როკ მუსიკის ისტორიაში იდეებითა და ფანტაზიით გაჯერებული 70-იანების მიუხედავად, განსაკუთრებული ინოვაციები ამ პერიოდშიც რჩეულთა ხვედრი იყო და დღემდე გაკვირვებას იწვევს დახვეწილობის დონის თვალსაზრისით ჰენდრიქსისა თუ Led Zeppelin-ის, King Crimson-ისა, თუ ფრენკ ზაპას სადებიუტო ალბომები.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სადებიუტო ალბომი, რომელიც სრულყოფილების გარდა, ქრონომეტრაჟითაც გამოირჩევა, რადგან იგი ორი ვინილის დისკისაგან შედგება. მეტიც – Chicago Transit Authority-იმ ამავე სახელწოდების ალბომს, კიდევ ორი ორდისკიანი ალბომი მოაყოლა, ხოლო მეოთხე - საკონცერტო ალბომი კი საერთოდ ოთხდისკიანი (!) აღმოჩნდა. დაფიქრებას აღარ საჭიროებს ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნის მუსიკალურ შოუბიზნესში, დედამიწის ზურგზე ვერ აღმოვაჩენთ ჯგუფს, რომლის დისკოგრაფიაშიც მეხუთე ალბომამდე, ყველა სტუდიური ნამუშევარი ორდისკიანია!
Chicago გიგანტომანიის პრაქტიკას მომავალშიც იყენებდა, თანაც ისე, რომ თითოეული ორდისკიანი შედევრი, სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერა როკ მუსიკის საგანძურში. პარადოქსულია, მაგრამ, როდესაც ამბობენ, რომ Chicago–ს მზე მაშინ ჩაესვენა, როდესაც ორდისკიანი ალბომების ჩაწერას მოეშვაო, ვინძლო სიმართლის ტოლფასია. თუმც აქ ერთი უმნიშვნელოვანესი -1978 წლის ფაქტორია გასათვალისწინებელი, როდესაც სულელურად აღესრულა სამყაროს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გიტარისტი ტერი კეტი და ჯგუფი მიატოვა პროდიუსერმა გერსიომ, რომლის უდიდესი დამსახურება იყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ამერიკის და კერძოდ გლენ მილერის „მზიური ველის სერენადების“ სულისკვეთების იმ საოცარ ეპოქაში გადატანა, რომელსაც ამერიკაში უკვე დიდწილად ჰიპები განასახიერებდნენ.
Chicago რომ ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში დაარსდა, ეს ბუნებრივია. ნიშანდობლივია სხვა რამ. The Beach Boys-ის შემდეგ, Chicago ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში ყველაზე მეტად გაყიდვად ჯგუფად იქცა.
კოლექტივმა გეზი თავიდანვე იმ დროისათვის განვითარებად მიმართულებაზე - ჯაზ როკზე აიღო, რომლის სრულფასოვან ჟანრად ჩამოყალიბებაში ლომის წილი თავად შეიტანა. რობერტ ლემი, ტერი კეტი, პიტერ სეტერა, ლი ლაფნინი, ჯეიმს პანკოვი, უოლტერ პერეზაიდერი და დანიელ სერაფინი ის მუსიკოსებია, ვინც საფუძველი ჩაუყარა ტრომბონის, საყვირისა და ლიდ გიტარის უნიკალურ სოლო-აკომპანემენტურ შეწყობას, შავკანიანთა ტყიური ფლეიტის ამ ახლადგამოგონილ და იმ დროისათვის საკმაოდ კომერციულ საუნდზე მორგებას და ჯგუფში სამი ჭეშმარიტად ამერიკული ყაიდის ხმის ტემბრის დანერგვას.
სადებიუტო ალბომი 11 კომპოზიციისაგან შედგება, რომელთა უმრავლესობა პიანისტ და ვოკალისტ რობერტ ლემის კალამს ეკუთვნის. მათი საერთო მახასიათებელია კომპოზიციური სიმწიფე, არაპროგნოზირებადი და ეფექტური გადასვლები, ვირტუოზული პასაჟები და საბოლოოდ განუმეორებელი ხელწერა.
გამხსნელი Introduction ტერი კეტის ნაწარმოებია მრავალი გადასვლებითა და საყვირისა და ლიდ გიტარის სოლოების სინთეზით. ვოკალის პარტიასაც ავტორი ასრულებს. მომდევნო ექვს კომპოზიციას შორის, რომელთა სულისჩამდგმელი უკვე რობერტ ლემია, ტერი კეტის კიდევ ერთ - გიტარ ინსტრუმენტულ Free Form Guitar-ს ვისმენთ, რომლის ტერი კეტის გიტარ ეფექტების გაფრენა დღესდღეობით ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ იმ დროისათვის ზემოქმედებას მოახდენდა როგორც მსმენელზე, ასევე დამწყებ გიტარისტებზეც, რადგან კომპოზიცია გიბსონისა და ფენდერის გიტარების რამდენიმე მოდელის ნაზავია და მათ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
მეორე სიმღერა Does Anybody Really Know What Time It Is? სასულე და ჩასაბერი ინსტრუმენტების ფეიერვერკია, რომელზე მორგებულ „საესტრადო“ ვოკალსაც გლენ მილერის ეპოქა ჩინებულად გადმოაქვს 1970-ებში და ახალი მსმენელების მოზიდვასთან ერთად, ნოსტალგიას აღძრავს ხანშიშესულ აუდიტორიაშიც. ალბათ ესაა მიზეზი იმისა, რომ სულ მალე Chicago Transit Authority პლატინის ალბომად იქცა.
