ძარღვებში სისხლი თუ შეგვრჩენია?!

ძარღვებში სისხლი თუ შეგვრჩენია?!

"თამარ მეფის საქართველოს საზღვრები დარუბანდამდე გადიოდა, მაგრამ ამის დევნას ვერ დავიწყებთ“ - სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატიის სათაურად გამოტანილმა ამ სიტყვებმა, ბუნებრივია, სხვებთან ერთად ჩემი ყურადღებაც მიიქცია.

მინდა მივმართო წერილის ავტორს, ჩემო ძვირფასო ქალბატონო მანანა, თამარ მეფის საქართველოს საზღვრებს ვინ ჩივის, შაგრენის ტყავივით თვალსა და ხელს შუა გამქრალ მამულზე თუ ვილაპარაკებთ...

იყო დრო, თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის სცენიდანაც ისმოდა მსგავსი იდეები ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღების“ გმირების კარლ და ფრანც მოორების ხმით: „თფუ, დაკოდილთა დაცემულ საუკუნეს, რომელსაც აღარაფერი ძალუძს, გარდა იმისა, ცოხნოს წარსულ დროებათა გამარჯვებანი! ძარღვებში სისხლი გამოგვეცალა და მემკვიდრეობის გადასაცემად ლუდის სადედე გვეხმარება“.

სხვათა მსგავსად მეც ბევრჯერ მიფიქრია: იმ აურაცხელ მტერს საუკუნეების განმავლობაში მუმლივით რომ გვეხვეოდა, ნეტა ჩვენი ქართველობაც სხვა ლეგენდარულ ხალხებივით ცეცხლითა და მახვილით მოესრათ და აღეგავათ პირისაგან მიწისა; ისინი ვაჟკაცურად დაიხოცებოდნენ, ჩვენ კი აგვცდებოდა ეს საშინელი მოჩვენებითი, ნახევრის - ნახევრული სიკვდილი, დიდი ხანია რომ ჩვენი ხვედრი გამხდარა.

მაგრამ, მსგავსი აზრის თავში გავლება რომ ღალატია, ამას ისტორიაც გვარწმუნებს. მაგალითისთვის კი ებრაელი ერის გმირულ წარსულს გავიხსენებდი. რადგან ქართველობას, ისე როგორც ებრაელ ხალხს თუ ვინმესგან გამოარჩევ რაიმე ნიშნით, ესაა თავისუფლების მძაფრი წყურვილი.

ებრაელებს ძველი დიდებიდან ნაშთიც აღარ დარჩათ: სოლომონის ტაძარი, ხელოვნების ეს ხელთუქმნელი ძეგლი, ჯერ ნაბუქოდონოსორმა, ხოლო შემდეგ რომაელებმა დაბუგეს და დაუნაცრეს. ოქროს დიდებული ჭურჭელი წარიტაცეს. წინაპართა სამკვიდრო დაურბიეს და გაუნადგურეს. დარჩათ მხოლოდ ერთადერთი სიმდიდრე - ბიბლია - როგორც ჰაინე იტყოდა, თავიანთი ჯიბის სამშობლო. მაგრამ მათი თავისუფლების მოყვარული სული, სამშობლოსკენ სწრაფვის საოცარი სურვილით ბედს არასდროს შერიგებია.

ებრაელ ერს ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – შეენარჩუნებინა არსებობა, ის არსებობა თუ ყოფნა, რომელიც ებრაელს განსხვავებით სხვებისგან სულ სხვაგვარად ესმის, ვიდრე ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგება გულისხმობს. სახელდობრ, არსებობა ებრაელთათვის არის ებრაელად ყოფნა და არა უბრალოდ „ცოცხლად დარჩენა.“ „ებრაელად ყოფნა“ თავისთავად განაპირობებს, რჯულში ყოფნას, ყოველდღიურ ყოფას ანუ წეს-ჩვეულებათა ერთგულებას.

ებრაელების ისტორია მსოფლიო ისტორიის ფილოსოფიური, იდეური და ზნეობრივი ნაწილია. თავად ერი ერთ-ერთი უიშვიათესი მაგალითია არათუ ტერიტორიებდაკარგულ, უსახელმწიფო ხალხთა ისტორიისთვისაც, რომელსაც საკუთარი მამულის წართმევით, ენის დავიწყებით არ დაუკარგავს თავისი კულტურული და სულიერი თვითმყოფადობა. ებრაელების ისტორია ნათელი მაგალითია იმისა თუ საუკუნეებით სასტიკად დევნილმა ხალხმა, როგორ გაუძლო ყველა გასაჭირსა და გამოცდას. შეინარჩუნა თავისი რწმენა, კულტურა, ტრადიციები და მთელ მსოფლიოში გაფანტულმა, დედამიწის ზურგზე უსახლკაროდ მოხეტიალემ შეძლო თავისი სახელმწიფოებრიობისა და ენის აღორძინება და უძლიერეს სახელმწიფოთა შორის ადგილის დაკავება.

