ალტერნატიული სტრატეგიები

ალტერნატიული სტრატეგიები

კომპიუტერულ თამაშთა შორის ერთ-ერთი დიდი ადგილი უკავიათ ე.წ. ”სტრატეგიებს”. დღევანდელი ქართული პოლიტიკა სწორედაც რომ სტრატეგიების ომია, და, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწადში ორი ძირითადი ალტერნატიული სტრატეგიული განვითარებაა მოსალოდნელი.

ეს ალტერნატივებია:

ა) ხისტი სტრატეგია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ – ”მოგებულს ყველაფერი რჩება”.

და

ბ) რბილი სტრატეგია, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც – ”თანაარსებობა განიარაღების ფასად”.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმის არჩევანი, რომელი გზით წავა განვითარება, არა – ”ქართულ ოცნებას”, არამედ, ოპოზიციაში მყოფ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. ეს პარადოქსი კი მარტივად აიხსნება. სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უპყრია ხელთ გარკვეულწილად ”მასობრივი განადგურების იარაღი” და სწორედ იმაზე, მოისურვებს თუ არა მისი ლიდერი, რომ განიარაღების პროცესი დაიწყოს, დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად, საქართველოს პოლიტიკური განვითარება 2013 წელს ხისტი გზით წავა, თუ – კომპრომისული ვარიანტით.

ხისტი სტრატეგია

საქართველოს ოპოზიციონერ პრეზიდენტს, ჯერ – ლაზიკაზე და ახლა -კოჰაბიტაციაზე მეოცნებე მიხეილ სააკაშვილს, სპეციალურად მისთვის გამოჭრილ და შეკერილ კონსტიტუციაში აქვს ერთი საოცარი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც მე WMD-დ – ”მასობრივი განადგურების იარაღად” – შევრაცხე.

ეს იარაღი ისაა, რომელზეც სულ უფრო მეტად ლაპარაკობენ ქართველი ექსპერტები, და რომელიც კოჰაბიტაციისაკენ მომწოდებელ დასავლელ პოლიტიკოსებს ან ავიწყდებათ, ან, საერთოდ, არც კი გაუგიათ.

აი, ისიც: 1-დან 30 აპრილამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ყოველგვარი განსაკუთრებული წინაპირობის გარეშე, დაშალოს საქართველოს მთავრობა, დაითხოვოს პრემიერ-მინისტრიც და ძალოვანი მინისტრებიც და საკუთარი კანდიდატურები შესთავაზოს პარლამენტს.თუ პარლამენტი პრეზიდენტის კანდიდატურებს სამჯერ უარყოფს, ამით საკუთარ განაჩენსაც მოაწერს ხელს, რადგან პრეზიდენტს შეეძლება პარლამენტიც დაითხოვოს და 2 თვეში ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. თუ წარმოიდგენთ, რომ ამ არჩევნებს ჩაატარებს ზურაბ ხარატიშვილის მიერ მართული საარჩევნო კომისია, ხოლო ქვეყანაში ამ დროს სამართალს კუბლაშვილები, ძალოვან უწყებებს – მერაბიშვილი, ფინანსებს – ეროვნული ბანკის ქადაგიშვილი და აუდიტს – მოგელაძე აღასრუ;ლებს, საკმაოდ დიდი ალბათობით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არჩევნები ყველაზე უფრო საშინლად გაყალბებული იქნება და ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის დაპირებულ ჯადოქრობას განახორციელებს და დასავლეთს მოთხოვს, როგორც ადრე „არ შევუშალე ხელი“ ივანიშვილს გამარჯვებაში, ისე ახლა ქართულმა ოცნებამ გადმომაბაროს ხელისუფლება და დაამტკიცოს, რომ საქართველო ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა გახდაო (1 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის უპირველესი ლოზუნგი ხომ ესაა: – „ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყანაში ზედიზედ ორჯერ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება!“ )

რა თქმა უნდა, მსგავსი გამარჯვების მოპოვება მხოლოდ გაყალბებით შეუძლებელი იქნება, ამჟამინდელ ოპოზიციას დასჭირდება, ამჟამად IRI-ის მიერ 13%-ის დონეზე არსებული საცოდავი რეიტინგი სულ ცოტა 35%-მდე ასწიოს, რომ მერე დაახლოებით 15% ვანოს, კუბლაშვილების, მოგელაძის და მსგავსი „რესურსების“ გამოყენებით 50%-ს აააცილოს და ნანატრი გამარჯვება მოიპოვოს. ამიტომ დამატებით ნაციონალური მოძრაობა უკვე ახორციელებს თავის პროპაგანდისტულ და საბოტაჟის კამპანიებს.

