15 დეკემბერს, ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა ქ-ნ ნათია მეგრელიშვილის სტატია „ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს“, რომელშიც აღელვებული ავტორი საქართველოს პრეზიდენტს ემონოლოგება.
http://24saati.ge/index.php/category/society/2012-12-16/34507.html
ქ-ნ ნათიას არ ვიცნობ, „24 საათის“ მენეჯმენტი დემაგოგიური სერვილანტური ურნალისტიკის ერთ-ერთ ეტალონად მიმაჩნია (თუმცა არის მაგ გაზეთში რამდენიმე ნამდვილად პატივსაცემი ჟურნალისტი) და იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ვინ რას მისწერს, ამ პოლიტიკოსზე აზრს ნამდვილად არ შევიცვლი…
და მაინც, გადავწყვიტე, რომ ამ სტატიას გამოვეხმაურო.
რადგან ასე მგონია, რომ იგი „სა-ეტაპო“ სტატიაა!
ჩემი აზრით, ნაკლებადცნობილი ჟურნალისტის ამ თითქოს-და უშუალო სტატიას კიდევ მრავალი საგაზეთო, და ტელემასალების მთელი კასკადი უნდა მოჰყვეს, რომელთაც საკმაოდ მწყობრი აღმავალი ვექტორი გააერთიანებს, რათა ამ სტატიის კითხვა “Quo Vadis?” საბოლოოდ მომნანიე „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა…“-დ აქციოს და თავმოჭრილი ნაცმოძების დღევანდელი უთავბოლო ბროუნის მოძრაობა თანდათანობით ენთუზიაზმით ჟრუანტელმომგვრელ Allegro con brio-მდე მიიყვანოს.
რომ უფრო გასაგები იყოს, რომელი ციტატაა და რომელი შეფასება, ქ-ნ ნათიას ციტატები ბრჭყალების გარდა კვადრატული ფრჩხილებითაც [„...“] არის გამოყოფილი.
[„კარგია, რომ დიალოგი არ გვაქვს, ვერც მხედავთ და საშუალება მაქვს,მარტო მე ვილაპარაკო, თორემ თქვენ ისეთი ექსპრესიული რესპონდენტი ბრძანდებით, რომ არ მომცემდით შანსს, ამდენი რამ მშვიდად მეთქვა თქვენთვის.თუმცა, სიმშვიდის რა მოგახსენოთ...
დღეს პარლამენტის სხდომაზე განიხილავდნენ საკითხს, ბუსუსებიანი პრეზერვატივები უნდა ვიხმაროთ თუ ეშვებიანი, წითელი თუ მწვანე, ხვალ ალბათ მოკლე კაბებზეც გამოვა ახალი კანონი, ახალგაზრდა პარლამენტარებს პოლიტიკური სუტინიორების პროდუქტს ეძახიან და ურჩევენ, გაიქცნენ და თავს უშველონ,სანამ შავ ბაზარზე გაიყიდებიან, სოფლებში ქართველები ერთმანეთს დაერიენ რელიგიურ ნიადაგზე და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ შუა საუკუნეებში აღმოვჩნდი.როგორ არ გითხრათ საყვედური? ყველა ჩემი მეგობარი, ვინც არ იყო ნაცმოძრაობის წევრი და არც მათი მოტრფიალე, მაგრამ იყო თქვენი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი, მთხოვს, რომ რაც შეიძლება ბევრი გეჩხუბოთ იმისათვის,რაც დღეს ხდება…“]
სტატიის ავტორს გაუმართლა, რომ ბუსუსებიან პრეზერვატივებზე უსუსური და უდროო მსჯელობა მართლაც იყო პარლამენტში, ამიტომ მისმა ფანტაზიამ ფრთა გაშალა იმაზეც, როდის დაწესდება კანონი მოკლე კაბებზე. ამიტომ იგი ასევე ჰიპერბოლიზაციას მიმართავს იმის თაობაზე, რომ „სოფლებში ქართველები ერთმანეთს დაერიენ (!) რელიგიურ ნიადაგზე!“ . მაგრამ მე ის მაინტერესებს, რას გრძნობდა იგი, როდესაც საქართველოს პარლამენტი წლების განმავლობაში თავად იქცა აბსოლუტურად გლუვ ორგანოდ, რომელიც სააკაშვილის ნებმისმიერ კაპრიზებს კალიგულას ცხენის გამჭრიახობით და სისწრაფით განიხილავდა? რას გრძნობდა ამ სტატიის ავტორი, როცა გონიოში და აჭარის სხვა სოფლებსა და ქალაქებში სექს-ტრეფიკინგის აშკარა წახალისება ხდებოდა სამთავრობო წრეებიდან? რას გრძნობდა, როცა მიხეილ სააკაშვილი სკოლის მოსწავლეებს ბუჩქებში გართობისაკენ მოუწოდებდა? ალბათ უხაროდა, რომ გასხივოსნებულ მომავალში აღმოჩნდა! როდესაც საქართველოს მთავრობამ ადვოკატების უფლებები უზომოდ შეზღუდა, ხოლო დაზარალებულს პრაქტიკულად საქმეში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, როდესაც ნაცმოძრაობის ლიდერებმა მოსამართლეების კორპუსი მათდამი ლოიალობის და ლაქიობის კოეფიციენტის მიხედვით გადააკეთეს, როცა ციხეში ადამიანების ჩასმა აქციეს საქართველოს ბიუჯეტის მთავარ შემოსავლის წყაროდ, როდესაც ათასობით მის თანამოქალაქეს ააგლიჯეს კერძო საკუთრება, სამსახურებიდან დაითხოვეს ან სულაც დაიჭირეს პოლიტიკური მოტივით, როდესაც ტელეფონზე ვერ ვლაპარაკობდით მოსმენის შიშით, – მაშინ რომელ ეპოქაში ეგონათ თავი ქ-ნ ნათია მეგრელიშვილს და სტატიის სხვა თანამოაზრეებს?
ამ ძალიან მოსალოდნელ კითხვისაგან სტატიის ავტორმა წინასწარ მოხერხებულად თავი დაიზღვია. საერთოდაც, მგონია, რომ მისი შერჩევა ამ სტატიის ავტორად სწორედ იმან განაპირობა, რომ მას საჭირო „ბექგრაუნდი“ აქვს – თურმე ნაქირავებში ცხოვრობს და მხოლოდ ეს შუძლია შემოგვთავაზოს თუ ვესტუმრებით: [„...ბაწრებით გადაბმულ და სკოჩებით გამაგრებულ სავარძელზე დაბრძანდით, გაბზარული შუშებიდან ქარი რომ დაუბერავს, დიდი-დიდი მოვახერხო და პლედი გადაგაფაროთ, ვინაიდან ჩემი გამათბობელი ბრეჟნევის დროინდელია და ცუდად მუშაობს, ხაჭაპურს და ღვინოს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ მოცვის ჩაის მოგართმევთ და მოგიყვებით, როგორ და რატომ გამათავისუფლეს ნაცებმა სამჯერ სამსახურიდან და ხელფასის და დაზღვევის გარეშე დამტოვეს.“]
ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ გასაგებია, რომ ან ავტორი იმ იდეურ მიშისტთა რიგებს უნდა ეკუთვნოდეს, რომლებიც სეთურის ქვეშევრდომებივით ელოდებიან, როდის ააშენებენ მამა-მარჩენლის უკვდასაყოფად ამქვეყნიურ სამოთხეს (და მზადაა, ამისათვის მამის და მარჩენლის ფანტასმაგორიულ ჰედონიზმსაც მოუნახოს გამართლება და საკუთარი სიდუხჭირეც უდრტვინველად აიტანოს), ან ჩვენ ვგონივართ მისი გულისამაჩუყებელი, მაგრამ მაინც, დემაგოგიის თვალდახუჭულად ყლაპვის მოყვარულები… ან – ორივე ერთად.
ამის შემდეგ ავტორი მთავარ საკითხზე გადადის – ქვეყნის მისთვის სანუკვარ პირველ პირს და პრეზიდენტს საყვედურით მიმართავს.
მინდა გითხრათ, რომ ამ ღია წერილის წაკითხვისას იოსებ ნონეშვილის „მამავ, ძვირფასო!“ გამახსენდა – პირველ რიგში ტონალობაა მსგავსი. ყველაფერში ჩანს ავტორის სასოწარკვეთა, რომელიც იმ პარლამენტს ეგუებოდა, სადაც ხალხი ფეხზე ეკიდათ და პრეზიდენტისთვის ნებისმიერი კაპრიზის “გაპრავებით” იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ სადაც პრეზერვატივების განხილვა არ მოსვლიათ თავში აზრად (მარტივი მიზეზის გამო – მიშას არ დაუვალებია, თორემ ბუსუსების რაოდენობას არ დააკანონებდნენ? ან სულაც – კონსტიტუციაში ვერ შეიტანდნენ, როო?), ახლა კი ლამისაა თავი მოიკლას – „.. [და ახლა ნაცია კი არა, უკვე აღარ ვიცი, ვინ ვართ, როცა ვუსმენ პარლამენტის სხდომებს!]“
მაგრამ „მამავ, ძვირფასოსაგან!“ სერიოზული წინსვლაც შეინიშნება – აწგანსვენებული იოსებ ნონეშვილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის და რეალობის გამო ვერაფრით შებედავდა კრიტიკას თუნდაც უკვე სამარადისოდ თვალდახუჭულ სოსოს. ხოლო ახლა, ჩვენი ფსევდოდემოკრატიული ნეობოლშევიზმის აპოლოგეტი თავის ცოცხალ ლიდერსაც კი უბედავს კრიტიკას! და მერე როგორ გამეხებულ კრიტიკას?!
[„პირდაპირ გეტყვით, სურვილი გამიჩნდა, თქვენ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს კაცურად შეგებრძოლოთ. სხვა საუკუნე რომ ყოფილიყო, ალბათ, იარაღს ავისხამდი“]. – ჟანა დ’არკს და მაია წყნეთელს რომ შეშურდებოდა, ისეთი პათოსია!
[„თქვენ გქონდათ შანსი, საქართველო ძალიან პროგრესულ სახელმწიფოდ გექციათ, ვინაიდან თქვენი პოლიტიკური კურსი იყო სწორი და თანამედროვე,თქვენს გარშემო იყო ახალგაზრდა გუნდი, ძალიან ძლიერი რესურსი (ჟვანია, ბოკერია, გაბაშვილი, რამიშვილი, ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, კახა ბენდუქიძე), რომელსაც ნებისმიერი სხვა თანამედროვე ქვეყანა ძალიან დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს ძალები ინდივიდუალურად ყოფილიყო ათვისებული, მათი აღრევა მოხდა სხვადასხვა ტიპის ჯგუფებში და დაერქვა ნაცმოძრაობა და ახალმა იდეამ სახე იცვალა.“].
