რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტით ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ფოტო გავრცელდა: სახეგაბრწყინებული ექს -„ბოევიკი“ ფერადი ბუშტებით მორთული თაღის ფონზე აუდიტორიას მიმართავდა; ბუშტების გირლიანდას პრეზიდენტის გარდაცვლილი მამის - აჰმად კადიროვის პორტრეტი და უცნაური შინაარსის ლოზუნგი ამშვენებდა: Без культур нет мультур. ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა “მულტურ“, მაგრამ ფოტოზე ასახული მასობრივი ღონისძიება თანამედროვე სულთანატისა და უკულტურობის ილუსტრაცია იყო.
ამ ფოტომ საქართველო გამახსენა. გაგიკვირდებათ და იტყვით - სად ჩრდილოკავკასიური სულთანატი თავის ვაჰაბიტებიანად და სად ჩვენო! მაგრამ უცნაური სიტყვა „მულტურ“ მართლაც ზედგამოჭრილია კულტურის პროფანაციის აღსანიშნავად: საკუთარი კულტურით ამაყი ქართველები, ბოლო ოცი წელია სწორედ „მულტურის“ გარემოში ვცხოვრობთ.
გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი; ვინ განსაზვრავდა იმდროინდელ სტილს? ხევსურულქუდიანი ურაპატრიოტები გულში მჯიღის ცემითა და „ჯოს“ „ჯოს“ძახილით; მათთან დაპირისპირებული წვერგაუპარსავი ავტომატიანი „მხედრიონელები“ და ქართული საზოგადოებისგან გაიდეალებული კანონიერი ქურდი, დრამატურგი და პროფესორი ჯაბა იოსელიანი; თავდაცვის მინისტრის ამპლუაში მოვლენილი „ძელეცი“ მხატვარი თენგიზ კიტოვანი და „იმელის“ პარლამენტში მოკალათებული კომუნისტები, კომკავშირლები და იარაღასხმული ნარკომანები... ეს იყო ჩვენი კულტურის „გრაუნდ ზერო“ ბოლო ორასი წლის მანძილზე.
შევარდნაძის პოლიტიკურმა რეინკარნაციამ ძირითადად ტყაპუჭიანი არაფორმალების ჰალსტუხიანი ჩინოვნიკებით ჩანაცვლება, ქეთი დოლიძის ფესტივალი, დავით ოქიტაშვილის „მასშტაბური ფიგურის“ გამოჩენა ქართული კულტურის ასპარეზზე და ლელა წურწუმიას „ვარსვლავის“ ამობრწყინება მოიტანა.
2003 წლიდან, ვარდების რევოლუციის შემოქმედებმა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ქვეყნის სინგაპურიზაცია და მაღალი კულტურა ერთმანეთთან შეუთავსებელი იქნებოდა; ამიტომ, უპირატესობა კიტჩს და ოპერეტას მიანიჭეს. გავიხსენოთ სოფო ნიჟარაძის კეკლუცობა ამა თუ იმ საზეიმო კონცერტზე, სახელმწიფო პიარზე მიმბული გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, პრეზიდენტის ფავორიტების სინეკურად ქცეული კულტურის სამინისტრო, სადაც ხან ნინა წკრიალაშვილი წამოყოფდა თავს, ხან - უგულავას ცოლი. ამას დაუმატეთ წინასაარჩევნო მდარე სანახაობები - ეთერი კაკულიას ნაცოდვილარი ჰიმნი სამეგრელოს რალიზე, წურწუმიას თვალების ბრიალი და ყველგანმყოფი დუტა.