პროპაგანდისტული მიმართულება ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ყველანაირად ცდილობენ დანერგონ აზრი: „ ეს (ივანიშვილის) მთავარობა დროებითი მთავრობაა! ჩვენ მალე დავბრუნდებით!“

ხოლო საბოტაჟის კამპანია ჯერჯერობით ჩანასახოვან მდგომარეობაშია. არაა გამორიცხული, რომ უკვე დაწყებულ „კრიმინალი მოდის!“ და „ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობა მძვინვარებს!“ პროპაგანდისტულ ლოზუნგებს და აქციებს დაემატოს შემდეგი მიმართულებები:

ა) ვალუტის კურსის მკვეთრი მერყეობა და საბანკო კრიზისი;

ბ) ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვები (სიცივეების სეზონის დადგომისას!);

გ) სურსათის იმპორტის მოულოდნელი შეწყვეტა და სასურსათო კრიზისი;

დ) საპორტო და სარკინიგზო გადაზიდვების შეფერხებები;

ე) საელჩოების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე საბოტაჟი და ანტისამთავრობო პროპაგანდა

ვ) უცხოელი მოქალაქეების მიმართ კრიმინალური ქმედებების გახშირება…

ზ) და ყველაზე მძიმე – დივერსიები ენერგოსისტემებზე, საზღვრებზე, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში და სამცხე-ჯავახეთში.

ყველა ამ მიმართულებით რეალური საბოტაჟი შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური და მასშტაბური არც კი იყოს, მაგრამ იქნება დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული ზეძლიერი ტალღის ახალი აზვირთება. ამაში ჩაერთვება თამარ ჩერგოლეიშვილის „ტაბულა ტვ“-ც და უცხოეთში არსებული ლობისტური კომპანიები და გულუხვად დაფინანსებული შიდა თუ უცხოური მედია! წარმოიდგინეთ, რომ იმერეთის რამდენიმე სოფელში დენის რამდენიმესაათიან გათიშვას მოჰყვება ასეთი სათაურები – „იმერეთი ტოტალური უშუქობის კოშმარში!“ „დასავლეთ საქართველოში უდენობის გამო ბავშვების სიკვდილობა კატასტროფიულად მატულობს!“

ან ასეთი სათაური მედიაში: „კონფიდენციალური ინფორმაციით ნატოში საქართველოს ელჩი გააფრთხილეს, რომ ალიანსი მალე საქართველოსთან კავშირს გაწყვიტავს!“

ან კიდევ ეს: „ როგორც ჩვენი წყარო ადასტურებს, მაგისტრალური გაზსადენი საქართველო-აზერიბაიჯანის საზღვართან აფეთქდა. სავარაუდოდ, საქართველოს გაზის მხოლოდ 4-საათიანი მარაგი დარჩა! ის დროა, ყველამ ნავთი მოიმარაგოს!“

ამ მასირებული „მოდელირებული ქრონიკების“ ფონზე, როცა ყოფილი რეჟიმის მომხრეების მიერ ორგანიზებულ ერთეულ საბოტაჟის თუ დივერსიის ფაქტებს, ან – ახალი მთავრობის ზოგიერთი სუსტი რგოლის შესაძლო უგულიყურობის ფონზე მართლაც მომხდარ ერთეულ ავარიას – 10-ჯერადი ან 100-ჯერადი გაბუქების მედია კამპანია და უცხოეთში კარგად ორგანიზებული ექო-გამოძახილები მოჰყვება, პრეზიდენტი სააკაშვილი მსოფლიო ტურებს მოაწყობს და სულ უფრო შეშფოთებული სახით ნაღვლიანი თავის ქნევით გაიმეორებს: „მეგონა, უკეთ გაართმევდნენ თავს! სხვა რა გზაა, ალბათ ჩარევა მოგვიწევს! ხალხის გასაჭირს და უბედურებას შორიდან ვერ დავაკვირდები!“