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დიდმა პატრიოტმა ქვეყნისა დავიდ ბენ-გურიონმა, მთელი მსოფლიოს ებრაელ სწავლულებსა და რელიგიურ ლიდერებს სთხოვა, აზრი გამოეთქვათ კითხვაზე მიჰუ იეჰუდი?(ვინ არის ებრაელი?).

ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მყისიერად ვერ გადაიჭრებოდა, მაგრამ მასზე დღემდე ფიქრობს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ერის შვილად მიაჩნია თავი, სამშობლოს ისტორიას განიცდის როგორც თავის სულიერ თავგადასავალს, ეძვირფასება ყველაფერი, რაც ებრაელი ხალხის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული და ეს ყოველივე იმ როლითა და ადგილით განისაზღვრება, რომელიც დღეს ისრაელს უკავია არათუ რეგიონში, მთელ მსოფლიოში.

უშიშროება ამ ქვეყანაში ეროვნული იდეოლოგიაა და ეროვნული პრიორიტეტი. ისრაელის სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე. თქვენ გინახავთ სადმე ის უპრეცედენტო დებულება, რაც ისრაელის არმიის წესდებაშია ჩაწერილი? მასში ნათქვამია: „ქვეყნის ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში ვალდებულია მიაწოდოს მტერს მის ხელთარსებული ყველა ინფორმაცია. უპასუხოს მოწინააღმდეგის ნებისმიერ კითხვას. მძევლად აყვანის შემთხვევაში პირველი რიგის წესია - შეინარჩუნე სიცოცხლე. თუ ტერორისტების უპირატესობა სახეზეა, ნუ გაითამაშებ ზეადამიანობას. თქვენ გაგათავისუფლებენ სპეციალურად მომზადებული ადამიანები. მაშასადამე მთავარია იზრუნო საკუთარ სიცოცხლეზე, რომ კვლავ პირნათლად ემსახურო სამშობლოს“.

ეს ებრაელი ჯარისკაცის ის უფლება და მოვალეობაა, რომელსაც სამხედრო წესდება კი ანიჭებს, მაგრამ პრაქტიკულად არ იყენებს.

ცნობისათვის, ებრაელთა შორის სახელმწიფო ღალატი, ისევე როგორც ძალადობა და მკვლელობა იშვიათად ხდება.

სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი ეს პატარა, ექვსმილიონიანი სახელმწიფო, უდიდესი ეროვნული შეგნების, ნიჭის, საოცარი შრომისმოყვარეობის, დიდი და დაუცხრომელი გარჯის, მიზანსწრაფვისა და რეალისტური აზროვნების შედეგად, სამოთხედ, წალკოტად აქციეს მისმა შვილებმა. და ამას ისრაელი ახერხებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გარშემორტყმული მის მიმართ მტრულად განწყობილი 20-ზე მეტი არაბული ქვეყნის 200 მილიონ მცხოვრებთან უდიდესი დაპირისპირების პირობებში.

რამ გახადა ეს შესაძლებელი? პასუხი ერთია: იმან, რომ სახელმწიფოში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს შეგნებული აქვს, რომ ისრაელი რაღაც უფრო სხვაა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა...

ამდენად, სახელმწიფოს ბრძოლის უნარი, გაუტეხელი ნებისყოფა და გამძლეობა თავდაცვისათვის იჭედება არა მხოლოდ იარაღით, არამედ ზნეობრივ-მორალური და კულტურულ-ისტორიული შინაარსითა და ხარისხით.

ამიტომ გავიმეორებ ათასჯერ ნათქვამ, მაგრამ თვითეული ჩვენთაგანისთვის იმედის მომცემ სიტყვებს: „ერთა არსებობა ღვთის ნებაა და ყოველ ერს აქვს ღვთის მიერ დაკისრებული მისიის აღსრულების ვალდებულება“.

საქართველომ 21-ე საუკუნეში გაძარცვულმა შემოაბიჯა. ჩვენი დაკარგული ტერიტორიების წყალობით არაერთი სახელმწიფოს მიწა-წყალი გაიზარდა. თუ მსოფლიო პოლიტიკურ რუკას დავაკვირდებით, ამ მხრივ არც პირველები ვართ და არც უკანასკელნი.

„დაკარგული კენიგსბერგის ბედზე აქამდე წუხს გერმანია. ერთ-ერთ სადგურზე დღემდე ჰკიდია აბრა წარწერით: „მატარებლების გასვლა კენიგსბერგის მიმართულებით დროებით შეჩერებულია!“

ყველაფერი ამ ერთ წინადადებაშია კონცენტრირებული: ნებისყოფა, ოპტიმიზმი, იმედი...

ჩვენც გვჭირდება ასეთი აბრა: „სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით მატარებლების გასვლა დროებით შეჩერებულია“.