- ძალიან მიჭირს ავტორის კლასიფიკაციის კრიტერიუმი გავიზიარო. თუ აქ ის ხალხი უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი, ვინც ვარდების რევოლუციიდანვე იყო სააკაშვილის გვერდით, მაშინ რატომ „გამორჩა“ ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ბურჯანაძე, ადეიშვილი, არველაძე, ბარამიძე, კეზერაშვილი?.. ან რა შუაშია ვაშაძეები და ბენდუქიძე? ჟვანიას რესურსი როგორ „გამოიყენეს“, ეს, ეტყობა, ავტორისთვის კითხვებს არ ბადებს… „რესურსი“ – ტვინია, ფული, მენეჯმენტი თუ კაცურკაცობა (!!!), თუ სხვა რამე, ესეც გაუგებარია… არადა, ცნობილია, რომ ბაქრაძის „რესურსი“ ძირითადად ეგვიპტიდან ოჯახურად ძვირფასი ზარების განხორციელებას უკავშირდება, ბენდუქიძის – ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეების გაყიდვას და/ან გადაყლაპვას, ბოკერიას „რესურსი“ კი ისაა, რომ ასლანთან მებრძოლმა ადამიანმა საბოლოოდ ასლანზე უარესი მეფე გაიმეფა, ყველაზე სერიოზულ დასაცავ პატიმრად ოლეგ მელნიკოვი დაისახა და კორუფციასთან ბრძოლით დაწყებული იმიჯი კორუმპირებული ოჯახის შექმნით დაასრულა… გიორგი ვაშაძის „რესურსი“ ორმაგია - არარსებულ კორპუსებში ასობით მკვდარი სული ჰყავდა ამომრჩეველად რეგისტირებული და ვანო მერაბიშვილს და მთელ მის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ყალბ პასპორტებს და პირადობის მოწმობებს უწერდა… ხოლო გრიგოლ ვაშაძის ყველაზე სერიოზული „რესურსი“ რუსეთის მოქალაქის ის პასპორტი იყო, რომელსაც რუსეთთან ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა, შეელია!..
[„თქვენ, ვინც ქვეყანა გათანამედროვეობის გზაზე დააყენეთ, ჩაატარეთ არაერთი წარმატებული რეფორმა (მაგ: საგანმანათლებო)...“] – თუმცა, შემდეგ მთელი გვერდი ეძღვნება იმის აღწერას, სინამდვილეში რა ნაგავი იყო მანდატურებიანი სკოლა!
[„და მიეცით შანსი წესიერ და მშრომელ ახალგაზრდებს, ყოველგვარი პროტექციის გარეშე სტუდენტები გამხდარიყვნენ...“], – ხოლო შემდეგ 10,000-მდე სტუდენტი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა უზომოდ მაღალი გადასახდების გამო, ხოლო გამოცდების ცენტრის დირექტორი იმისთვის მოხსნეს, რომ შაშკინის ხუშტურებს არ დაემორჩილა, ხოლო მისი შვილი ოპოზიციის მიტინგს დაესწრო.
[„პოლიცია თავდაყირა დააყენეთ და ჩვენი შვილების ქუჩაში გასვლა უსაფრთხო გახდა...“], – თუმცა 70-მდე ახალგაზრდა ქუჩაშივე ჩაცხრილეს, ხოლო მერე ამ თავდაყირა დაყენებულმა მაგრამ გაპოლიტიზირებულმა პოლიციამ „მიშა-მიშას!“ ყვირილი, მოქალაქეთა მიმართ ყალბი ბრალდებების შეკერვა და დაკავებულთა გადმოყრა დაიწყო ზედა სართულებიდან, ისევე, როგორც შევარდნაძის დროს…
[„ქუჩები დასუფთავდა და ქალაქში ნაგვის სუნი აღარ იყო...“] - თუმცა ამ ნაგვიდან გიგი უგულავას მაგარი შემოსავალი შედიოდა, ხოლო ჩვენ დენზე მიბმული ნაგვის გადასახადით გვატყავებდნენ, რათა მთავრობას უცხოეთში ეგულავა.
[„ტრანსპორტი ნორმალურად ამუშავდა...“] – და ისევ უგულავას ძმაკაცებმა ერთხელ რესტორანში 100-100 ლარით დაფუძნებულ ოთხ ფირმაზე გადაიფორმეს მთელი სამარშრუტო ტრანსპორტი.
[„გაჩნდა დაზღვევის ინსტიტუტი და მე თავადაც მერიის დახმარებით გავიკეთე რთული ოპერაცია.“] – დაზღვევის ელემენტები ჰამურაბის დროსაც იყო გაჩენილი, ხოლო სისტემა ბრიტანეთში ას წელზე მეტია არსებობს. თუმცა ის კი მართალია, რომ სააკაშვილის დროს საქართველოში ჯანდაცვის დაზღვევით მოსახლეობის მოცვა ნამდვილად გაფართოვდა, მაგრამ მან ისიც მოახერხა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მთელი სახელმწიფო სამედიცინო სექტორი აითვისეს და ჯანდაცვის სერვისები გაძვირდა… მერიის დახმარებით ოპერაცია ათეულათასობით ავადმყოფმა რომ ვერ გაიკეთა, როცა თავად მერი მეუღლის სამშობიაროდ მთელი ამალით მიდიოდა ვენაში, იმათ რას ვეტყვით? ვინც ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო ქონების გაყიდვა მოუხდათ, ისინიც მადლობელნი არიან? ფაქტია, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჩავარდა!
[„შექმენით ისეთი მომსახურების სისტემა, რომ აღარ გვჭირდებოდა საათობით და თვეობით რიგში დგომა და ტანჯვა.“] - რაც მართალი, მართალია! ეგაა, ასეულ ათასობით პრობაციონერს, მათ შორის მრავალ ბიზნესმენს რიგის გარეშე ჰქონდათ გარანტირებული ტანჯვა…
[„ქრთამის აღება საშიში გახდა...“], - სამაგიეროდ, უგულავა, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, არველაძე, ცისკარიშვილი, ბენდუქიძე და თავად სააკაშვილი და მისი ახლობლები (დედა, ბიძა, შარანგიები, ყარამანაშვილები, ჩიქოვანი) ისე დაეპატრონენ მრავალმილიონიან და მილიარდიან ბიზნესებს, რომ ქრთამის გაღება არ დაჭირვებიათ!
[„მანქანებს აღარ იტაცებდნენ, ქუჩები განათდა და ათწლიანი უკუნეთი დასრულდა, ქუჩებზე ორმოები ამოავსეთ და მანქანები აღარ ვარდებოდნენ კანალიზაციის ჭებში“]. მართალია! დავამატებ, რომ ფარდობითობის პრინციპით ჰიტლერს, სტალინს, მუსოლინისაც წარმატებით შეეძლოთ იგივე ეთქვათ.
[„ხელფასიც მოგვემატა, ცოტა პენსიაც, ქუჩებზე დაიდგა კამერები და ქართველმა მძღოლებმა წითელ შუქზე გაჩერება იძულებით ისწავლეს...“] – მართალია! არ გაჩერდებოდნენ და ტყვია გააჩერებდათ! ხელფასის მომატების რეალურ მაჩვენებლებზე კი შემიძლია ავტორს შევეკამათო, მაგრამ ცოტა არ მესმის, 3-ჯერ სამსახურიდან განთავისუფლებულ, უმუშევარ ქალბატონს რატომ და როგორ უნდა ვუმტკიცო, რომ ხელფასი არც მაინცდამაინც გაზრდილა რეალური მსყიდველობითი უნარის მიხედვით…
[„კანონიერი ქურდების და ბანდიტური რეკეტის ხანა დაასრულეთ...“] - და მართლაც კანონიერ ქურდები და მათი ბანდიტური რეკეტი კანონიერი სახელმწიფო რეკეტით ჩაანაცვლეს! ტარიფებიც გაზარდეს! ვინც ვერ იხდიდა, ციხეში სვამდნენ, ცოცხით და წამების სხვა ხერხებით “აღმზრდელობით მუშაობას” უტარებდნენ და ისე ახდევინებდნენ!
[„ნარკოტიკები თითქმის აღარ იშოვებოდა...“] – კიდევ ერთი ბლეფი! ის რომ ნარკოტიკების გამსაღებლებს აღარ იჭერდნენ, არ ნიშნავდა, რომ ნარკოტიკები აღარ იშოვებოდა. ნარკოტიკებზე რომ უამრავ მოხმარებელს იჭერდნენ, ისინი საიდან მარაგდებოდნენ? ვანოს ტუმბოჩკიდან? თუ ყველა მართლა “ჩადებული” ნარკოტიკი იყო?
[„რეგიონებში გახვედით და ნელა-ნელა დაიწყეთ ზრუნვა იმ ხალხზეც, რომელიც დედაქალაქს აღარც ახსოვდა. აღარფერს ვიტყვი იმ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელსაც მოჰყვა ჩვენი შემჩნევა,გაგვიჩნდა შანსი, რომ მსოფლიოს წინაშე წარვმდგარიყავით არა როგორც პატარა ქვეყანა, სადღაც ქვეყნის დასალიერში, არამედ ძლიერი პოტენციის მქონე ქვეყანა, რომელიც უნდა შედგეს როგორც სახელმწიფო და ჩვენ ვართ არა ხალხი,არამედ ერი, ნაცია…“] - და რა იყო ეს „რეგიონებზე ზრუნვა“? რეგიონების სახელით ხაზინიდან ორმაგი და სამმაგი თანხების ძარცვა ხომ არა? ვინ იგრძნო ზრუნვა? რომელია ბედნიერების ნავსაყუდელი? – ბათუმი, რომელიც ცარიელი ცათამბჯენების ქალაქდ იქცა და სადაც უმუშევრობა ისეთი მაღალია, რომ ხალხი თურქეთში მიდის სამუშაოდ, ხოლო ადგილობრივებმა სასტუმროების ბიზნესით მხოლოდ კრედიტების კაბალა იგრძნეს? თუ სიღნაღი, სადაც გარედან გაშტუკატურებული სახლები მხოლოდ გარეგნული ბედნიერების ნიშანია? თუ აბსოლუტურად მარაზმატული და გამოუსადეგარი პარლამენტით “გაბედნიერებული” ქუთაისი, რომლის მცხოვრებლების პრობლემების გადაჭრას იმ 350 მილიონის მესამედი ეყოფოდა, რაც უფუნქციოდ დარჩენილ შენობას მიახარჯეს? რა იყო ჩვენი “ძლიერი პოტენციის” დადასტურება? სამხედრო აღლუმები? თუ „მოგებული“ წაგებული ომი? რა არის ეს „შემდგარი სახელმწიფო“, რომელიც თავის ძლიერებას მხოლოდ თავის მოქალაქეებზე შედგომით ადასტურებს? სანატრელია კი ასეთი „შემჩნევა“, ასეთი „გაძლიერება“ როცა საქართველო 2007 წ. 7 ნოემბრით, 2008 წ. გაყალბებული არჩევნებით და წაგებული 5დღიანი ომით, 2009 წლის 100- დღიანი საპროტესტო აქციებით და მრავალი დარბევით, 2010 წლის გაყალბებული არჩევნებით, 2011 წლის სისხლიანი 26 მაისით დაგვამახსოვრდება? რაა ასეთი საამაყო, თუ საქართველოს გაპლასტმასებული რეალობა ძირითადად მოკლე ხნით ჩამოსულ ტურისტ უცხოელებს მოსწონთ, ხოლო ყველა იმ ქალაქში, რომელიც ნაცმოძრაობამ ვითომ ააშენა და ააყვავა, ხალხმა სწორედ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცა ხმა? თუ ასეთი „სამოთხე“ ააშენა ნაცმოძრაობამ, რატომ მიდიოდა ყოველ წელს ამ “სამოთხიდან” გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ბრუნდებოდა?