Beginnings სიმღერაა, რომელსაც დღესაც ფეხზე მდგომი ხვდება აუდიტორია, როდესაც „ბებერი“ რობერტ ლემი გახედავს ჯგუფის ამჟამინდელ გიტარისტს და აკუსტიკური გიტარაც უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია, რაც გაიმეორებს ტერი კეტის განუმეორებელ დანატოვარს, ჯეიმს პანკოვის ტრომბონისა და ლი ლაფნინის ერთდროული სოლოები კი თანდათანობით დენი სერაფინის პერკუსიის სექციაში გადაიჭრება, ცხენოსნური ჯირითით რომ შევყავართ ტერი კეტ მსუყე გიტარ ბგერა აყოლილ ულამაზეს დრამ შესავლის მქონე Questions 67 and 68 -ში. მთავარი ვოკალის პარტიას აქ ჯგუფის მომავალში კიდევ ერთი ლიდერი, ცნობილი If You Leave Me Now-ს ავტორი - ბასისტი პიტერ სეტერა ასრულებს.
ძალიან უცნაური და დიდწილად ჰარდ-როკულია ალბომის გაგრძელება. Listen, Poem 58 და South California Purples 1969 წლისათვის პიონერული და იმავდროულად სრულყოფილებამდე დახვეწილი ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ჯაზ-როკული გიტარ სოლოებითაა დახუნძლული, რომელთაც არც მელოდიურობა, არც ტექნიკა, არც გემოვნება, წამითაც კი არ ტოვებს. უცნაურია აქ რობერტ ლემის ხმის ტემბრი, რომელიც მომენტებში იან გილანისას ემსგავსება, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 1969 წლის აპრილისათვის Deep Purple-ის მომღერალი Episode Six-ში სხვათა ქავერებს ასრულებდა და ქალაქური ცხოვრების წესს ეჩვეოდა... რობერტ ლემს მომავალში ასე „როკულად“ აღარასოდეს უმღერია, ჰარდ-როკ ჰიმნ South California Purples-ში კი ჯონ ლენონის I’m The Wallrus-ის უნიკალური ჩანართი დატოვა.
I'm a Man იქამდე ცოტა ხნით ადრე გამოსული Traffic-ის საყოველთაო ჰიტად იქცა, რომლის ავტორ სტივ უინვუდის ამერიკაში აღიარებას Chicago Transit Authority -ეულმა ვერსიამ დიდად შეუწყო ხელი. მეტიც, Chicago ამ სიმღერას დღესდღეობითაც ასრულებს კონცერტებზე, მაშინ, როდესაც ჯგუფს ოფიციალურ დისკოგრაფიაში შემავალი სტუდიური თუ საკონცერტო 34 ალბომი გააჩნია.
ალბომის მშვენებაა დამაბოლოვებელი Liberation. სოლოებით აღსავსე უაღრესად გიტარული კომპოზიციის სიღრმეში სასულე ინსტრუმენტების გაფრენას, ულამაზესი გიტარ რელაქსაციური ოაზისი მოსდევს, შემდეგ კი კვლავ ძირითადი ინსტრუმენტული მოტივი, დრამ სოლო და საყვირ-ტრომბონ დამაგვირგვინებელი აკორდი. კომპოზიციის ავტორი ტრომბონისტი ჯეიმს პანკოვია, ხოლო ალბომი კი იმ 1001 ნამუშევრის სიაშია შეყვანილი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოისმინოს...
სამწუხაროდ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, Chicago-მ დიდი ხანია შეგნებულად დაკარგა განუმეორებელი ხელწერა. ძველი შემადგენლობიდან ჯგუფში სამი (ზოგჯერ 4) კაცია დარჩენილი, რობერტ ლემი დიდი ხანია მუსიკას აღარ წერს და შედეგიც სახეზეა...
თუმცა კოლექტივის საპატივცემულოდ უნდა ითქვას, რომ ბოლოდროინდელი მდარე და „კომერციული“ სტუდიური მასალა, საბედნიეროდ ასახვას ვერ ჰპოვებს Chicago-ს საკონცერტო მოღვაწეობაზე, რომელიც კვლავაც გამორჩეულია პროფესიონალიზმითა და დახვეწილობით. Beginnings, Saturday In The Park და სხვანი კი ამ სცენის განუყოფელი ნაწილია.