გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. ცნობილ მიზეზთა გამო, პროექტირება და მშენებლობა საქართველოში, პრაქტიკულად, შეწყდა. საპროექტო ინსტიტუტებისა და სახელოსნოების მთელი ის სისტემა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა, გაქრა და არქიტექტურული პროექტირება, ისევე როგორც ქვეყნის მთელი ეკონომიკა, ფსკერზე აღმოჩნდა. ამიტომ, როდესაც იმავე ათწლეულის დასაწყისში პირველი გამოჩენილი ახალმშენებლობები, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე ფართის რაოდენობითა და საკავშირო დონეზე დამტკიცებული ტიპიური გადაწყვეტილებებით არ იყვნენ შეზღუდულნი, პროექტირების ახალი სისტემის ფორმირების დასაწყისად უნდა ჩაითვალოს.
სამართლიანობისთავის უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდშიც, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საქართველოში არსებული ნორმატივები მხოლოდ პირობითი იყო, თუმცა მაშინ არსებული ინდუსტრია, რომელიც სამშენებლო კონსტრუქციების მთელ რიგ ელემენტებს აწარმოებდა, მრავალი საპროექტო გადაწყვეტილების სტანდარტიზაციას განაპირობებდა
შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო საქმის განახლებისას სამშენებლო მასალებიდან საქართველოში მხოლოდ სამშენებლო ბლოკი და ცემენტი იწარმოებოდა. ასევე, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც იყო შემორჩენილი გადახურვის ელემენტები, საძირკვლის ბლოკები და ა.შ. ასევე, ხდებოდა პრივატიზებული ადმინისტრაციული და სამრეწველო დანიშნულების შენობების დაშლა და მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი დეტალები, უბრალოდ, იყიდებოდა, ხოლო თავად საპროექტო წესებში და ნორმებში ისეთი ქაოსი სუფევდა, რომ პირველი პოსტსაბჭოთა პროექტები, ხშირ შემთხვევაში, სრულდებოდა ერთადერთ ფურცელზე, რომელსაც საპროექტო დოკუმენტაციასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
თუ არ ვცდები, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ნორმებს პირველად ყურადღება 1999 თუ 2000 წელს მიაქციეს - არქიტექტურის დეპარტამენტთან შეიქმნა განყოფილება, რომელსაც საპროექტო ნახაზების შედგენის კონტროლი ევალებოდა. ამის შემდეგ მდგომარეობა ნელ-ნელა, 2003 წლის შემდეგ კი შესამჩნევად გამოსწორდა - მოხდა მთელი რიგი საკანონმდებლო დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც, დასაპროექტებელი ობიექტის კატეგორიისა და ფუნქციონალური კუთვნილებიდან გამომდინარე, წესებს და ნორმებს არეგულირებდნენ, რაც მხოლოდ მისასალმებელი იყო.
ამავე დროს, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ რიგ დოკუმენტებს, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვან ნორმატიულ ასპექტებს შეეხებოდა, ვერაფერი გაუგეს მათ, ვისაც ამ დოკუმენტების რედაქტირება ევალებოდა და, ამიტომ, ისინი უბრალოდ მოიშორეს, რისი თვალნათელი მაგალითიც არის ინსოლაციისა და განათების წესების გაუქმება, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით, როდესაც უკვე არსებული შენობებიდან 3-4 მეტრში შენდება ახალი, მრავალსართულიანი შენობები, რომლებიც ბუნებრივი განათების გარეშე ტოვებენ ძველებს.
ყველაფერი, რაც კი საქართველოში 2003 წლამდე შეიქმნა, რატომღაც ითვლება „კომუნისტურ მემკვიდრეობად“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, თუმცა, გარწმუნებთ, რომ არც ბეტონს და არც აგურს არ ადარდებთ, კომუნისტურები არიან თუ არა ისინი. მათი კონსტრუქციული თვისებებისა და შესაძლებლობების ცვლილება სრულიადაც არ არის დამოკიდებული პოლიტიკური სისტემების ცვლილებაზე
დღეს ქვეყანა მინის ფასადებით არის გადავსებული, თუმცა არ მგონია რომ ამ „მინის ბუმის“ ინიციატორებს წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ თავის დროზე რამ გამოიწვია მათი გამოჩენა ნიუ-იორკში, ტოკიოსა თუ ჩიკაგოში. არადა, მასალის შერჩევისას გადამწყვეტი ფაქტორს სწორედ რომ ინსოლაცია წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ მჭიდრო, მრავალსართულიანი განაშენიანების პირობებში, რაც აღნიშნულ ქალაქებს ახასიათებთ, ჩვეულებრივ ფანჯრებს არ ძალუძთ ინტერიერის უზრუნველყოფა მზის საკმარისი განათებით, რომლის გარეშეც ადამიანი შენობაში დიდხანს ვერ ძლებს. აღარაფერს ვამბობ იმის თაობაზე, რომ ფასადის მინა, რომელიც მშენებლობის დროს იმავე აშშ-ში გამოიყენება, შემუშავებულია მისი დანიშნულების გათვალისწინებით და აღჭურვილია შენობის ფასადისათვის აუცილებელი რიგი ფუნქციებით, ჩვეულებრივი ვიტრინის მინაპაკეტით მისი შეცვლა კი ენერგიის კოლოსალურ, გაუმართლებელ გადახარჯვასთან და, როგორც წესი, არათანაზომად ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ნებისმიერი შენობის არქიტექტურულ გადაწყვეტას, ჯერ მისი ფუნქცია და ეკონომიკური მაჩვენებლები განსაზღვრავს, ხოლო ამის შემდეგ, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მისი გარეგნული იერ-სახე. არქიტექტორის მთავარი ამოცანაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მდგომარეობს.