თუ ამას მასირებულ პიარ-პროპაგანდას, საბოტაჟს და დივერსიისა და უნიათობის შესაძლო ცალკეულ ფაქტებს იმასაც დავამატებთ, რომ პარლამენტის შენობების დანგრევით/აბსურდული დაგეგმვით, ხაზინაში მხოლოდ 200 მილიონის დატოვებით, კატასტროფული კრედიტების აღებით და ქვეყნის მატერიალური რესურსების თბილისის თუ სხვა თვითმმართველობებში სერიოზული გადაქაჩვით ნაციონალურმა მოძრაობამ იმდენად მძიმე ფინანსური მემკვიდრეობა დატოვა, რომ ქართულ ოცნებას პრაქტიკულად შანსი არ აქვს მის მიერ დაპირებული სოციალური პროგრამების დიდი ნაწილი პირველ წელს სრულად განახორციელოს, არაა გასაკვირი, რომ ქართული ოცნების რეიტინგი მართლაც შემცირდეს და 2013 წ. აპრილისათვის, როცა მიხეილ სააკაშვილს თავისი WMD გამოყენების შანსი გაუჩნდება, მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბოს.

სრულიად გასაგებია, რომ ქართული ოცნება – ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა ნაცმოძრაობის მიერ გათამაშაბულ ამ ფარსს სათანადო კონტრსტრატეგიას დაახვედრებს, რომელსაც ბავშვობიდან მეხსიერებას შემორჩენილი ფილმის სახელი შეიძლება მოერგოს კარგად:

„დაასწარ დარტყმა, ფრედ!“

რა თქმა უნდა ეს სტრატეგია გულისხმობს კონტრპროპაგანდას – როგორც ქართული, ისე უცხოური საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმაზე, თუ რატომ არიან დაკავებული ნაცმოძრაობის ლიდერები, რომელთაც კონკრეტულ კრიმინალურ ქმედებებზე აქვთ ბრალი წარდგენილი… ან იმაზე, რატომ დაიწყო ასე გამიზნულად კონფლიქტები რელიგიურ ნიადაგზე… რატომ ხდება, რომ მანქანებს გამიზნულად აზიანებენ, მაღაზიებს ტეხავენ, უცხოელებს თავს ესხმიან – და ყოველივე ამას ძალიან მცირე ეკონომკური საფუძველი აქვს – დანაშაულის უმრავლესობა დანაშაულისთვის ხდება და არა კონკრეტული ფულადი ინტერესის გამო…

ასევე აუცილებელი იქნება პოლიციაში, საფინანსო თუ ენერგეტიკულ სფეროში მოკალათებული მიშისტი საბოტაჟისტების გამოვლენაც… ოღონდ ეს ყველაფერი დასაბუთების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს მხოლოდ

ასევე აუცილებელია მოდელირებული სიუჟეტების მხილება, ოღონდ ამან ცენზურის ხასიათი არ უნდა მიიღოს…

მაგრამ რამდენადაც მთელი ამ სტრატეგიის მთავარი ელემენტი სწორედ რომ სააკაშვილის ხელში აპრილისათვის გადანახული ის ჯადოსნური ჯოხია, ამიტომ მთავრობის ძირითად სტრატეგია სწორედ ამ მასობრივი განადგურების იარაღის ნეიტრალიზაცია უნდა იყოს! თუ სააკაშვილი ამ იარაღისაგან განიარეაღდება, ნაცმოძრაობის ხისტი, აგრესიული სტრატეგიის სხვა ელემენტებიც ლამის თავისთავად ნეიტრალიზდება.

სააკაშვილის განიარაღების ორი მეთოდი მის იმპიჩმენტს, ან საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე – აპრილამდე განხორციელებას გულისხმობს. იმპიჩმენტი, უფრო სწორხაზოვანი ტაქტიკაა და უცხოეთში მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქმე ოქტომბერში ისედაც განსახორციელებელი საკონსტიტუტციო ცვლილებების უფრო ადრე გადმოტანას შეეხება, ეს ალბათ უფრო დახვეწილი ტაქტიკაა და ივანიშვილმა აშკარად მიანიშნა, რომ ახლა ეს ვარიანტი უფრო მისაღებად ეჩვენება.