[„და ასეთ გზაზე დამდგარი საქართველო თქვენი და ნაცმოძრაობის (რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი პარტია)ადამიანებთან არასწორი დამოკიდებულებით, ცინიზმით და სარკაზმით,გულგრილობით, გაუგებარი ტერმინებით და უკვდავების შეგრძნებით - ყველაფერი წყალში გადაყარეთ, ყველაფერი გაწირეთ და ახლა ნაცია კი არა, უკვე აღარ ვიცი, ვინ ვართ, როცა ვუსმენ პარლამენტის სხდომებს.
...ნაციონალების ქმედებები..., რომელმაც გაგვაოცა წლების განმავლობაში როგორც რეფორმებით და მიღწევებით, ისევე გულგრილი და უდიერი დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ.
ძალიან გაბრაზებულები ვართ! ბევრი ადამიანის წინაშე ვალდებული ხართ ახლა მაინც, ოპოზიციაში, უფრო მეტი იფიქროთ ადამიანებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე. თქვენი მტერი არ ვარ, მაგრამ დუელში მაინც სიამოვნებით გამოვიწვევდი ნებისმიერ თქვენგანს.“]
- ეს კი ნამდვილად აპოგეაა ამ ჭეშმარიტად ესქილესეული ტრაგედიისა – გაბრაზებული ავტორი, რომელსაც უნდა დუელში გამოიწვიოს თავისი კერპი! ლამის ანტიგონე, რომელიც ახლა – თანდათანობითი გაბრაზების ცხრა წლის თავზე – დამარცხებისგან გამწარებული („ამდენს ვითმენდი და მაინც წააგეთ?! – თქვენი ჯილაგიო!“) მოსდგომია და ქოქოლას აყრის თავის გმირებს – „უ, თქვე ცინიკოსებო, ჰაიტ, თქვე, გულგრილებო! ოხ, ნეტა მახვილით ამომაშანთია თქვენი სარკაზმი, რის გამოც ასეთ დღეში ჩავვარდი მეც (სამჯერ სამსახურიდან განთავისუფლებას ვინ დარდობს? – პრეზერვატივების კანონით შეურაცხყოფილია ადამიანი!) და – მთელი ქვეყანაცო!“
მაგრამ სწორედ აქ, ისე როგორც ჭეშმარიტი ტრაგედიის აპოგეაში… როგორც ბეთჰოვენის თუ ბახის მარადიულ ჰანგებში… როგორც ყოველთვის, როცა ცეცხლი ტყეს გადაწვავს, უცებ…
უცებ ჩნდება მომავლის იმედი, ფერფლზე ამწვანებული პაწია ფოთოლი და… ფენიქსიც ცოცხლდება!!
დააკვირდით, სტატიაში როგორ თანდათან ჩნდება დამარცხებულის აღორძინების მოტივი!
შეამჩნიეთ, დუელში გამოწვევის გვერდი-გვერდ როგორ ისმის მოწოდება – „აღსდექ, მიშავ! აღსდექ, ძვირფასო! აღსდექ, უძლეველო!“ ნახეთ, რას ამბობს უკვე დაშნაშემართული, მაგრამ ნაცმოძრაობის/უფრო სწორედ – სააკაშვილის და მისი ახალი გუნდის/ სიყვარულით მაინც მათი ვერგამმეტებელი უმუშევარი ქალბატონი! სწორედ იმ გაზეთის ფურცლებზე, რომელმაც მრავალი მილიონი კორუფციულად ბოძებული შეირგო ნაცმოძრაობისაგან და ახლა კი (სწორედ დღეს გავიდა ეთერში სტუდია „მონიტორის“ კარგა ხნის დაანონსებული ჟურნალისტური გამოძიება „24 საათის“ შესახებ!) საოცრად სჭირდება ასეთი წერილები და ასეთი ემოციების ინკუბატორული კულტივაცია!
[„...იქნებ ახლა მაინც, ოპოზიციაში, უფრო მეტი იფიქროთ ადამიანებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე...
...უკვე შეინიშნება ახალგაზრდა ექსპერტების პროგრესული, მიუკერძოებელი ჯგუფების გამოჩენა და იმედია, ისინი არ იქნებიან მედროვეები და დამოუკიდებელ ექსპერტებად დარჩებიან...
... მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენი რევოლუციის შემდეგ ცხოვრება კიდევ ერთხელ დამენგრა და სამსახურებიც დავკარგე და პურის ფულიც, მაინც შევეცადე, თუნდაც ჩემი წინაპრების ხათრით გამეგო და მომეთმინა დიდი სულიერი, ფსიქოლოგიური და ფინანსური დისკომფორტი,ვინაიდან დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოში და ძალიან, ძალიან შევეცადე სახელმწიფოებრივი აზროვნებით დამეძლია ჩემი ადამიანური უკმაყოფილება,ჩემნაირი ათასობით არის ამ ქვეყანაში,
... დროა მოისმინოთ განსხვავებული აზრი, ოღონდ არა თქვენი ოპონენტის, არამედ მხარდამჭერის მხრიდან...]
- აი, ასე!!!
აი, უკვე ყოყმანი ეტყობა დუელიანტ ავტორს წამებულ სახეზე, – „ჩააგე ხმალი, ნათია!“ – უძახის მას ძლიერი ნაციის და მსოფლიოს რუკაზე გამოჩენილი შემდგარი ქვეყნის ხილვისგან განცდილი ბედნიერებით ანთებული შინაგანი ხმა! – „გიყვარდეს დუელიანტი შენი, ვითარცა თავი შენი!..“
და როგორც ოჯახური ძალადობის საწყალ მსხვერპლს, მასაც ერთი იმედი აქვს, რომ მისი მოძალადე გამოსწორდება და ისევ იმ მზეჭაბუკად იქცევა, ვისაც ბედნიერი გაჰყვა ცეტივით! მერე რა, რომ სარკაზმი, გულგრილობა, ფეხებზედაკიდება, ჩარეცხვა, ცემა-ტყეპა და ეს ყველაფერი იყო… ახლა მთავარია, გამართლების ელემენტები მოიძებნოს, მთავარია, ყველამ დაინახოს, რომ ეს მხოლოდ იმ ვიღაც ცუდი ექსპერტების და პარტმუშაკების უნიათობის და გულქვაობის ბრალი იყო, თორემ თავად მეფე ისევ ის ნეფეა, – ხუჭუჭა, პატარა!
საჭიროა, ყველამ გაიგოს ეს… არ არის ადვილი, მაგრამ უნდა სცადოს ავტორმა, თორემ რა გამოვა, ვისთვის და რისთვის იტანდა დასკოჩილ ავეჯს და მოცვის ჩაის დიეტას? რაღა ახლა, როცა „24 საათი“ ამხელა საგაზეთო სივრცეს უთმობს, ხოლო ხვალ-ზეგ ტელევიზიებშიც მიიწვევენ (ამაზე ქვემოთ!) რაღა ახლა უნდა დაიწყოს ამ მშვენიერი გაზეთის ფინანსური მაქინაციების გამოძიება?
[„ბატონო პრეზიდენტო, თქვენზე ბევრი ჭორი არსებობს, შესაძლოა ბევრი მათგანი სიმართლეც იყო, მაგრამ ვინაიდან მე საბჭოთა ეპოქაშიც ვიცხოვრე და კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ. მახსოვს რომ კგბ-ში, რომელიც დღესაც ძლიერია (ისეთი ვერ არის, ლავრენტი პავლოვიჩის დროს რომ იყო, მაგრამ მაინც წვალობს), არსებობდა და ალბათ ისევ არსებობს ჭორების განყოფილება, სადაც ისხდნენ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები და მათ შორის იყვნენ ფსიქოლოგებიც და ამუშავებდნენ ჭორებს, თხზავდნენ და იგონებდნენ ამბებს, რომელიც ქალაქში,ქვეყანაში უნდა გაევრცელებინათ და ამით რაღაც მიზანს აღწევდნენ. ალბათ,თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, ეს იყო შავი პიარის დეპარტამენტი.“]
- ა, ბატონო! ესეც მე ვარ?
ხომ ვამბობდი, ცუდი პიარის რა ვთქვი, თორემ მიშა წმინდანია, ვანო – ქერუბიმი და ბაჩო ახალაია – ცოტნე დადიანი-მეთქი!
ცოტა აცალეთ! ნათიას შპაგა უკვე ჩაგებულია! დუელიანტი მეტოქის გაპატიოსნება იწყება!
[„თუკი ადამიანებმა თქვენ დაგინახეს შორტებით რივიერაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ "გულაობს", იქნებ ეს კამუფლიაჟია და სინამდვილეში პრეზიდენტი იმ ქვეყანაში იმისთვის არის, რომ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და გარკვეულ გარანტიებზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს?მე ყოველთვის ვცდილობდი, ასე გამეშიფრა თქვენი ვიზიტები პლანეტის სხვადასვა წერტილში, მაგრამ პაპარაცები ყველგან არიან და თუ თქვენ არა, ეს თქვენს მრჩევლებს მაინც უნდა სცოდნოდათ.“]
- აბა, მე რას გეუბნებოდით?! რივიერაზე შორტებით ვინ დადის, თუ არა კამუფლაჟით ფარულადმომლაპარაკებელი? წესით, ამ დროს წვერ-ულვაშიც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოღვაწეს, რომ ამ მაიმუნ პაპარაცებს კოვზი ნაცარში ჩაუგდოს! დრ. დოტიც, სავარაუდოდ, აგენტი 007 იყო და ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ჩამოტანილ საიდუმლო ინფორმაციას უჩურჩულებდა ყურში სამასაჟო სეანსების დროს მხედართმთავარს – ზურგზე კბენაც მორზე კოდის ვარიანტია! სამი გრძელი კბენა, სამი მოკლე, სამი გრძელი – ხომ იცით, რაცაა? – SOS!
