მის ჩაწერაში მოანაწილეობა 9-კაციანმა ორკესტრმა მიიღო. ჩეისმა კოლექტივში კიდევ სამი ვეტერანი საყვირზე შემსრულებელი ტედ პერსიფილდი, ჯერი ვან ბლაირი და ალან ვეირი შეიყვანა. ტრადიციულ როკ ინსტრუმენტებს - ლიდ გიტარასა და კლავიშებს ასევე ენიჭებოდათ სოლო ინსტრუმენტების როლი  და თავის მხრივ შესანიშნავად განასახიერებდნენ ბილ ჩეისის შემოთავაზებულ განახლებულ ფიუჟენ საუნდს.

პირველივე ინსტრუმენტული კომპოზიცია Open Up Wide გარდა იმისა, რომ საყვირის გაფრენილ მოტივებს გვთავაზობს, ალბომის გარეკანიდან მოყოლებილი „უცნაურად იქცევა“, რადგან ბილ ჩეისი ამ კომპოზიციაში ვოკალისტადაა მოხსენიებული. მართლაც იშვიათია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის ინსტრუმენტი აგრერიგად გაცოცხლებულ - გაცისკროვნებულია მუსიკოსის მიერ. მეორე სიმღერიდან მოყოლებული კი ალბომი უკვე ვოკალურ-ინსტრუმენტულია და მცირე ქრონომეტრაჟიანი სიმღერები გარდა იმისა, რომ შემსრულებელთა უზადო ტექნიკას გვთავაზობენ, არაჩვეულებრივი კომპოზიციური სიმწიფითაც გამოირჩევიან. Livin In Heat, Hello Groceries, მაიკ დ’აბოს Handbags And Gladrags, Boys And Girls Together  სიმღერებია, სადაც მელოდიისა და ტექნიკის ნაზავის მიღმა, მსმენელი ჯაზისა და როკის მაქსიმალურად გამიჯნულად შერწყმის მაგალითს ხედავს, გაცილებით მკვეთრს, ვიდრე ეს „ჩვეულებრივ“ ფიუჟენ ბენდებს ახასიათებთ.

ალბომი  Chase-ის რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარი ზღაპრული დაბოლოვება Invitation To A River კი საყვირების ფსიქოდელიურ-კასკადურ შემოვარდნებთან ერთად, ბას-გიტარის რამდენიმე წამიან პიესასაც კი გვთავაზობს, რომელსაც ჯერ ვოკალური ნაწილისაკენ, საბოლოოდ კი სიყვარულისათვის თავგანწირვის ფინალური სცენისაკენ მივყავართ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს წამყვან -  ვოკალურ ნაწილს ინსტრუმენტული მხარე კვალდაკვალ მიჰყვება და თითქოს მიაცილებს კიდევაც მდინარის ფსკერისაკენ...

Chase -მა გრემის ნომინაციაში, როგორც წლის საუკეთესო „ახალმა“ შემსრულებელმა გაიმარჯვა.

სადებიუტო ალბომის ფინალური ნაწილისა არ იყოს, როკ-ოპერული ელფერითაა შემოსილი Chase-ის მომდევნო ალბომი Ennea, რომლის მთლიანი მეორე გვერდი,  ბერძნულ მითოლოგიაზე აწყობილი, ძარღვიანი ჯაზ როკია. ბილ ჩეისმა გადაწყვიტა, რომ ალბომის ჟღერადობა საყვირით ნაკლებად ყოფილიყო გაჯერებული და ყურადღება მასობრივი მსმენელის მოზიდვაზე გააკეთა, რომელიც „მოსმენით არ უნდა გადაღლილიყო“. მოხდა უცნაური რამ. გრემის ნომინანტობისა და აქედან გამომდინარე საყოველთაო აღიარების მიუხედავად, მეორე ალბომი როგორც კომერციული, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისითაც, შედარებით სუსტი გამოვიდა. შესაძლოა ამის მიზეზი ერთგვარი კომპრომისი ყოფილიყო, რომელზედაც ბილ ჩეისი საუბრობდა. მეორეს მხრივ კი უნდა აღინიშნოს, რომ სადებიუტო ალბომთან შედარებით, რატომღაც Ennea ნაკლები კომპოზიციური სიმწიფითაა აღსანიშნავი. სიმღერების მრავლისმეტყველი შესავლები მოულოდნელ და ორიგინალურ განვითარებას გვპირდება ხოლმე, მაგრამ მასალა თითქოს ნაწვალებია, გადაღეჭილი და საბოლოოდ დაუმუშავებელი...

Ennea უნიკალური ცალკეული სვლებისა და გადასვლების ალბომია, რომლებიც მთლიანობაში კომპოზიციებს ვერ კრავენ და ხშირად ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ერთსა და იმავე სიმღერაში, ერთდროულად ორ სხვადასხვა თემას ისმენ. როგორ არ გავიხსენოთ აქ საკუთარი ჯგუფის დახასიათებისას ბილ ჩეისის გამონათქვამი: „როცა ჩვენ ვუკრავთ ჯაზს, მაშინ ვუკრავთ ჯაზს, ხოლო როცა ვუკრავთ როკს, მაშინ ვუკრავთ როკს“. მაგრამ ეს ფრაზა, ალბათ უფრო  Chase-ის ბოლო - 1974 წლის ნამუშევარს Pure Music მიესადაგება, სადაც იშვიათად როკული წიაღსვლების ფონზე, რეპერტუარი გაცილებით ჯაზური და საკმაოდ დახვეწილი გამოვიდა. აქედან გამომდინარე, Ennea-ს ნაკლოვანების მიზეზს, ჯაზ როკულ  თვალსაწიერში როკული ხედვის გამოფიტვაში ხომ არ უნდა ვხედავდეთ?

Pure Music კი ერთი გამორჩეული კომპოზიციითაა აღსანიშნავი. Twinkles ბას გიტარის ულამაზეს თემაზეა აწყობილი. იგი საფუძველიცაა და ლაიტ მოტივიც იმ ინსტრუმენტულ ფერთა პალიტრისა, რომელსაც აქ ბილ ჩეისის უფრო მდედრობითი სქესის საყვირი, აკუსტიკური გიტარა და როიალი განასახიერებენ. ცალ-ცალკე შემოსვლის შემდეგ, ინსტრუმენტები თავს ერთად მოიყრიან, მერე კი ყველა გადის და ბას გიტარა მარტო რჩება, უკრავს თავისთვის ულამაზეს აკორდებს და უკან იწვევს წასულთ იმავე მიმდევრობით, როგორც თავიდან: აკუსტიკური გიტარა, როიალი, საყვირი... თემა სრულდება და მსმენელიც სიბრალულის გრძნობით აღივსება, რადგან ზოგჯერ შესაძლოა „დაუხვეწელი“, მაგრამ აგრერიგად სიცოცხლისუნარიანი ორკესტრისა და რეპერტუარის სულისჩამდგმელმა, სულ რაღაც 40 წელიწადი იცოცხლა და დღეს აღარც ახსოვთ...