1. მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპონენტების „მნგრეველებად“ მოხსენიება და „თალიბანიზაციად“ გამოცხადება, ასევე - ჩასვლა ქუთაისში, მემორიალის აფეთქების 3 წლისთავზე, როცა მის უგუნურ გადაწყვეტილებას და დემონტაჟის პროცესების დარღვევით და დაჩქარებით წარმართვის მოთხოვნას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ იმ დღეს, როცა მის წინააღმდეგ იგეგმებოდა მიტინგი, და ხალხის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება იმის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2013 წლის ბოლომდე ვერ გასტანსო, - იყო აშკარად პროვოკაციული და მიზნად ისახავდა დაძაბულობის შექმნას, რასაც მიაღწია კიდეც და რასაც ხვალვე მისი ერთგული ელჩები და პიარ-კომპანიები, ისევე, როგორც რაფაელ გლუქსმანი და სხვა დაქირავებული რუპორები მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.
საჭიროა მიხეილ სააკაშვილის პროვოკატორული ქმედებების დაუყონებლივი მხილება და მედიასაშუალებებისათვის სათანადო ახსნა-განმარტების მიცემა.
2. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების მიერ ასევე მოხდა პროვოკაციული ქმედებები პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა მიმართ. ინტერნეტით და ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სწორედ აკო მინაშვილის მხრიდან საპროტესტო მიტინგის მონაწილეთა მიმართ ყვირილი და შეურაცხმყოფელი გამოთქმები - „მოღალატეებო!“ - შეიძლებოდა ყოფილიყო ამ მოქალაქეთა მხრიდან საპასუხო აგრესიის საფუძველი;
3. მიუხედავად ზემოთთქმულისა, აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას, რომ აღნიშნული აგრესია პარლამენტის, თუნდაც, ოდიოზური წევრების მიმართ არის დაუშვებელი და სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ რეაგირებას, კერძოდ კი - გამოძიებას მოითხოვს;
4. უმცირესობის მხრიდან დღევანდელი პროცესების 2007 წლის 7 ნოემბერთან გატოლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დემაგოგიური. ეს არის მათთვის სასურველი პარალელების მოგონების, და ჰიპერბოლიზების უსუსური მცდელობა. თუმცა საინტერესოა ის, რომ როცა ნაცმოძრაობის ლიდერების მიმართ სერიოზული უკმაყოფილების და დაპირისპირების გამოვლენა მოხდა, ამ ლიდერებს მოულოდნელად შეეცვალათ ის აზრი, რაც მათ ყოველთვის ჰქონდათ 2007 წლის 7 ნოემბერზე და ახლა ისინი უკვე არა „გარე ძალებს მიერ დაგეგმილ გადატრიალებაზე“ ან „სახელმწიფოს მხრიდან რევოლუციის მონაპოვრის დაცვაზე“ ლაპარაკობენ, არამედ სავარაუდოდ, იზიარებენ იმ აზრს, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ხალხის მიმართ დაგეგმილი და განხორციელებული, მიუღებელი ძალადობის აქტი.
5. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან პარლამენტის დატოვების აქტი იყო წინასწარ გათვლილი პიარ-ნაბიჯი, რომელსაც ხვალ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეცდებიან, გააპიარონ.
6. აუცილებელია დიპლომატიურ კორპუსთან და მედიასთან, ასევე საზოგადოებასთან დაუყონებლივ დაწყებული განმარტებითი მუშაობა და როგორც - დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე - ქუთაისში განვითარებული მოვლენების მიზეზების, შედეგების და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის უსწრაფესი გავრცელება.
7. აუცილებლია ძალოვან უწყებებსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრები - მომავალში ანალოგიური მოვლენების თავიდან აცილების პრევენციული მექანიზმების შემუშავების მიზნით.
სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი თავისი დაბადების დღისთვის სერიოზულ საერთაშორისო პიარ-შეტევას ამზადებს და უახლოეს დღეებში ახალ-ახალი პროვოკაციების მოლოდინში უნდა ვიყოთ.