მაგრამ რაც უფრო ძლიერია საყვარელი დუელ-მეტოქის გამართლების სურვილი, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს სხვების კრიტიკაც. იმ სხვების, ვინაც (დროებით მაინც) განტევების ვაცის როლი უნდა ითამაშოს:
[„არ მაინტერესებს, რა ფერის ტრუსები გეცვათ კურშაველში, ბატონო პრეზიდენტო, ამაზე თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ინერვიულონ, მე მაინტერესებს, რატომ სწორად არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ინტელექტუალური რესურსი და ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულ ჯგუფებს, რომელსაც დაერქვა ნაცმოძრაობა, ერთი სახე მიეცით. იმის ნაცვლად,რომ მათ საზოგადოება გაემხნევებინათ, გაეხარებინათ ახალი აზროვნებით,პირიქით საშინელი ანტიპატია გაჩნდა. ვინ ურჩია მათ, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის და სითბოს ნაცვლად ზიზღი გამოეხატათ და ჩაეთვალათ, რომ პროგრესულები მხოლოდ თავად არიან და დანარჩენი საქართველო გოიმია? ვინ მისცა მათ კარტბლანში? ნაცმოძრაობამ, მიუხედავათ იმისა, რომ მისი შემადგენლობა ჭრელი იყო და ეს არ იყო ერთი ჟანრის გუნდი, მაინც ყველამ ერთად თავი უკვდავებად და უბერებლად წარმოიდგინა და ისეთ მაღალ შკალას დაეკიდნენ, რომ 9 წლის თავზე ვეღარ შეინარჩუნეს სიმყარე და წონასოწრობა და ყველა ერთად ჩამოცვივდა. ნაცმოძრაობა მიწაზე დაენარცხა, ანუ სინამდვილეში აღმოჩნდნენ და ახლა იწყებენ რეალისტურ აზროვნებას.“]
[„ტონი, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაში პირველად შემოიჭრა ნაციონალური მოძრაობა, იყო შესაშინებელი და ამაზრზენი. ახალგაზრდა მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იყო რეალურ და ძალიან ეფექტურ რეფორმებზე. ადამიანებს ელაპარაკებოდა არაადამიანური ტონით, ცინიზმით, ირონიით, სარკაზმით, ზოგჯერ ხმასაც უწევდნენ და რატომღაც თავი უკვდავებად ჩათვალეს და გვითხრეს, რომ აწი ყველაფერი ჩვენ ვართ და რაც დღემდე იყო. ის ყველაფერი მოგელანდათ და იყო დიდი ტყუილი. აი, აქ დაიწყო თქვენი პრობლემები.“]
- ჰაი, დედასა!
ახლა მაინც მიხვდით, რაშია საქმე?
უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე, პირადად, თურმე, ძალიან ვცდებოდი!
მე ყოველთვის მეგონა, რომ კარტბლანში იმაზე, რომ მთავრობის წევრებს [„...ადამიანების მიმართ სიყვარულის და სითბოს ნაცვლად ზიზღი გამოეხატათ და ჩაეთვალათ, რომ პროგრესულები მხოლოდ თავად არიან და დანარჩენი საქართველო გოიმია...“] – სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა!
თურმე ვცდებოდით, ხალხო!
მიშა არაფერ შუაში ყოფილა!
მიშა კარგია! კარგზე კარგი!! – უკარგესი!!!
ეს ნაცმოძრაობაა ცუდი და საზიზღარი! და აკი, კიდეც დაეხეთქა თავისი ბინძური კურტუმოთი მიწაზე!
- ეგეც შენ, შე ოხერო ნაცმოძრაობავ!
- მოგვეცით ჩვენ ჩვენი კარგი და სათუთი მიშა და წაეთრიეთ, თქვე ზიზღისგამომხატველებო და ფსევდოპროგრესულებო! ახლა ხომ მივხვდით, როგორ გამოვარჩიოთ ტკბილი ქიშმიში მწარე „ბულკიდან“!
ახლა კი ის პასაჟი, რომელიც ძალიან მომხიბვლელია, რამეთუ დემაგოგიის ქრესტომათიის რამდენიმე პოსტულატს აერთიანებს:
["საზოგადოებაში, ჩვეულებრივ მოკვდავებში, რომლებიც ყოველდღიურად შიშით იღვიძებენ, ვინაიდან არ იციან, როგორ მოერიონ სამყაროსეულ პრობლემებს არა ფილოსოფიურად, არამედ ობივატელურ დონეზე და მაინც ახერხებენ კიდევ აზროვნებას და ფიქრს, მუსირებს აზრი, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა იყიდა ყველა და ყველაფერი და ფანტასმაგორიული დაპირებებით მოხიბლა ხალხი. იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილის ფილანტროპია (იგულისხმება პენსიები, რომელსაც ცნობილ ადამიანებს უხდიდა) აღმოჩნდა ბლეფი და სინამდვილეში მან მოახდინა კაპიტალდაბანდება ცოცხალ რესურსში და ბოლოს დივიდენდები მოითხოვა მხარდაჭერის და თანადგომის სახით. და ეს იყო არა პატრიოტული ჩუმი ქველმოქმედება, არამედ პოლიტიკური პროექტი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიგეგმა სადღაც. მაგრამ, ეს მხოლოდ მოსაზრებებია, რისი უფლებაც თავისუფალ საზოგადოებას აქვს, თუმცა, ობიექტური რეალობა სხვა დასკვნების გაკეთების საშუალებასაც იძლევა. დიახ, შესაძლოა ბევრი ფული დაიხარჯა "ოცნების"მხრიდან, მაგრამ მათ სინამდვილეში არ ჰქონდათ გამარჯვების იმედი და ემზადებოდნენ საპროტესტო მოძრაობისთვის ან უფრო უარესისთვის და ამიტომაც დაიბნენ და გაუჭირდათ უმრავლესობაში სწრაფად ადაპტირება და ბევრი მათი ქმედება აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. რატომ არ სჯეროდათ? ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ სერიოზული კონკურენტი იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ,მათი მოგება ნაციონალების შეცდომების ბრალია, ზოგჯერ უპატიებელი შეცდომების. მათი არშემჩნევა, არმოსმენა, არდაჯერება, განსხვავებული აზრის დაგმობა აღმოჩნდა ნაციონალების წაგების მიზეზი და ამ მთავრობასაც იგივე ელოდება, თუ განსხვავებულ აზრს არ გაითვალისწინებს და ყველას აიძულებს, რომ მხოლოდ ოცნების ჭრილში იაზროვნოს. იმ ჭრილში, რომელიც ძალიან ვიწროა და ეს დააამტკიცა უმრავლესობის ინტელექტუალურმა რეპლიკებმა. მაგ: "მე მართლმადიდებელი ვარ და ლესბოსელობა ჩემთვის მიუღებელია," ან -"ჰომოსექსუალები უნდა დაისაჯონ", "ბაფთიანი პრეზერვატივი ჯობია თუ ზანზალაკებიანი…" მელიტონ, ცუდად ვარ!..."]
- რატომ მგონია ეს პასაჟი დემაგოგიური?
ლევან რამიშვილის და თამარა ჩერგოლეიშვილის სახელმძღვანელოთი თუ ვიხელმძღვანელებთ, აი, – რატომ:
ავტორი ნამდვილად არაა „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, სულაც პირიქით. ასე რომ, თამამად შეეძლო ზემოთაღწერილი ეჭვები ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავად ჰქონოდა, მაგრამ არა! – იგი „ჩვეულებრივ მოკვდავებზე“ [„...რომლებიც ყოველდღიურად შიშით იღვიძებენ, ვინაიდან არ იციან, როგორ მოერიონ სამყაროსეულ პრობლემებს არა ფილოსოფიურად, არამედ ობივატელურ დონეზე და მაინც ახერხებენ კიდევ აზროვნებას და ფიქრს,“ ] აკეთებს დოსტოევსკის მაგვარ რეფერენსს! და ამბობს, რომ მათში „აზრი მუსირებს!“ - როგორც ადრე იყო – “Есть мнение!” და არავინ ვიცოდით, ვისი იყო ეს აზრი…
თუ ეს პროექტი 15 წლის წინ დაიგეგმა, რატომ ვერ გათვალეს ასეთი საშიში ფანდი მიშამ და მისმა გენიოსებმა? სწორედ ამიტომ დაჭირდა ავტორს “ჩვეულებრივი მოკვდავების” მოშველიება, თორემ აგერ არ ჰყავდა გაბაშვილი, რამიშვილი, ვაშაძეები, ან თავად სწორუპოვარი პრეზიდენტიც?
კარგი იქნებოდა ავტორს მოეყვანა კიდევ თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ვინმე 15 წელი უხდიდა პენსიებს და დახმარებებს, აშენებდა თეატრებს, ეკლესიებს, კულტურის ძეგლებს და სპორტულ დარბაზებს, იმისთვის, რომ 15 წლის შემდეგ „დივიდენდი მოეთხოვა“. ყველაზე საინტერესო ის იქნება, თუ იყო ეს ადამიანი ისეთივე იდუმალებით მოცული, როგორც ივანიშვილი, და თუ აძლევდა ძალიან დიდ თანხებს სწორედ იმ ადამიანებს და იმ პარტიას, ვის წინააღმდეგაც მას 15 წლის შემდეგ, თურმე, უნდა გაელაშქრა? აკი, ასე იყო დაგეგმილიო…
საინტერესო ისაა, რომ ავტორი აქაც და ქვემოთაც ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მის მიზანს ქართული ოცნების კრიტიკა სულაც არ შეადგენს – მას მთავარი სამიზნე ნაცმოძრაობა აქვს, ვითომ!
ავტორის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ აწი უნდა ხალხს მოუსმინონ!მას სჯერა, რომ აწი ნაცმოძრაობა რძეზე დამწვარია და ყველას იქამდე მოუსმენს, სანამ მოლაპარაკეს სიქა არ გაძვრება!
