"შემოდგომისთვის სახელმწიფო გადატრიალება მზადდება!"

"კვირის ქრონიკას" "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი, სოსო შატბერაშვილი ესაუბრება:

- გვყავს წყარო, რომლისგანაც გვაქვს ინფორმაცია, რომ შემოდგომისთვის სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილს მილიარდი დოლარი აქვს გადადებული, რათა საქართველოში ჯერ - დესტაბილიზაცია, ხოლო შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს.

ბატონო სოსო, "მილიარდი" და ალბათ, მეტიც, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს. მხოლოდ ფულზეა ეს პროცესი დამოკიდებული?

- კი ბატონო, აქვს ბიძინასაც მილიარდი, მაგრამ მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, იმის მიუხედავად, რომ ერთი წელი პოლიტიკაში იყო. სააკაშვილს კი აქვს გამოცდილება, არა მარტო პოლიტიკაში, არამედ სახელმწიფო გადატრიალებებშიც. ის კრიმინოგენური ვითარება, რაც ქვეყანაში არსებობს, გარკვეულწილად პროვოცირებულია და საბოტაჟს აქვს ადგილი შს ორგანოებში. როცა ქვეყანაში ბევრი პრობლემური საკითხი წამოიჭრა, მათ შორის წინასაარჩევნო დანაპირებებთან, სარეცეპტო სისტემასთან, კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ ქართლისა და კახეთის სარწყავ არხებში არ იქნა გაშვებული წყალი, რის გამოც რეგიონებში გადაიწვა მოსავალი და სასმელი წყალიც კი არ მიეწოდებოდათ, ეს ყველაფერი, ვფიქრობთ, საბოტაჟის საფუძველზე მოხდა. მაგრამ ხალხს ეს არ აინტერესებს. ხალხი შედეგს ითვალისწინებს და ამ შედეგით არის უკმაყოფილო. ამ დროს არის საოცრად გააქტიურებული მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა". ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მსოფლიოს საქართველოსთვის დღეს არ სცალია, რადგან მათი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული. ეს ყველაფერი სააკაშვილს აძლევს ხელს, რომ გადატრიალება მოაწყოს. ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალები" ჭიკაიძის გადაყენებას მოითხოვდნენ, რაც მოხდა კიდეც. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მალე ნოდარ ხადურის გადაყენებას, მოგვიანებით კი ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებას მოითხოვენ. ამაში მათ დაეხმარებათ პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარეზეა გადასული. ჩვენი უნიათო ხელისუფლება კი, რომელიც იმითაა დაკავებული, თბილისის ცენტრში მდგარი ველოსიპედის ძეგლი სად გადაიტანოს, ან რომელი ხიდის დემონტაჟი მოახდინოს, ვერ ახერხებს,  "ნაციონალების" ეს მცდელობა აღკვეთოს. ძალიან მალე დაიწყება სახელმწიფოში დიდი არეულობა, რომელსაც კოალიცია "ქართული ოცნება" ვერ გაუმკლავდება.

იქნებ დაგვიკონკრეტოთ, როდისთვის პროგნოზირებთ ამ არეულობის დაწყებას?

- ჩვენ ამ პროცესებს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ველოდით, მაგრამ ეს პროცესები უკვე დაწყებულია. სხვათა შორის, გიგი უგულავამ, თავის სასამართლო პროცესზე, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად განაცხადა, რომ დღევანდელი პროკურორები ძალიან მალე ყოფილ პრემიერს წაუყენებენ ბრალს. ანუ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ, მათი მოთხოვნა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის ბრალის წაყენების მოთხოვნა.

რის საფუძველზე?

- უგულავას განცხადებით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს იმ პროექტის განხორციელება, რომელიც თბილისელებისთვის მიუღებელია. ეს იქნება საბაბი. ორი ოლიგარქი - ივანიშვილი და სააკაშვილი ებრძვიან ერთმანეთს და მე მათ მივმართავ - გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ის მილიარდები, რაც დესტაბილიზაციისთვისაა განკუთვნილი, ხალხს მოახმარონ. ამ ორმა მხარემ, ხელისუფლებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ, უნდა გამონახოს საერთო ენა და აღკვეთოს საქართველოში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება.

ეს შესაძლებელია?

- კი, თუმცა ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ სააკაშვილს ხელეწიფება.

მაგრამ ის არ აღკვეთს...

- მართალია, ივანიშვილმა, თავის დროზე სააკაშვილი დააფინანსა, როცა ის სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, მაგრამ ივანიშვილს ერთი რამ შეუძლია - გაიღოს ფინანსები, სააკაშვილს კი გადატრიალების მოწყობაც შეუძლია და მისი აღკვეთაც. ნახეთ როგორ გააქტიურდა, სარფში ჩამოვიდა, თავისი ყოფილი მთავრობის სხდომა გამართა, იახტით გაისეირნა, ალბანეთის პრემიერს შეხვდა და იმუქრება კიდეც. ვაფრთხილებ ხელისუფლებას - გვერდზე გადადონ შიდა კინკლაობა და მიხედონ სააკაშვილს. მის ასეთ გააქტიურებას სერიოზული საფუძველი აქვს! თუ არ მიხედავენ, ძალიან მალე დაიწყება ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რაზეც პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება!