ამ ვარიანტის ყველაზე დახვეწილი ტაქტიკა გულისხმობს იმ საკონსტიტუციო მუხლზე აპელირებას, რომლიც მიხედვითაც პრეზიდენტი 5 წლით ირჩევა და სააკაშვილისთვის ეს ვადა 2013 წლის 20 იანვარს გადის. მართალია, მეორე მუხლით ისიცაა აღნიშნული, რომ საქართველოში, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს (რაც მართლაც ძალიან კარგი პერიოდია – არც ქარბუქი ან ყინვა გაართულებს ამომრჩეველთა აქტივობას და არც – საზაფხულო შვებულებებისას კურორტებზე გახიკულ ადამიანთა მასები), მაგრამ გადაულახავ წინააღმდეგობად ესეც არ ჩანს. ჯერ ერთი გამონაკლისის წესით, შეიძლება შეცვლილი უფლებამოსილების პრეზიდენტის არჩევნები პირველად ოქტომბრამდე ჩატარდეს, ხოლო უფლებამოსილების პერიოდი 5 წელზე ნაკლები აღმოჩნდეს – 2017 წლის ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი რეგულარულ 5-წლიან პერიოდად ჩამოყალიბდება. ხოლო მეორე გამოსავალი კი ის იქნება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ჩასწორებასთან ერთად ის შესწორებაც მიიღოს, რომ მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი უკვე შემცირებული უფლებამოსილება 2013 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდეს… ჯადოსნური ჯოხის გარეშე ხომ იგი უკვე თავის საფრთხეს დაკარგავს…

ამდენად, ქართული ოცნების უმრავლესოვის ხისტი პასასუხო სტრატეგიის მთავარი ტაქტიკური ღერძი საკმაოდ ნათელია – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და საკონსტიტუტციო ცვლილებების 2013 წლის 1 აპრილამდე ამოქმედება.

ორივე მხარეს ძალიან სჭირდება, რომ მომხრეებში იმედი გააღვივოს და მოწინააღმდეგეებში იმედი ჩააქროს. სწორედ ამიტომ არის ეს სტრატეგია ხისტი და იგი ჯერ კიდევ დაუმარცხებელი მოწინააღმდეგის მიმართ რაიმე ლოიალობას ფაქტიურად გამორიცხავს. ყოველგვარი საუბრები კოჰაბიტაციაზე – აბსოლუტურად უაზროა. არავინ არ დაიჯერებს კოჰაბიტაციის რეალობას იმ მოწინააღმდეგესთან, ვისაც ხისტი სტრატეგია აქვს შენს გასანადგურებლად და ვინც ამ დევიზით მოქმედებს – „გამარჯვებულს ყველაფერი რჩება“. ამიტომ ქართული ოცნების მიმართ ნაცმოძრაობის მხრიდან ნამუსზე შეგდების მცდელობა, რომ ამორალურია თურმე საკრებულოებში ძალაუფლების გადაბარების არსებული რეალობა, რომ პოლიციამ თურმე უნდა დაიცვას გამგეობების მუშაობის უბიწოება, რომ სამეგრელოს პოლიციის უფროსის (და ხალხის დამტერორებლის) თენგიზ გუნავას ნარკტიკებზე და ბენზინის ტალონებზე დაკავება გაუმართლებელია და რომ უფლებადამცველი (და ექს-ზონდერი) გიორგი ონიანი ამის წინააღმდეგ მთელი თავისი სისპეტაკით იბრძოლებს – უაზროა. ნაცმოძრაობის არც, უსამართლო და კრიმინალური წარსული, და არც არსებული აწმყო (სააკაშვილის ჯიბეში სააპრილოდ გადანახული შენელებული მოქმედების მაგრამ მასიური განადგურების იარაღი), არ იძლევა ლოიალობის მინიმალურ საფუძველს!

რბილი სტრატეგია

უცანაურია, მაგრამ რბილი სტრატეგია ლამის იგივე ჯაჭვს გულისხმობს, რასაც ხისტი, ოღონდ – მოქმედი პირების გაცვლით. რბილი სტრატეგიის ამოსავალი პუნქტი ის იქნება, რომ ნაცმოძრაობა უნდა განაირაღდეს! მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა განაცხადოს უარი მის მიერ სათუთად გადანახულ ჯადოსნურ იარაღზე და თავად მოითხოვოს პარლამენტის მიერ ახალი საკონსტიტუტციო ცვლილებების დროზე ადრე ამოქმედება! ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას აღარ ექნება იმ რეალური საფრთხის განცდა, რაც დღეს არის და სავარაუდოდ, მისი მოქმედებაც გაცილებით ნაკლებ ხისტი გახდება:

- თუ პრეზიდენტს აღარ აქვს აპრილში მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა, მაშინ აზრს კარგავს პრეზიდენტის ნაადრევი იმპიჩმენტიც და თვითმმართველობების გადმობარებაც. მართალია ეს პროცესი ალბათ, მაინც გაგრძელდება (ადგილზე იქაური მოსახლეობის მხრიდან თვითთმართველობის კადრების ცვლის სურვილის გამო), მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკეთ შეეძლება გაემიჯნოს ამ პროცესებს და თუ ძალდანტანება აშკარად არღვევს ორგანოთა საქმიანობას, პოლიციაც ალბათ მოახარხებს ამ პროცესებს საზღვარი დაუწესოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს.

- არ არის გამორიცხული, რომ ბურჯანაძისეული „დენაციფიკაციის“ პოლიტიკა აღარ განხორციელდეს. მიხეილ სააკაშვილის და რამდენიმე უმაღლესი თანამდებობის პირის პოლიტიკური მომავალი ჩემთვის უაღრესად სათუოდ რჩება (თუ ციხეს გადარჩებიან, მადლობელნი უნდა იყვნენ), მაგრამ თავად ნაციონალურ მოძრაობას, ჩემი აზრით, მიეცემა შანსი, რომ პოლიტიკურ პარტიად დარჩეს. თუმცა რებრენდინგი მაინც რომ დასჭირდებათ, ამას უკვე თავადაც კარგად ხვდებიან.

- თუ ზემოხსენებული ნაბიჯი გაიდგმება ნაცმოძრაობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელია, რომ დასავლეთი მართლაც ხისტად დააყენებს კოჰაბიტაციის მოთხოვნას და არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის რაიმე ტიპის გარანტიების მოთხოვნაც დადგეს ან ღიად, ან (უფრო სავარაუდოდ) – კონფიდენციალურად.

როდესაც ზემოთ სააკაშვილის ხელში არსებულ ჯადოსნურ ჯოხს „მასობრივი განადგურების იარაღი“ ვუწოდე, რა თქმა უნდა აქ გარკვეული დოზით ხუმრობა იყო ჩადებული, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დოზით.

რადგან თუ მიხეილ სააკაშვილი მართლა გადაწყვეტს ამ იარაღის ამოქმედებას, ნაცმოძრაობის ჯერ კიდევ მოდელირებაში მოფარფატე სტრატეგებს უნდა ესმოდეთ, რომ შიშის ბოთლიდან გამოსული ხალხის უკან ჩაბრუნება ძალიან ძნელი იქნება! ვინემს წარმოუდგენია, რა მოჰყვება საპრეზიდენტო ბრძანებას, რომ შსს მინისტრად ისევ მერაბიშვილი, ხოლო თავდაცვის მინისტრად ისევ ახალაია (სავარაუდოდ – დათა) ან გიგა კალანდაძე ინიშნება? თუ არ წარმოგიდგენიათ, მინდა იმედი გაგიცრუოთ – შანსი იმისა, რომ ეს ბრძანებულება მეყსეულად შესრულდება, ძალიან მცირეა და შეიძლება მივიღოთ სრულად კატასტროფული მდგომარეობა, როცა პოლიციის ნაწილი “ქართული ოცნების მთავრობის ერთგული დარჩება, ხოლო ნაწილი სააკაშვილის ბრძანებების შესრულებას დაიწყებს! ასეთივე კატასტროფა შეიძლება მოხდეს ჯარში, რომლის ცალკეულმა ნაწილებმა შეიძლება ერთმანეთის მიმართ საბრძოლო ქმედებები დაიწყონ…

და ამიტომ, სრულიადაც არ არის სახუმარო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მართლად მასობრივი განადგურების იარაღი აღმოჩნდეს, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე – ქართველების მასობრივი განადგურების უნივერსალური იარაღი!

თუმცა რამდენად ესმით ეს ნაცმოძრაობის დღევანდელ ლიდერებს, ამის ანალიზი მომავლისთვის გადავდოთ…

მოქმედი პირებიც და სათაურიც უკვე მოფიქრებულიც მაქვს:

„უკანასკნელი მიხუკანები“