რაც შეეხება გარეგნულ იერ-სახეს და გეგმარებით გადაწყვეტას, ამ მხრივ საერთოდ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც თავიდან აგვაცილებდა იმ გაუგებარი არქიტექტურული მონსტრების წარმოქმნას, რაც ჩვენს დღესდღეობით ქუჩებში მრავლად გვხვდება. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ომი გამოვუცხადეთ ისეთ ცნებას, როგორიც არის კომპოზიცია. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება აიხსნას შემკვეთის უფლებით - ამა თუ იმ ობიექტის დაპროექტების დროს თავს მოახვიოს საკუთარი ფანტაზია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო შემთხვევა, როდესაც ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის დასრულების შემდეგ შემკვეთმა მისი 180°-ით შეტრიალება მოინდომა. ვერაფრით დავარწმუნე, რომ არ შეიძლება უკანა ფასადი იყოს ქუჩის მხარეს და ბოლოსდაბოლოს ავუხსენი, რომ არქიტექტურის სამსახური მას ამის უფლებას არ მისცემდა. მაშინ შემკვეთი მერიაში გაიქცა და, ჩემდა გასაკვირად, დადებითი პასუხი მოიტანა: „თუარ ირღვევა მიწის ნაკვეთის საზღვრები, როგორც გსურთ ისე მოიქეცით“.
რასაკვირველია, პროექტის ფორმირება შემკვეთის სურვილების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს, თუმცა პროფესიულ ცოდნაზე დაფუძნებულ საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არქიტექტორი და არა შემკვეთი („მგონი, ასე უფრო ლამაზი იქნება“), ამისათვის კი აუცილებელია გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტებს, არამედ ცალკეულ შემთხვევებსაც განიხილავს, რაც იმავე არქიტექტორს სინდისთან კომპრომისზე წასვლის საშუალებას მოუსპობს.
ამასთან, შემკვეთების უმრავლესობა, ბუნებრივია, ცდილობს ისეთი არქიტექტორს მიმართოს, რომელიც სამუშაოს იაფად შეასრულებს. ასეთ შემთხვევებში ბევრჯერ მითქვამს უარი, თუმცა ხშირად შევსწრებივარ სიტუაციას, როდესაც გამოუცდელი ახალგაზრდა, გუშინდელი სტუდენტი თანახმაა იმუშაოს ისეთ ჰონორარზე, რომელიც ხარჯსაც კი ვერ დაუფარავს. აქედან გამომდინარე, ან არქიტექტორი მშიერი რჩება, ანაც ხდება ხარისხის ხარჯზე პროექტის გაიაფება, რაც ადრე თუ გვიან ტრაგედიის მიზეზი უნდა გახდეს.
არანაკლებ რთული სიტუაციაა პერიოდულად გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსების მხრივაც. ვისაც კი გამარჯვებული პროექტების დამუშავებასთან ჰქონია საქმე, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ კონკურსში პროექტის გასამარჯვებლად აუცილებელ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მისი ფასი, ხოლო არქიტექტურული გადაწყვეტას, პრაქტიკულად, ყურადღებას არავინ აქცევს. დღემდე რატომ არ არის შემუშავებული კანონმდებლობა, რომელიც არქიტექტურული პროექტირების განფასებებს დაარეგულირებს? იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო სამუშაოებზე დაწესდებოდა ჰონორარის მინიმალური ბარიერი, შემკვეთს აღარ მოუწევდა გაეკეთებინა არჩევანი ფასსა და ხარისხს შორის, რაც, თავისთავად, დადებითად იმოქმედებდა ხარისხზე. სხვათა შორის, ეს საგადასახადო სამსახურებსაც გაუიოლებდა საქმეს.
ამ შემთხვევაში ახალს არაფერს ვამბობ - ასეთი განფასებები ადრეც არსებობდა, მაგრამ საბჭოთა ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ანაზღაურების ოდენობა მკაცრად იყო შეზღუდული, რაც ბუნებრივია დამღუპველ ზემოქმედებას ახდენდა სამუშაოსადმი მიდგომაზე, თუმცა თავად პრინციპი გამართლებული იყო - წარმოდგენილი პროექტის შერჩევა ხარისხის მიხედვით ხდებოდა.
დღესდღეობით მშენებლობის ტემპი თბილისში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, შემცირებულია, თუმცა უახლოეს ხანში ქალაქში არსებული შენობების რეკონსტრუქციის საკითხი ახალ აქტუალობას შეიძენს იმდენად, რამდენადაც ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ექსპლუატაციის ვადა ნელ-ნელა იწურება. მათი უმეტესობა უკვე დღეს არის ავარიული და მათში ცხოვრება სახიფათო ხდება. იგივე ეხება „იტალიური ეზოებსაც“. ადრე თუ გვიან მათი დანგრევა და ახლის აშენება მოგვიწევს და მინდა მჯეროდეს, რომ პროექტირებაში პრიორიტეტულ აადგილს ლოგიკა და პროფესიონალიზმი დაიკავებს, არაადექვატური ჩინოვნიკების სისულელე და ახირება კი წარსულში დარჩება.