როგორც ნაცმოძრაობის ყველა დროის ნებისმიერ პროპაგანდაში არის ძლიერი მესიჯი – ჩვენ ტოლერანტულები ვართ! ნაცმოძრაობა და მიშა ყოველთვის ფეხებით თელავდნენ აბსოლუტური უმრავლესობის უფლებებს, მაგრამ ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ საქმე, რომ იცავდნენ უმცირესობების უფლებებს! რადგან ეს იყო მათი დასავლური იმიჯის ქვაკუთხედი! მიშამ მოიგონა საოცარი ფორმულა – დასავლეთი გვაპატიებს, თუ დავიჭერთ 30,000 უმრავლესობის წარმომადგენელს, მთავარია მოვეფეროთ უმცირესობის წევრებს…
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს – „მელიტონ, ცუდად ვარ!“ – რაღაც ახალია! უნდა გადავხედო რამიშვილ-ჩერგოლეიშვილის დემაგოგიის მრავალტომეულს. ეტყობა, ახალი, შევსებული გამოცემა გამოვიდა…
საინტერესო ისაა, რომ ასეთი სერიოზული დემოგაგიური პასაჟის წინაც და შემდეგაც უნდა მოდიოდეს ე.წ. „მართალი თემა“. ეს აუციელებლია, რადგან ადამიანს დიდხანს არ შერჩეს ეჭვი, – მაიცა, ეს რაებს მიჰქარამსო. სწორედ ამიტომ ამ პასაჟის წინაც და შემდეგაც ნაცმოძრაობის სწორედ ისეთი თათხვაა, სამჯერ დათხოვილ და მანდატურებისაგან შეჭირვებულ ქართველ მასწავლებელს რომ ეკადრება!
ავტორი საუბრობს კომპლექსებზე, რომელიც ნაცმოძრაობამ საკუთარ ხალხში დათესა:
[„ასაკობრივი ბარიერის თემა, ხალხს უკვე ეშინოდა ასაკის გამჟღავნება, ისტერიული ტონით დაფიქსირდა. რომ 40 გადაცილებული ადამიანი უკვე უვარგისია და ყველგან და ყველაფერს შეუსიეთ 20-23 წლის "პროფესიონალები"... თქვენი მოძრაობის წევრებიც ზომბებს დაემსგავსენ, მათ ეგონათ, რომ მუდმივად ახალგაზრდებად დარჩებოდნენ და იმიტომაც ჰქონდა უმრავლესობას ასეთი გაუღიმარი სახეები.თქვენზე ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თქვენს მთავრობაში და ინტელექტუალურ მხარდამჭერთა რიგებში ღიმილი არ ფიქსირდებოდა.“]
[„ასაკის შოკი არ იკმარეს და ახალი კომპლექსები გაჩნდა - ინგლისური და კომპიუტერი... ვაკანსიებში ინგლისურის კონკრეტულ დონეს და პროგრამების საკმაოდ მასშტაბურ ცოდნას ითხოვდნენ. შესაბამისად, სამსახურის შოვნის შანსიც წაგვართვით..“].
[„ბოლო დარტყმა პირადად ჩემთვის იყო მანდატურების პოლიციური შემოსევა.თავიდან ძალიან მომეწონა ეს იდეა, ვინაიდან სკოლებში მართლაც არსებობდა საფრთხეები, რომელიც უნდა მოეწესრიგებინა მანდატურს, მაგრამ "ნურას უკაცრავად", 23-25 წლის მანდატურები ჩაერიენ სასწავლო პროცესში, სრულიად დასცეს მასწავლებლის და დირექტორის ავტორიტეტი და ყველა დაზაფრეს. ისინი მასწავლიდნენ, როგორ უნდა ჩამეტარებინა ხელოვნების ისტორიის გაკვეთილი. ეს მეტისმეტი იყო, ეს უბრალოდ მარაზმი იყო. შაშკინმაც არ იცის რა არის ხელოვნების გაკვეთილი, არამცთუ მისმა მანდატურებმა. სკოლა უსაფრთხო ნამდვილად გახდა, მაგრამ რის ხარჯზე? ბავშვები ასმენდნენ მასწავლებლებს მანდატურებთან. ჩემი აზრით, ეს დანაშაული იყო“]!
[„თქვენ და თქვენი მთავრობის წევრები უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან ბევრს მოგზაურობდით და იმედი მაქვს, ამ მოგზაურობებს სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯებიც თან ახლდა, მაგრამ ახლა ცოტა ესთეტიკის და გრძნობების თემას უნდა შევეხო. ნუთუ ვერ შეამჩნიეთ, რომ ყველა ევროპულ ქალაქში ძალიან უფრთხილდებიან თავის კოლორიტულ სივრცეებს? ... არ ფიქრობთ, რომ ეს არასწორი ნაბიჯები იყო? ადამიანებს მოვუშალოთ საყვარელი ადგილები, რაც ტურიზმისთვისაც ძალიან მომგებიანია და მათ ნაცვლად დავდგათ ის, რაც უკვე აღარავის არ უკვირს?“]
[„მე მესმის, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მკაცრი ძალისმიერი მეთოდებით ახორციელებს სხვადასხვა ქმედებებს, ვინაიდან სახელმწიფო მანქანა არ არის ქერუბიმების და ანგელოზების სივრცე, ის ძალიან სასტიკია და ასეთია კაცობრიობის ისტორიის გზა. დიახ, ვიყავი პრეზიდენტის მომხრე, მაგრამ 7 ნოემბერს ქუჩაში გამოვარდნის სურვილი ვერ დავიოკე. მეტეხის ხიდთან რომ მივედი, უკვე დემონსტრაცია დარბეული იყო. ადამიანი ვარ და ვერ ვუყურებ, როგორ სცემენ ხელჯოხებით ხალხს. ამას ვერ ვუყურებ ტელევიზორში და ამიტომაც ქუჩაში აღმოვჩნდი.შესაძლოა, პოლიტიკურად ეს გამართლებული ქმედება იყო და დღემდე ევროპაშიც და ამერიკაშიც დემონსტრანტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს,საკმაოდ მკაცრად უსწორდებიან, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებს გვიჭირს ასეთ დროს სახელმწიფოებრივი აზროვნება, როცა სცემენ უიარაღო ხალხს,ახალგაზრდებს, ქალებს. ალბათ ვერასდროს ვიქნებოდი პოლიტიკოსი, ვინაიდან,რაღაცებს ვერ ვიგებ და გადატანაც მიჭირს.“]
[„გვერდს ვერ ავუვლი იმ ამბებს, სადაც, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ადამიანური შეცდომები დაუშვით: როცა ბუტა რობაქიძის მამა, გამწარებული კაცი- და რა გასაკვირია, აბა საკუთარი თავები ერთი წამით ჩააყენეთ მის მდგომარეობაში - მოვიდა კანცელარიის შენობაში, რა საშინლად მოექცა მას მთავრობის წარმომადგენელი? ფაქტობრივად გააგდო იქიდან. როცა ბედნიერი ხარ და შენთან უბედური ადამიანი მოდის, იმას ხელი არ უნდა ჰკრა, თუნდაც უხეში იყოს და არაადეკვატურიც. ის განადგურებული იყო და მითუმეტეს როცა პოლიტიკოსი ხარ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი, ასე ღიად კამერების წინაშე როგორ უნდა შეირცხვინო თავი? მაგრამ ამაზე არც ერთ თქვენგანს რეაქცია არ მოუხდენია, პირიქით ათასი მითი შეთხზეს, რომ ის გარდაცვლილი ყმაწვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. კაცი კაცს კაცურად უნდა მოექცეს და არა ჩინოვნიკურად.“]
[„იგივე მოხდა გირგვლიანის საქმეზეც. ყველამ კარგად იცით, რომ ის ყმაწვილი არც ბრმა ნაწლავის შეტევით გარდაცვლილა და არც თრომბით, არც ნარკოტიკების დიდი დოზით, ის ძალიან დატანჯეს, აწამეს და მოკვდა. შესაძლოა, მართლა დასჯა და შეშინება უნდოდათ, მაგრამ რა უფლება აქვს პოლიციელს, დასაჯოს ადამიანი ტყეში? ანდა რა დააშავა ასეთი? იუზრდელა და ვიღაცებს აგინა? მერედა, ვის გაუკვირდა თბილისში გინება და უზრდელობა? თუ ის პოლიციელები იყვნენ ხუთოსანი ბიჭები, რომლებსაც არასდროს არავისთვის არც შეუგინებიათ ან არ დაურტყამთ? მერე პრესაში გამოჩნდა ამაზრზენი ინფორმაცია, თითქოს ეს ყმაწვილი იყო ცუდი ადამიანი და თავხედი. დაუშვათ და იყო, ამიტომ უნდა აწამო? ეს სადაური კანონებია? კუმბუჯუს ტომის თუ ასმატების. თუ თბილისური ქურდული გაგებაა - "მოსაკლავი უნდა მოიკლას"? როგორი სირცხვილია… მერე იყო და დედამისს ზოგ-ზოგიერთები ისტერიჩკას და ავადმყოფს ეძახდნენ, ესეც დიდი შეცდომა იყო. უკაცრავად, მაგრამ აბა საკუთარი ცოლები წარმოიდგინეთ ირინას ადგილზე, ისინი როგორ მოიქცეოდნენ? უბრალოდ, ახალგაზრდა ნაციონალებმა და სამართლიანმა სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რომ სანდრო თბილისში ძალიან ღირსეული და საპატივცემულო ოჯახის შვილი იყო და ამხელა რეზონანსს და ხალხის მხარდაჭერას არ ელოდნენ, არადა თბილისმა ეს მაინც იცის საბედნიეროდ.ერთხელ მაინც, ერთ-ერთი თქვენგანი რომ გამოსულიყო ტელევიზიით და გამოეხატა როგორც წუხილი, ისე აღშფოთება ამ ფაქტით და ეღიარებინა, რომ არც ერთ სამართალდამცავს არ აქვს უფლება, ადამიანები უღრან ტყეში გაიყვანონ და იქ ლინჩის წესით გაუსწორდნენ და მსგავსი თანამშრომლები კიდეც დაისჯებიან და სამუდამო დისკვალიფიკაციას მიიღებენ - ასე რომ მოქცეულიყავით, იმ ქალს შვილს ვერ გაუცოცხლებდით, მაგრამ ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდით ტკივილს,მაგრამ რა მოხდა? დამნაშავეები შეიწყალეს და სამსახურშიც დააბრუნეს.“]
- „როგორი სირცხვილია!“-ო?
- რატომაა სირცხვილი, ქ-ნო ნათია? აკი თქვა თქვენი კერპის სამართლის ბურჯმა თინათინ ბურჯალიანმა – ჩვენ ევროსასამართლომ ფულის გადახდა დაგვაკისრა და გადავუხადეთო! ანუ, ხომ მივეცით 50,000 ევრო წამებულის ოჯახის ერთადერთ ცოცხალ წევრს და აბა, ჩვენგან მეტი რა ჯანდაბა გინდათ, მართლა თავიდან ხომ არ გამოვიძიებთო?!! ეს რომ განაცხადა ამ სამართლის ფალსიფიკატორმა – მაშინ არ გიგრძვნიათ სირცხვილი, ქ-ნო ნათია? მაშინ არ მოგინდათ რაიმე დუელისმაგვარი? არ შეგრცხვათ, რომ თურმე შვილის მოკვლაში 50,000 ევროს რომ გადაუგდებენ ადამიანს, ამას ეუბნებიან – წადი ახლა და მეტი შენგან ხმა არ გავიგონო ამოღებულიო? ეს იყო თქვენებური სამართლის პურის ჭამა? ორი წელი ღვივდებოდა თქვენში სირცხვილი?