წინა ხელისუფლების კადიროვიზაცია ყველაზე მძაფრად შერონ სტოუნის მოწვევაში გამოვლინდა. აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებზე გადაღებული, მდარე ხარისხის ფილმის თბილისურ პრემიერას პოლიტისტებლიშმენტი სრული შემადგენლობით დაესწრო. მასთან ერთად - მთავრობის ქოლგის ქვეშ მყოფი ბიზნესმენები. ყველა მათგანი ისე შესცქეროდა შერონ სტოუნს, როგორც პაპუას ტომის ბელადები შუშის სამკაულს. ფაქტია, ავტორიტარ მმართველებს ძირითადი ინსტინქტი არ ასვენებთ - ჰოლივუდის ვარსკვლავებით მატებს ლეგიტიმაციას საკუთარ ძალაუფლებას პუტინიც და მისი მიბაძვით - ჩრდილოკავკასიელი ბელადიც.
რამდენიმე წლის შემდეგ ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაზე, ნეკა სებისკვერაძე და სხვები ალბათ, აღარავის ემახსოვრება, მაგრამ დარჩება მატერიალური ძეგლები, რომლებმაც ჩვენი ეპოქის კულტურული სახე განსაზღვრა; ესენია: სადავო არქიტექტურული ღირებულების სამების ტაძარი, რომელიც თავისი მასშტაბებით ქალაქის ქსოვილიდან სრულიად ამოვარდნილია, ისტორიული ძეგლების „ევრორემონტი“ და არქიტექტურის ავანგარდად მიჩნეული მინისგარსიანი შენობები ძველ ქალაქში. ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული კიტჩის აპოთეოზს - წმინდა გიორგის ქანდაკებას თავისუფლების მოედანზე. ის ჭეშმარიტად „ახალი სიტყვაა“ ქანდაკებაში - როგორც წესი მხედრებს კვარცხლბეკზე აქვთ მიჩენილი ადგილი. მაგრამ მარადნომეკლატურული ზურაბ წერეთლის ალოგიკური გადაწყვეტილება - ცხენოსანი ქანდაკება სვეტზე - სააკაშვილმა მოიწონა. უკულტურობის კიდევ რამდენიმე მაგალითი ალექსანდრეს ბაღში გასეირნებისას შეგიძლიათ იხილოთ: ეს არის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გიორგი ლეონიძის უშველებელი ქანდაკებით დაწყებული, ცისფერი გალერეის უკან ატუზული, მოწუწნული მონპასის ფორმის ქალის ჩათვლით.
ჩვენი შთამომავლები სამხედრო საბჭოს წევრთა კინოკადრებით დაასკვნიან, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მოსახლეობას დაბალი კულტურა ჰქონდა. „არქიტექტურული მარგალიტები“ კი გაუჩენთ ეჭვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდა უწყება, რომელიც ამ საშინელი უკულტურობის დაძლევაზე იზრუნებდა.
არადა, არსებობდა.
მაგრამ როცა არ არსებობდა - მე19 საუკუნეში, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ კულტურას: შეიქმნა თეატრი და ოპერა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დაიწყო ლიტერატურული ბუმი; არქიტექტორებმა გამორჩეული ნაგებობები დააპროექტეს; სათავე დაედო სამუზეუმო საქმეს... კულტურის ეს აღმავლობა უსაფრთხო გარემოთი და ეკონომიური წინსვლით იყო განპირობებული.
კომუნისტურ რეჟიმს კულტურის სამინისტროს ჩამოყალიბება ერთადერთი მიზნისთვის დასჭირდა - კულტურა იდეოლოგიის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. დღეს ბევრი მისტირის საბჭოთა დროის კულტურულ „სამოთხეს“, როცა გამორჩეული რეჟისორი ადვილად ახერხებდა დაფინანსების მოპოვებას, მხატვარი - ერთი-ორ გამოფენაში მონაწილეობისა და ლენინის პორტრეტის დახატვის შემდეგ, მთავრობისგან სახელოსნოს იღებდა საჩუქრად. სწორედ იმ პერიოდში განვითარდა ქართული კინო და თეატრი, რაშიც კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკებს ნამდვილად არ მიუძღვოდათ ლომის წილი. კულტურის განვითარებას, პირველ რიგში ტრადიციამ და უხვმა დაფინანსებამ შეუწყო ხელი.
