პარასკევი. მაისის 4. სახელმწიფო პირველ კონსერვატორიის დარბაზი.
სპარსეთში მოსახლე ქართველობაზე მოხსენებები წაიკითხეს: ბატონმა ზ. ჭიჭინაძემ და სპარსეთიდან - ფერეიდანიდან ჩამოსულმა ქართველმა სეიფოლა იოსელიანმა.
საღამო ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. დამსწრეთა წინაშე ერთხელ კიდევ გადაფურცლა ზ. ჭიჭინაძემ ჩვენი ისტორიის ცოდვიანი სტრიქონები, და მით უფრო აღმაფრთოვანებული და თან ათასგვარ ფიქრების აღმძვრელი იყო ქართველ საზოგადოებისათვის მოესმინა სიტყვა იმ ქართველთა ძმისა, რომელიც საუკუნეებმა მოგვწყვიტა თვალთაგან.
სეიფოლა იოსელიანის გამოსვლა მხურვალე ტაშის ცემას იწვევს დამსწრე საზოგადოებაში, რომელიც ძველი ქართული ენით, იმ ენით, რომელსაც არ აუცრია რუსული აკადემიის სენი, უამბობს დამსწრეთ იმ საშინელ სურათებს, რომელიც განიცადა ქართველობამ სპარსეთში შაჰაბაზის მიერ ტყვედ წაყვანილმა.
ჩვენმა მამაპაპათ, ამბობს იოსელიანი, იდუმალი ცნება დასტოვეს, რომელიც გადმოდიოდა შთამომავლობაზე - დადგება დრო საქართველო გაიმარჯვებსო.
ეს ანდერძი იყო ჩვენი მაცოცხლებელი, ჩვენი ეროვნული სიამაყის აღმზრდელი და აი სამი ოთხი წლის წინად ჩვენ ფერეიდანში მივიღეთ ცნობა რომ საქართველომ გაიმარჯვა. რომ საქართველოს დროშა ფრიალებს ჩვენს სამშობლოში და მას შემდეგ „ჩონი გული აღარ ჩერდების იქ სპარსეთში, ჩონ გვინდა დავიჭიროთ ხელში საქართველოს დროშა, გადმოვლახოთ სპარსეთის საზღვრები და დაუბრუნდეთ ჩონ კერასო“.
იგი მოითხოვს დახმარებას. იქ სადაც ჩვენ დაგვასახლეს, სპარსელები იმ ადგილებს საქართველოს უწოდებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით სად არის საქართველო და ქართველებს საქართველოსკენ მოგვიხარიანო.
დაუსრულებელი ტაშის ცემაში იკარგება მისი უკანასკნელი სიტყვები. მოქალაქე ბილანიშვილი აცხადებს საჯაროთ, რომ იგი ნიშნავს ორ სტიპენდიას სპარსელ ქართველთა შვილების აღსაზრდელად ტფილისში, რომ იგი იზრუნებს მათთვის როგორც შვილთათვის და მიაღებინებს საშუალო განათლებას.
შემოდის წინადადება დარბაზშივე გაიმართოს ხელის მოწერა სპარსეთში გადახვეწილ ქართველთა დასახმარებლად. აგრეთვე პ. იაშვილის წინადადებით დამსწრე საზოგადოება აარსებს სპარსელ ქართველთა დამხმარე კულტურულ კომიტეტს. საორგანიზაციო კომიტეტში ირჩევენ: პავლე საყვარელიძეს, იასონ ლორთქიფანიძეს, ვასილ გაბაშვილს, მ. ლაღიძეს და ზ. ჭიჭინაძეს.