[„გამაოგნებელი იყო ერთი პოლიტიკოსის საქციელიც - ქართველმა კაცმა ტონობით ღვინო დაიწუნა და დაღვარა და ეს იყო საშინელი საყურებელი, როგორ იცლებოდა ჭურჭელი ღვინისგან და იატაკზე და მიწაში იღვრებოდა, ასეთი კაცი პოლიტიკაში როგორ დატოვეთ?“]
- „ქართველმა კაცმა“? ავტორს სახელი არ ახსოვს ამ მედროვის? რატომ, ის ხომ პოლიტიკიდან არასოდეს წასულა? უბრალოდ სტრიპტიზ-კლუბი „პენტჰაუზი“ გახსნა და პატარკაციშვილის ტელევიზია „იმედს“ დაესაკუთრა რამდენიმე წლით! – გიორგი არველაძე იყო ის პოლიტიკოსი, ქ-ნო ნათია – მიხეილ სააკაშვილის სწორედაც რომ უახლოესი და თავიდანვე გულისგულის მოღვაწე! (აი, აქ კი მაგარი იაღლიში მომივიდა, პეტრე ცისკარიშვილი იყო ბადაგონის ღვინის დამაქცევარი, გიორგი არველაძეს სხვა ცოდვებიც ეყოფა
[„არ ვიცი, ვინ გასცა ეს ბრძანება, მაგრამ როცა "ქართული ოცნება"მომძლავრდა, სამსახურებში აღარ იღებდნენ აქტივისტების ოჯახის წევრებს და ეს არ არის ჭორი. გვარებს ვერ ჩამოვთვლი, ვინაიდან ამ ხალხისგან ნებართვა არ მაქვს. ეს ხომ ტაქტიკური შეცდომაა. "მტერი" ახლოს უნდა გყავდესო,ამბობდნენ, იქნებ სჯობდა, რომ მათი ოჯახებისათვის მუშაობის საშუალება მიგეცათ და ამით კიდევ უფრო მეტი ხმა და პრესტიჟი არ დაგეკარგათ, მაგრამ ისევ არა.“]
- ძალიან საინტერესოა! თურმე, სამსახურში აღარ იღებდნენ! ჩვენ კი ვიცით, რომ ანთავისუფლებდნენ კიდეც! და, თურმე, ეს უკანონობა კი არ ყოფილა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუციაც განიხილავს, არამედ უბრალოდ – „ტაქტიკური შეცდომა“, რადგან „მტერი“ ახლოს ჯობდა, ჰყოლოდათ! არა, რა აქვს ქ-ნ ნათიას სააკაშვილთან სადუელო, არ ვიცი! – დაახლოებით ისეთი “ბაზარია”, უფრო გამოცდილი ქურდი რომ დატუქსავს ახალგაზრდას და გამოუცდელს – არა იმისთვის, – „ეს როგორ ჰქენით, ეს ხომ დანაშაულიაო!“ არამედ იმაზე, -„ეს როგორ მოგივიდათ, ასე უბრალოდ როგორ დაიწვითო?“!
[„ციხის კადრებზე ლაპარაკიც არ მინდა, ვინაიდან ორი საშინელი კვირა გადავიტანე და გახსენებაც არ მინდა. ამაზე იფიქროს სასამართლომ. ისე, ერთი რამ კი მიკვირს, თითქოს უშიშროებამ ყველაფერი იცოდა და როგორ ვერ გაიგეს,რომ ციხეში კამერით მოძრაობდა მთელი ჯგუფი? მე ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ეს ამბავი ასე მარტივად არ არის, ეს უფრო რაღაც კლანური დაპირისპირების და ფარული ომის პროცესი იყო, რომელიც საბოლოო ჯამში იქცა დოკუმენტად და გაიყიდა იმაზე, ვინც მეტი გადაიხადა.“]
- ვერ გავიგე – ეს რაა? გამართლების ძველი/ახალი მცდელობა, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, თუ აქაც „გაგებული ბაზარი“, – რატომ იჟმოტეთ, რატომ მეტი არ გადაიხადეთო?
სტატიის უკვე ამ – გარეგნულად გამანადგურებელ – ნაწილშიც უკვე იკვეთება ავტორის გადაწყვეტილება, რომ როგორც კონსტრუქციულ ოპოზიციონერს ( ან დუელიანტს!) ეკადრება, მან მარტო კი არ აკრიტიკოს, არამედ შეაშველოს თავისი მოსაზრებებიც, როგორ ჯობდა, სად უნდა შესწორდეს… ხომ გასაგებია, რომ ქ-ნი ნათიას გაბრაზება სულ უფრო თვალსაჩინო დეკრეშჩენდოს განიცდის და მას ახლა მხოლოდ ის უნდა, რომ როცა მიშა და მისი გუნდი ისევ დაბრუნდება (აბა, თქვენ რა გეგონათ?!), ის შეცდომები აღარ დაუშვან, ამიტომ კრიტიკა თანდათან იკლებს, ხოლო რჩევები ძლიერდება და თეზისებად ლაგდება… ისე ნეობოლშევიკურად, ამხ. ულიანოვს რომ მოხიბლავდა (ნამდვილად გივი თარგამაძის გავლენაა, მაგ თეზისებზე შეყვარებულ ჩე გივირასი!)
[„რატომ და ვისი გადაწყვეტილებით ჩათვალა ნაცმოძრაობამ, რომ ოლიმპოს მწვერვალზე იყვნენ? რამ განაპირობა ის, რომ ბოკერია, გაბაშვილი, რამიშვილი და კიდევ რამდენიმე პერსპექტიული პოლიტიკოსი უსახონი გახდნენ და იმის ნაცვლად, რომ რეფორმატორების გუნდი გამორჩეული ყოფილიყო თავისი კრეატიულობით და პროგრესულობით, მყეფარე ძაღლებს დაემსგავსნენ?სინამდვილეში მათი პოტენციური რესურსის გამოყენება შეიძლებოდა ისე, რომ ქვეყანა მართლაც სერიოზულ გამარჯვებას მიაღწევდა, ისინი კი აითქვიფენ ნაცმოძრაობის რევოლუციურ ეიფორიაში და ძალაუნებურად როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ქმედებების თანამონაწილენი გახდნენ..“].
7 ნოემბრის [„...მერე კი ისწავლეთ ჭკუა და კარვების დაცემა არც კი შეიმჩნიეთ. გაივსო რუსთაველის გამზირი ფლოსტებიანი ხალხით, მაგრამ თქვენ ტაქტიკა შეცვალეთ და სწორიც გამოდგა თქვენი დუმილის აქცია. ასეა… ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ.“]
[„...ახლა ჩემი მეგობრები, რომლებიც "ქართული ოცნების" მარდამჭერები არიან, ხშირად იმეორებენ, რომ დიქტატურა დამთავრდა და ბოლოსდაბოლოს ყველას შეუძლია,საკუთარი აზრი გამოთქვას. თუმცა, "კავკასიაზე", "მაესტროზე" და მრავალრიცხოვან პრესაში ადამიანები სავსებით თავისუფლად გამოთქვამდენენ საკუთარ აზრს დღემდეც.“]
- იმაზე არაფერს ამბობს ავტორი, რომ ამ თავისუფალ აზრის გამოთქმას მხოლოდ თბილისელთა მცირე ნაწილი უყურებდა და უსმენდა, ხოლო რეგიონები „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და პირველი არხის გებელსურ პროპაგანდის ნემსზე ჰყავდა შესმული მიშას…
[„...იმ საყვედურსაც, რასაც ვამბობ,სიბრაზე მალაპარაკებს, თქვენ ის შანსი, რომ კიდევ უფრო ლაღი და ძლიერი ყოფილიყო ეს ქვეყანა, ცალკეული არასწორი და ეგზალტირებული ქმედებების გამო,რაღაც მომენტში დაკარგეთ და ვეღარ გააკონტროლეთ. მე არ მომწონს თქვენი მრჩევლების გუნდი. არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ აშკარად რაღაც პრობლემა აქვთ.და საერთოდ, სად იყო თქვენი მოძრაობის კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა? როგორ დავიჯერო, რომ ყველაფერს თქვენ აკონტროლებდით და სხვისი ხელიც არ ურევია ამდენ კვაზიკონცეპტუალურ გადაწყვეტილებებში?“]
- არ დაგეწვათ გული, ეს რომ წაიკითხეთ? ნათიას დაეწვა (მეგრელიშვილსაც, კობერიძესაც და ბრისტოლელსაც).
[„ვფიქრობ, ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც იყო ვანო მერაბიშვილი, კაცი, რომელმაც საკმაოდ დიდი სამსახური გასწია, რომ საქართველოში კონკრეტული პრობლემები საბოლოოდ გამქრალიყო და უსაფრთხოება გაძლიერებულიყო, კარტოფილის და პომიდვრის მოსავლის აღებაზე არ უნდა გაგემწესებინათ.“]
[„ახლა არამარტო ჩემი, არამედ მრავალი ადამიანის აზრს გადმოგცემთ:აღმაშფოთებელი იყო კადრები, როცა გოკა გაბაშვილი გიგა ლორთქიფანიძეს უყვიროდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ხანდაზმული ხალხი პატივისცემით და მადლობით გაგესტუმრებინათ პენსიაზე და აგეხსნათ მათთვის ახალი პოლიტიკის არსი,თქვენ ლანძღვა-გინებით მოიშორეთ აკადემიკოსები, პროფესორები, მეცნიერები და დაულუქეთ ის შენობები, სადაც ისინი მუშაობდნენ. პატივი და სამადლობელი სიტყვა დააკელით ბევრ ღვაწლმოსილ ადამიანს და ამით თქვენ მარტო მათი ხმები კი არ დაკარგეთ, არამედ მათი ოჯახების, მეგობრების და გულშემატკივრების და არამარტო ხმები, არამედ პატივისცემაც. ისე, ნაციონალების ახლობლებს ასაკობრივი პრობლემები არ შეხებიათ და ესეც უნდა აღიაროთ. ხალხი არც ბრმაა და არც ყრუ, მაგრამ თქვენი მთავრობა დაყრუვდა და დაბრმავდა. სხვათა შორის,ვაცლავ ჰაველის წიგნში ამოვიკითხე - "მე როცა პრეზიდენტის კაბინეტში შევედი და კარები მოვიხურე, იმ დღიდან დავყრუვდი". ნიშანდობლივი სიტყვებია,როგორც ჩანს ისეთ მაგარ პოლიტიკოსებსაც კი, როგორიც ჰაველი იყო, ობიექტური რეალობისგან გაუცხოების პრობლემა შეექმნა.“]
- საინტერესოა, სტატიის ავტორმა მხოლოდ ახლა დააფიქსირა თავისი აღშფოთება მხცოვანი ინტელექტუალებისათვის ყვირილით? ალბათ, როგორ უმძიმდა რამდენიმე წელი ამ აღშფოთების მალვა!