დღეს ჩვენს მამულს ვერც ცხრა ძმა ხერხეულიძე დაიცავს და ვეღარც სამასი არაგველი. ეს ჩვენ, დღევანდელ ქართველებს გვევალება მისი დაცვა!

თუ სულის უკვდავების გჯერათ, მაშინ ისიც უნდა დაიჯეროთ, რომ მათ, ვისაც ერქვა დავითი, შოთა, თამარი... მათი სული ყველა ჩვენთაგანშია განაწილებული.

დღეს თუ არა ხვალ, როდესაც ვინ იცის, მსოფლიო რუკა კვლავაც რა სახით შემუშავდეს?.. ქართველი ერი ვალდებულია ამჯერად მაინც ჯეროვნად მომზადებული შეხვდეს მსოფლიო ქარიშხლის მიერ მოსალოდნელ ყოველგვარ ცვალებადობას.

ეს ცვალებადობა რომ ხშირად მოულოდნელად დგება და ბევრისთვის შეუმჩნევლადაც, ამაში თავადვე დავრწმუნდებით თუ ისტორიას თვალს გავადევნებთ.

1913 წელს რომანოვები ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ რუსეთის სამეფო ტახტზე დამკვიდრების 300 წლის იუბილეს. იმპერატორი ნიკოლოზ II მოწვეულ სტუმრებს იმპერიის მიღწევებით ანცვიფრებდა. XX საუკუნის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, და მათ შორის დიდი ილიაც, რომ სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადში რუსეთის იმპერია დაემხობოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. თითქმის ასეთივე ძნელად განსაჭვრეტი გამოდგა ეპოქის დასასრულიც. საბჭოთა იმპერიის კლანჭებიდან თავის დახსნა და დამოუკიდებლობის მოპოვება, როგორც მომხდარი ფაქტი, დღესაც, თითოეული ჩვენგანისთვის ჯერაც მთლიანად არ აღქმული პროცესია.

რუსეთის ისტორიიდან შეგახსენებთ კიდევ ერთ ცნობილ ფაქტს: 1917 წლის დასაწყისში ლენინი შვეიცარიაში ხვდებოდა თავისი პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებს და მათ ასეთი რამ უთხრა: „გასაგებია, რომ ჩვენი თაობა რუსეთში რევოლუციას ვერ მოესწრება, მაგრამ თქვენ მოესწრებით“. ვიმეორებ, ეს ხდებოდა რევოლუციამდე თვენახევრით ადრე. სადაც ლენინს მოუვიდა ასეთი სერიოზული შეცდომა პროგნოზირებისას, რომელსაც უწიგნურობას ნამდვილად ვერ დასწამებ, წარმოვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია მოსალოდნელი ცვალებადობის პროგნოზირება?

მაგრამ, ღვთის რჩეულთათვის შეუძლებელი არც ეს ყოფილა.

1915 წლის ივლისის ცხელი დღეებია... ჩვენი დედა უნივერსიტეტი, მაშინ მიმდინარე მსოფლიო ომის გამო, ლაზარეთად იყო გადაკეთებული, ხოლო მისი სასწავლო აუდიტორიები - ავადმყოფთა პალატებად. ერთ-ერთში ლოგინად იწვა „ქართული პოეზიის არწივი“ ვაჟა ფშაველა, რომელიც პლევრიტით დაავადებული, სიცხისგან გათანგული ებრძოდა სიკვდილს. ავადმყოფის მოსანახულებლად მისული იოსებ იმედაშვილი იგონებს: „ვაჟამ ჯერ ბალხი მომთხოვა, უნივერსიტეტის ეზოში მოვუკრიფე და ამოვიტანე. ავადმყოფმა ძალიან გაიხარა, ბალახებს ბღუჯა-ბღუჯა საბანზე იყრიდა, მერე სახესთან მიჰქონდა და ხარბად ისუნთქავდა მათ სურნელს. ცოტა მომჯობინდა კიდეც. ამან ლაპარაკის ძალაც მისცა. შემომხედა და მეუბნება: „ძმისავ, ეს ომი უამბოდ არ იქნების, იქნებ საჩვენო საქმეც იჭედება?“

ამბობენ, ჩვენს სასიქადულო მსახიობს ბატონ სერგო ზაქარიაძეს ხშირად უყვარდა თქმა: „ბედი, რომელიც თვითეულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვეძლევა, თეთრი რაშის ჩამოქროლებას ჰგავს, ბრალი მისი თუ ამ ბედაურს დროულად ვერ შეამჩნევს და რაშს მარჯვედ არ მოახტება, მერე უკვე წუწუნი უბედობაზე, მხოლოდ საკუთარი უძლურების გამართლებაა“.

საზოგადოების ისტორია, ერთა ბედიც ხომ იდენტურია ადამიანის ბედისწერასთან?..