“პატრიოტთა ლაშქრის” მეორე ფორუმი ზარ-ზეიმით გაიხსნა სპორტის სასახლეში.
ემოციურ გამოსვლებში ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რჩეულმა, თბილისის მერობის კანდიდატმა და ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ.
თბილისის მერმა პატრიოტთა არმიის წინაშე ოვაციებით წარადგინა ბანაკებში დაოჯახებული ექვსი წყვილი, რომელთაგან თითოეული 5.000 ლარით დაასაჩუქრა.
გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოში იყო დრო, როდესაც სიტყვა პატრიოტი პირდაპირ გიჟთან იგივდებოდა, რადგან სამშობლოს სიყვარული ეკრძალებოდა ხალხს.
“თუ პატრიოტი ნიშნავს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, მზად ვარ ვიყო გიჟი და საერთოდ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ასეთი გიჟები!” - განაცხადა უგულავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი პატრიოტებთან ერთად მთელ საქართველოს შეახსენა, რომ საქართველო უკვე სხვა ქვეყანაა, სადაც მუქი ფერების და უიმედობის დრო წარსულს ჩაჰბარდა.
მან საზოგადოებას ამცნო იმის შესახებაც, რომ მომავალი წლის პირველი ივნისიდან ათასკაციანი პატრიოტთა ბანაკი გაიხსნება კოდორის ხეობაში, ზემო აფხაზეთში.