ასევე საინტერესოა ავტორის ტაქტი, რომელიც არ აძლევს მას იმის უფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მხცოვანი და ეიჯიზმის საფრთხეს გარიდებული ოჯახის წევრები უშუალოდ დაასახელოს! ხომ ყველამ ვიცით ქ-ნ მზია წერეთლის არაბეთში ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე ყოფნისას ჭეშმარიტად ნიქსონისეული თუ კარტერისეული დიპლომატია!
აი, კიდევ რამდენიმე რჩევა-დარიგება! (ამას რომ ვკითხულობდი, მართლა ვიფიქრე, როგორ გაუმართლა სტატიის ავტორს, რომ ამას ყველაფერს ქაღალდს ეუბნებოდა და არა – დუელისთვის გამზადებულ მთავარსარდალს! ხომ ყველამ ვიცით, ამ უკანასკნელის ფიცხი ხასიათი!)
მაგრამ მეორე მხრივ, როგორ გაუხარდებოდა მიხეილ სააკაშვილს ვაცლავ ჰაველთან ასეთი გატოლება!!! ბატონი მიხეილის ცხოვრების ლაიტმოტივი ხომ მომავალში ზუსტად ეს იქნება – „მე და ჰაველი!“
აბა, რა გეგონათ?
დამთავრდა დეგოლობის, აღმაშენებლობის, ათათურქობის და, თუნდაც, – ვაშინგტონობის საყმაწვილო გატაცებები! აწი გაჭარმაგებული (და იქნებ ხელოვნურადაც კი გაჭაღარავებული) სააკაშვილის ერთადერთი ხატება მხოლოდ ვაცლავ ჰაველი იქნება! ვშიშობ, არამცთუ ბუშის ქუჩას არ უწერია დიდი დღე, ვაითუ რეიგანის ქანდაკებაც გააჰაველოს ჩვენმა ჭკუანასწავლმა
რაც უფრო მეტს წერს სტატიის ავტორი, მით უფრო უდუნდება თავდსაპირველი ბრაზი და სადუელო რისხვა, და პირიქით, მით უფრო კადნიერად ასწავლის ჭკუას გაყუჩებულ პრეზიდენტს:
[„შესანიშნავი არქიტექტორია იმ პროექტის ავტორი, რომელიც რიყეზე უნდა განხორციელებულიყო,იდეა ძალიან კარგია, მაგრამ რიყეს ნაკლებად მოუხდა. გაცილებით საინტერესო იქნებოდა მათი აგება უფრო თანამედროვე რაიონში, ან ამაღლებულ ადგილზე,ფერდობზე ან მთაზე. ეს გემოვნების საკითხია და მე ასე უფრო მომეწონებოდა,ვინაიდან რიყე არის რიყე და იქ სხვა აურაა. კა–ტეგორიულად არ მომწონს ძველ თბილისში რაღაც ბაბაიკა შენობა "შანგრილა" და ასევე შემიძლია ვთქვა, რომ სოლოლაკზე გაშენებული ბიზნეს ცენტრი, არ ვიცი რას ჰგავს - ქარხანას,მფრინავ თეფშს, მაცივარს თუ ატომურ რეაქტორს? თუმცა, მაინც ვაღიარებ, რომ თანამედროვე არქიტექტურა ზოგადად ძალიან მომწონს, მაგრამ შესაფერის გარემოში. იმედია, მაქვს უფლება მქონდეს საკუთარი აზრი.“]
[„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საკმაოდ გულჩვილი და სენტიმენტალური ადამიანი ჩანდით და თქვენგან მაინც ველოდი ადეკვატურ რეაქციას, მაგრამ როცა ერთმა ტელეჟურნალისტმა ამ თემაზე კითხვა დაგისვათ, თქვენ ძალიან ოფიციალური წუხილი გამოხატეთ და პასუხად გვიამბეთ, რომ ჩვენს ხალხს ისე უყვარს პატრული, რომ ქუჩაში სულ ყვავილების თაიგულებს ესვრიანო - ეს იყო პასუხი-ბომბი... და, კიდევ ერთი დიდი შეცდომა! მე რომ იმ ჟურნალისტის ადგილზე ვყოფილიყავი, ამას არ გავატარებდი და იმ ბომბს აუცილებლად ავაფეთქებდი. თუმცა, ასეთ დროს მარტო პრეზიდენტს ვერ დავადანაშაულებ. ეს პრეზიდენტის პირადი მრჩევლების არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს - არ ვიცი,ვინ ხართ, მაგრამ საკუთარ პრეზიდენტს პატივს არ სცემთ? რატომ არ ეხმარებით რჩევებით ექსტრემალურ სიტუაციებში? დარწმუნებული ვარ, მიპასუხებთ, რომ პრეზიდენტი ყურს არ გიგდებთ და არ გემორჩილებათ. მჯერა, ვინაიდან ამ ასპექტში საკმაოდ ურჩი ადამიანი ჩანს, მაგრამ სააკაშვილმა კარგად იცის მსოფლიო პოლიტიკის დაწერილი და დაუწერელი კანონები, მან იცის, რომ გუნდი უნდა იყოს ყოველთვის მობილიზებული...“]
- გულჩვილი, სენტიმენტალური და უმანკო! და სხვაც ბევრი გამორჩა სტატიის ავტორს, აი მაგალითად: ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი – წაიკითხავ ამას და მაშინვე ჩვენი გულჩვილი და სენტიმენტალური დაგიდგება თვალწინ! საუკუნეების წინ იყო ცნობილი მისი უნარ-ჩვევები! ყმიანობა – განსაკუთრებით!
[“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უზარმაზარი ენერგია დახარჯეთ ამ წლების მანძილზე და სოფელ-სოფელ იარეთ და თითქოს ცდილობდით, ყველა პრობლემა საკუთარი თვალით გენახათ, სინამდვილეში არსად არავინ არაფერს აკეთებდა,სანამ თქვენ არ გასცემდით მკაცრ განკარგულებას. ეს კი ნამდვილად არ არის თქვენი ბრალი, ვინაიდან ეს ჩვენი გენეტიკური თვისებაა. აუცილებლად გვჭირდება შეძახილი და ექსტრემალური სიტუაცია რომ გამოვფხიზლდეთ. სადაც ხელი მიგიწვდათ და ცოტა იყვირეთ, იმ პრობლემებს ეშველა, მაგრამ სადაც ვერ მიაღწიეთ, იქ პასუხისმგებლობა არავის არ აუღია საკუთარ თავზე. ყველა გამგებელი და გუბერნატორი ორიენტირებული იყო თქვენზე და არა იმ რეგიონზე,რომელსაც პატრონობდა და ასე გაგრძელდება მუდამ, ვინაიდან ლუარსაბ თათქარიძეების ქვეყანა ვართ.]
- მაგან თუ ყვირილი დაგვაკლო! უბრალოდ მისი ყვირილი პრობლემების გადაჭრას კი არ ემსახურებოდა, არამედ პრობლემების ფონზე საკუთარი პიროვნების უკვდავყოფას! ასე იყო დადგმული მოხსნა საბაჟოზე, გაზის გაყვანის და წყაროს მოყვანის დადგმული სცენები და განმუხურში ავტომატზე მკერდის მიჭერის დიდებულად დადგმული სცენაც!
[„...მაგრამ ახლა კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია,აღარც თქვენ მიდიხართ მათთან, არც მთავრობა ჩადის და სოფლებში უკვე ხალხი ერთმანეთს დაერია. რა მოჰყვება ამას, ჯერ უცნობია. სულ მაინტერესებდა,უკანასკნელ წლებში ნაცმოძრაობის ინტელექტუალური ბირთვი აქტიურობდა თუ გაჩუმდნენ და თქვენს დამარცხებას ხელი არ შეუშალეს? რა კარგია, რომ პირისპირ არ ვსხედვართ და თავს უფლებას ვაძლევ, რიტორიკული კითხვებით დავკმაყოფილდე."]
["კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისე ვარ დაზაფრული დღევანდელი სიტუაციებით,რომ ვეღარ ვარჩევ, ვინ რას სჩადის. სადარბაზოებში სისხლიანი ნემსები და ბამბები გაჩნდა, იტაცებენ მანქანებს, ქალებს ართმევენ ჩანთებს და თმებით ათრევენ, მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან, პარლამენტარები ნაცმოძრაობის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. ვერ გავიგე, ჩვენი ყურადღება გადააქვთ სკანდალებზე და ამასობაში სხვა პროექტი ხორციელდება, თუ გაუჭირდა ახალ მთავრობას იმ შკალაზე შეჩერება, საიდანაც ნაცები ჩამოყარეს? თუ ისევ რაღაც ფარული ომი მიდის და ვინ იცის, რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს. იცით,ხანდახან ვფიქრობ, რომ 2003 წლის რევოლუცია არ უნდა მომხდარიყო და უნდა დავლოდებოდით არჩევნებს. მესმის, ქვეყანა სტაგნაციაში იყო და არ ვითარდებოდა, მაგრამ რატომ ვიჩქარეთ?“]
სადარბაზოებში სისხლიანი ნემსები და ბამბები გაჩნდა, იტაცებენ მანქანებს, ქალებს ართმევენ ჩანთებს და თმებით ათრევენ, მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან, პარლამენტარები ნაცმოძრაობის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ.
- აი, ასე იწყება აშენებული ქვეყნის ჩამოშლა!
ასე ხდება მსოფლიოს რუკაზე წარმატებულ ქვეყნად ძლივს შერაცხული ბედნიერების, გამჭვირვალობის, და კოჰაბიტაციის სავანის დეგრადაცია – ერთ დღეს სისხლიანი ნემსები გაჩნდება, მერე შპრიცები (სავარაუდოდ – ის საკერავი ნემსები არ იყო), დაბოლოს, სისხლიან ბამბასაც რომ დააგდებენ, ეს უკვე ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ინვესტორები აღარ უნდა გაჭაჭანდნენ! იტაცებენ მანქანებს (სარეცხ და საკერავ მანქანებსაც! მიდით “ტექნობუმში” და ნახეთ, როგორ იტაცებენ!) ქალებს ართმევენ ჩანთებს… მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან – მანქანები წითელზე ვეღარ რეაგირებენ… მანქანებიც კი დაადალტონიკა ამ ოცნებამ! წითელი ფერიც ჩამოიშალა! ზუსტად ისეთივე საშინელება დახატა ავტორმა, როგორც ცნობილ საშინელებათა ტრილერში „ბრილიანტის ხელი“ – Крокодил не ловится, не растет кокос… ძალიან მაინტერესებს, ვინმე ხართ ისეთი, ვისაც ამ 9 წლის განმავლობაში სადარბაზოში შპრიცები აღარ გინახავთ? დავიჯერო, შპრიცების და ბამბების ნახვის სტატისტიკური მრუდი მართლაც ექსპონენციალურ აღმავლობას განიცდის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?! სტატისტიკურად სარწმუნოა ეს მეტაფორა?