თანამედროვე კულტურის სამინისტრო თავისი სულისკვეთებით საბჭოთა წინამორბედის პირდაპირი მემკვიდრეა. ისიც დაკავებულია იმით, რომ იმ შემოქმედებითი ინტერლიგენციის და კულტურის მუშაკების ლოიალობა შეინარჩუნოს, რომლებიც ხელისუფლების შეფასებით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენენ გავლენას. მაგრამ წინამორბედისგან განსხვავებით, დაფინანსება-დამწყალობების რესურსი მას ასჯერ ნაკლები აქვს. ამიტომაც, ჩვენი კულტურის სამინისტროს საქმიანობასა და გაცხადებულ ამბიციებს, ხშირად, კარიკატურული ელფერი დაკრავს.
ნათქვამია - ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოფენილიო. ამ გამონათქვამის პერიფრაზრებას თუ მოვახდენთ, ხელისუფლების სურვილები და დიადი მიზნები ჩინოვნიკების გამრავლებას და ბიუჯეტის უსარგებლო ხარჯვას უწყობს ხელს. ის, რომ კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ქართული კულტურის აღმავლობა, ახალი ტალანტების წარმოჩინება და დახმარება, რეალობაში ფავორიტიზმად, კულტურის მუშაკების მთავრობის სამსახურში ჩაყენებად, რეჟიმისგან ნაკვები შემოქმედებითი ინტელიგენციის სახელებით სპეკულირებად ტრანსფორმირდება.
ყოველივე ზემოთქმულის ნათელი ილუსტრაციაა კულტურის სამინისტროს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი მინისტრი, გურამ ოდიშარია დიდ გაუგებრობაში მოხვდა - მინისტრის კულტურის მუშაკებთან გამართულ შეხვედრებზე არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, როგორ უნდა მიიზიდოს თეატრში მაყურებელი, საკონცერტო დარბაზში - მსმენელი, გალერეაში - დამთვალიერებელი. ყველა ამბობდა: დამაფინანსეთ, დამაფინანსეთ, დამაფინანსეთ. დაბნეული მინისტრი, რომლის მიმართ, სხვების ფონზე, სიმპათია გამიჩნდა, ამ შეხვედრებზე ზოგადი დეკლარაციებით შემოიფარგლა და შეკრებილი საზოგადოება იმითღა ანუგეშა, რომ ხელოვნების ყველა დარგი მისთვის თანაბრად ძვირფასია. დაფინანსების მოთხოვნებს დაუმატეთ ხელოვნებათმცოდნეთა იმპერატიული მოთხოვნა რიგი შენობების დემონტაჟზე და თაკო ჩარკვიანის მხარდამჭერთა პეტიციები.
ამ სტატიის დასასრულს, ჩინოვნიკებისთვის უნუგეშო, რიგითი ადამიანებისთვის კი სასარგებლო დასკვნა უნდა გავაკეთო - საქართველოს კულტურის სამინისტრო ისევე სჭირდება, როგორც სკამს მეხუთე ფეხი. ის, რომ უამრავ ქვეყანაში კულტურის სამინისტრო არსებობს, კონტრარგუმენტად არ გამოდგება. ამ ქვეყნებში ინსტიტუციათა უმრავლესობა ევოლუციური განვითარების შედეგად შეიქმნა. ჩვენთან კი ასეთი განვითარება არ ყოფილა. ამიტომაც ვიღებთ ხშირ შემთხვევაში ამ ინსტიტუტთა პროფანაციებს.
ზემოთ ვთქვით და ამას ისტორია ადასტურებს - კულტურის წინსვლას სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოფს და კიდევ - პატიოსანი შრომით გამდიდრებული ბიზნესმენები, რომელთა ნაწილს მეცენატობის სურვილი უჩნდება. 30–50 წლიანი უწყვეტი ეკონომიკური განვითარება თუ გვეღირსა, მერე, იქნებ, მართლაც გახდეს ასეთი სამინისტროს შექმნა მიზანშეწონილი.