პიკანტური კონიაკის ნოტებით, გემრიელი და ნაზი პაშტეტი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს!
ინგრედიენტები
ქათმის ღვიძლი - 500 გ
გახეხილი ყველი - 300 გ
ჟელატინი - 10 გ
პომიდორი - 150 გ
სტაფილო - 150 გ
ხახვი - 150 გ
კონიაკი - 20-25 გ
მარილი - 1/2 ჩკ
ზეთი - 50 გ
სასურველი მწვანილი - ერთი კონა
მომზადების წესები
დაალბეთ ჟელატინი 150 მლ ცხელ წყალში და გადადეთ გვერდზე.
მოხარშეთ 5-7 წუთი სტაფილო და გააცივეთ.
დაჭერით ხახვი და მწვანილი წმინდად, ხოლო პომიდორი – კუბიკებად.
სტაფილო და ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.
მოხრაკეთ ხახვი ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი ღვიძლი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააგრძელეთ ხრაკა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გააგრილეთ.
გაფუებული ჟელატინი დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე! ჩახრაკული ღვიძლი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ გახეხილი სტაფილო. დაუმატეთ ცოტაოდენი კონიაკი, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ. დაუმატეთ მიღებულ მასას ნახევარი ჟელატინი.
ახლა ყველის ჯერია. შეურიეთ ყველი პომიდორს, მწვანილს და დარჩენილ ჟელატინს.
აიღეთ შესაფერისი ფორმა (აჯობებს სილიკონის), გადაიტანეთ მასზე ნახევარი ღვიძლის მასა და მოასწორეთ. ზემოდან დაადეთ და ასევე მოასწორეთ ყველის მასა. დარჩენილი ღვიძლი კი სულ ზემოდან დაადეთ. პაშტეტიან ფორმას გადააკარით საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში.
პაშტეტის ფორმიდან გადმოღებას შეძლებთ 5-6 საათის შემდეგ. ფრთხილად გადმოაბრუნეთ ფორმა თეფშზე.