[„ერთმა ადამიანმა მითხრა - დადგება დრო და სირცხვილად ჩაითვლება, რომ მიშას იცავდიო. მე მიშას არ ვიცავ და არც ვიცი, ვინ არის მიშა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტთან ფამილიარული ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ მხარს არ დავუჭერ იმპიჩმენტს, მე მინდა კანონიერ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არჩევნების გზით ირჩევენ პრეზიდენტს...“]
- ავტორმა არ იცის, ვინ არის „მიშა“! „მიშა მაგარიას“ რომ მღეროდნენ, მაშინაც ვერ ხვდებოდა და აწუხებდა ეს ფამილარობა! პირველკლასელები რომ იძახდნენ „მიშა, მიშას!“ ან პოლიციელები რომ არბევდნენ ოპოზიციას „მიშა მიშას!“ ყვირილით, მაშინაც არ იცოდა ავტორმა, ვინ მიშაზე იყო მოთხოვნა! ან იცოდა, მაგრამ რცხვენოდა, იმის გამხელა, რომ ხვდებოდა! ნამდვილად ის სჭირდა – „ერთი რამის სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება!“
[„ბატონო პრეზიდენტო, არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ იქნებ თქვენს თანაგუნდელებს აუხსნათ და დაარწმუნოთ იმაში, რომ ადამიანები კი არ უნდა მოერგონ პოლიტიკას, არამედ პოლიტიკა უნდა იყოს ადამიანზე მორგებული. აუხსენით და თვალები აუხილეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის კაცი, მთავარია რისი გაკეთება შეუძლია მას და რომ უფროს თაობას თუ არ დაინდობ, ასევე მოგექცევა შთამომავლობაც. თუმცა ნაციონალები ამას ვეღარ გაბედავენ, ვინაიდან ბიჭები უკვე აღარ არიან და ჭაღარაც შეერიათ. და იმასაც მიხვდნენ, რომ ზეადამიანების ნიშა არ უნდა დაეკავებინათ, ეს მცდარი არჩევანი იყო. კიდევ გაქვთ შანსი, ბევრი რამ გამოასწოროთ და შეცვალოთ,იქნებ ოპოზიციაში თქვენი ყოფნა სასარგებლოც იყოს ქვეყნისათვის, ვინაიდან თქვენი გუნდი საპარლამენტო ცხოვრებაში გაცილებით გამოცდილია, ვიდრე ახალი უმრავლესობა. ასე რომ, შანსი კიდევ არსებობს, ოღონდ ერთი პირობით, იფიქრეთ ადამიანებზე.“]
დასკვნები (რა ეწერებოდა ამ ღია წერილში, ის რომ დეპეშა ყოფილიყო):
ნაცმოძრაობა იყო ცუდი (გაყოყოჩებული, სარკასტული და არაჰუმანური) და მასეც მოუხდება, რომ დამარცხდა! აბა რა ეგონათ!
მიშა არის კარგი! კარგი კი არა – გადასარევი! ცოტა შეეშალა, რომ ნაცმოძრაობას ენდო, მაგრამ ახლა მიხვდა და აწი სულ კარგად მოიქცევა!
ნაცმოძრაობაში იყო კარგი და პროგრესული გუნდი, რომელიც ჩამოშორდება იმ ცუდ ნაცმოძრაობას და მიშასთან იქნება, – „მათ ახალთ აღუდგინონ მას დიდების დღენია!“ – ესენია: ბოკერია, გაბაშვილი (შვილი!), რამიშვილი (ლევანი), მერაბიშვილი, ვაშაძეები (გიორგი და გრიგოლი), ბენდუქიძე.
„კარგებში“ სავარაუდოდ ვერ შევლენ – შაშკინი (გაქცეული), ადეიშვილი (გაქცეული და მალე საციხარი), უგულავა (გასაქცევი), ახალაიები (თუმცა, ვნახოთ, მიშას ძაან გული აქვს დამწვარი მათზე), ბარამიძე (საციხარი) და სხვა წვრილფეხობა (გული მიკვდება ჩიორაზე და ბოცოზე! იქნებ რაიმე კარტი დაუჯდეთ კარგად და მაგათი უნარ-ჩვევებიც დაფასდეს!)
მიშამ უნდა მიიზიდოს ინტელიგენცია. მოუბოდიშოს, დაუყვავოს! განსაკუთრებით, იმის ფონზე, თუ რა შეცდომებს დაუშვებს „ქართული ოცნება“
მიშამ საერთოდ უნდა მოუბოდიშოს ხალხს! ირინა ენუქიძის საფლავზე მისვლაც კარგი იქნებოდა, ბუტა რობაქიძის და გიორგი გამცემლიძის მამებისთვის ხელის ჩამორთმევაც! თუმცა, არ იქნება ეს ადვილი და კარგად უნდა დაიგეგმოს!
მიშამ უნდა გამოაცხადოს, რომ „შანგრი-ლა“-ს დაანგრევს და სოლოლაკის ბიზნეს ცენტრს და იმ ტრუბებს სხვაგან გადაიტანს. ნათია მეგრელიშვილი ეტყვის, – სად ჯობია და მიშაც დაუჯერებს! საერთოდ მიშამ სანიმუშო დამჯერეობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს, ხმადაბლა ილაპარაკოს, სენტიმენტალურობის გამოვლინებაც არ აწყენს, მაგალითად – „ჯარისკაცის მამაზე“ დასწრება და სახალხოდ აცრემლება!
მიშამ უნდა დაიწყოს ქართული ცეკვა და სიმღერა (ამაში სანდრა დაეხმარება); კარგი იქნება, ჩოხა-ახალუხსაც თუ ჩაიცვამს, წვერს მოუშვებს და გაეროს ტრიბუნაზეც ასე ავა…
და კიდევ, სასურველია, თუ უფრო რელიგიური გახდება, მაგრამ ამავდროულად თან ტოლერანტულობასაც შეინარჩუნებს და დილით რომ სამებაში მივა, მერე შუადღეზე მეჩეთში გამოივლის და საღამოს სინაგოგაშიც შეივლის. კრიშნაიტებიც ჩამოსაყვანია…
თუმცა, მიშას უკანასკნელი იმედი ისევ დასავლეთი და კოჰაბიტაციაზე მეოცნებე საზოგადოებებია. აჯობებს, ცოტა ფეთხუმად ჩაიცვას, რამე მესამეხარისხოვანი ავიაკომპანიის თვითმფრინავის ეკონომ კლასით იმგზავროს და საზღვარგარეთ „როლექსის“ ნაცვლად „ტარგეტში“ ან ლილოს ბაზრობაზე 5-დოლარიანი შტამპოვკა საათები იყიდოს. მერე ეს სურათები ფეისბუქზე დადოს. და დააწეროს – „ასეთია კოჰაბიტანტის ბედი“…
და კიდევ, ერთი პატარა შტრიხი, ადრე ჭაღარას იღებავდა შავად. ახლა, რაც შავი თმები აქვს, ისიც უნდა გაიჭაღარავოს და ცხვირზე დაბლა ჩაცურებული სათვალით ვაცლავ ჰაველზე დამსგავსება დაიწყოს… ცოტა წონაში დაკლებაც არ აწყენს…
[„ეჰ, სათქმელს რა დალევს, მაგრამ ამჯერად მეც ავღელდი და ბევრი რამ დამავიწყდა, რაც უნდა მეთქვა.“]
ახლა კი, ცოტა უფრო სერიოზულად:
ავტორის კიდევ ერთი არაგულწრფელი პასაჟი, რომლითაც იგი კეკლუცად მიმართავს დუელში გამოწვეულ ძვირფას პრეზიდენტს:
[„მაგრამ, თქვენთან "ქართული ოცნების" კრიტიკას არ დავიწყებ. მათზე ფიქრი ჯერ არ დამიწყია - როგორც სკარლეტ ოჰარა იტყოდა - "ამაზე მე ვიფიქრებ ხვალ!"]
ისე მე ვიცოცხლე, რამდენიც ამაზე ფიქრი კარგა ხანია დაწყებული აქვთ, ამ სტატიის დაწერამდე დიდი ხნით ადრე… და სანამ სკარლეტი თავის ტურფა სახეს “ქართული ოცნებისაკენ” მიატრიალებს, აჯობებს, ოცნებამ კარგად იფიქროს იმაზე, რომ ნაცმოძრაობა საპასუხო დარტყმას ამზადებს… და ამ დროს ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა მწყობრად მომუშავე ტელევიზიის ლამის დაშლა, ან იმის ვერდანახვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სააკაშვილი ახალი დირექტორის მოყვანით კიდევ ერთ ალიბის შეიქმნის უცხოეთში, რომ დასავლეთში პიარ-სამუშაოები სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, რომ „ოცნების“ გვერდით მდგომი ინტელექტულურ რესურსის უგულვებელყოფა და საკუთარი შეუცდომლობის ილუზია შეიძლება გაუმართლებელი ტვირთი აღმოჩნდეს ხვალ – „ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ დღეს!“
და აი, იმის საბუთიც, რომ ეს სტატია არ იყო შემთხვევით და უცბად ამოხეთქილი წყარო ანკარა… აი, ნახეთ, იმავე საღამოს როგორი ბაასი გაიმართა ცნობილი ჰობიექტური ჟურნალისტის და შეთავსებით შსს ექს-ფუნქციონერის მეუღლის კედელზე – როგორი მზადყოფნაა, რომ ამ უბრალო ხალხიდან გამოსულ და არაექსპერტ ავტორს (უფრო სწორად კი – ამ თემას!) სტუდია დაუთმონ! როგორ მოენატრა ქ-ნ ეკას ასეთი ადამიანები და რაც, მთავარია, როგორ ამიჩვილდა გული, როცა ვნახე, რომ ეკა კვესიტაძემ „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორს როგორ მიაგნოს, არ იცის, სათუთმა! ეტყობა, პაატა ვეშაპიძეს არც იცნობს, ან არ გაუგია, ვინაა, ან – მობილური დაკარგა…