სააკაშვილისგან ხშირად გვსმენია, სად არის მილიარდები, რომელსაც მედავებიანო? სად არის თქვენი ინფორმაციით?

- ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც სააკაშვილთან ერთად იპარავდა ბიუჯეტის ფულს და ერთად აკეთებდნენ მილიარდებს, ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახური ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდია. 2007 წლის შემდეგ, სააკაშვილი კიდევ 5 წელი იყო ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ რამდენი ექნება. ამერიკულ ბანკებში აქვს შენახული.

ბატონო სოსო, ფინანსთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნას დააყენებენო, ზემოთ თქვით. ამ სქემაში რა შუაშია ხადური?

- ბიუჯეტში უკვე გარღვევაა, დეფიციტია, რის გამოც დედაქალაქის მერია სესხის სახით იღებს 30 მილიონს, რაც ბიუჯეტის სეკვესტრს გამოიწვევს და მაშინვე დადგება ხადურის გადაყენების მოთხოვნა.

ასე ჭიკაიძის გადაყენებაც მოითხოვეს, მაგრამ ამით რა?!.

- თანამდებობებს ორივე შეინარჩუნებენ, მაგრამ საზოგადოებაში უარყოფით მუხტს გააძლიერებენ. სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოიყენებს, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ასევე ისეთებს, რომლებიც ამერიკის საელჩოსთან საქართველოს ევროპულ არჩევანს აპროტესტებენ. ისინი კარგად დაფინანსებულები არიან სააკაშვილისა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

რით შეიძლება დასრულდეს დესტაბილიზაციის ეს მცდელობა?

- სახელმწიფო გადატრიალებით.

ანუ "ნაციონალებს" კვლავ უნდა ველოდოთ - უკან, ხელისუფლებაში?

- აბა, რა?! დაბრუნდებიან ამა თუ იმ ფორმით. სავალდებულო კი არ არის, მაინცდამაინც სააკაშვილი დაბრუნდეს?! დააკარგვინებენ უმრავლესობას პარლამენტში "ქართულ ოცნებას" და ეგაა. "რესპუბლიკური პარტია", რომელიც სააკაშვილის ფარი და მახვილია, დიდი სიამოვნებით დასთანხმდება და გადაბარგდება "ნაციონალების" ბანაკში. იგივეს გააკეთებს ალასანიას გუნდი, თავისი სამინისტროთი, ანუ მოქმედ პარლამენტში დაკარგავს ღარიბაშვილი უმრავლესობას.

ბატონო სოსო, გასაგებია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება ხმათა უმრავლესობა პარლამენტში და ამიტომ თქვენ მიერ ჩამოთვლილ ძალებს, ისინი, სიამოვნებით მიიღებენ მათ რიგებში, მაგრამ რაში სჭირდება "რესპუბლიკურ პარტიას" ან ალასანიას გუნდს "ნაციონალების" გვერდით დგომა?

- მათ ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებთ და არ გაუჭირდებათ. ამ ძალებს არ გაუჭირდებათ სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა, საპარლამენტო გადატრიალებას ვგულისხმობ. გადააყენებენ ამჟამინდელ მთავრობას და მოვა ახალი მთავრობა, სადაც ვიხილავთ "რესპუბლიკურ პარტიას", "ნაციონალურ მოძრაობას" და ირაკლი ალასანიას გუნდს.

საბოტაჟი ახსენეთ, კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით რაც ხდება, ამასაც საბოტაჟს უკავშირებთ?

- თავისთავად. ციხიდან გამოსული კრიმინალების წახალისება ხდება, მათი გააქტიურება და დაფინანსება, რომ კრიმინალმა მოიმატოს და ეს გაშუქდეს მერე "რუსთავი 2"-ით და სხვა მედიასაშუალებებით. ხალხში შიში უნდათ დათესონ, რომ ხალხს მიშა სააკაშვილი და მისი მეცოცხეების ქმედებები მოენატროს.

შეიძლება იმ დონეზე წაახალისო დამნაშავე, რომ მან მკვლელობა ჩაიდინოს?

- შეიძლება. საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ, მათ შორის მკვლელობას. დაავალებენ, მისცემენ დიდ ფულს, ის ჩაიდენს დანაშაულს. აბა რისთვის უნდა დაიხარჯოს ის მილიარდი?!  სწორედაც კრიმინალების წახალისებაში!

"15-წლიანზე" ფულის გამო "წავა" ვინმე?

- როგორ არა? თან დაჰპირდებიან, რომ ხელისუფლებაში როგორც კი მოვლენ, გაათავისუფლებენ.